მარიამ ნებულიშვილი
16.07.2020

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება. 15 ივლისს საზღვართან, სადაც შეტაკებები პერმანენტულად მიმდინარეობს, შედარებით სიმშვიდე იყო. ხუთშაბათს დილით კი აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა განცხადება, რომ დაპირისპირება კვლავ განახლდა. „კონფლიქტის მშვიდობიანად და მალე მოგვარების დიდი იმედი არ მაქვს, დაპირისპირებამ მიიღო უკვე დაბალი ინსტენსივობის სამხედრო კონფლიქტის სახე", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სოფლების: აგდამის, დონდარ გუშჩუსა და ვაჰიდლის მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღითა და საარტილერიო დანადგარებით ცეცხლი გახსნეს. არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა, აღნიშნული მიმართულებით ბრძოლა გრძელდება," - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

მაისაიას თქმით, მთავარია, რომ დაპირისპირებამ ლოკალური ომის სახე არ მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კავკასია რეგიონული ომის საშიშროების წინაშე დადგება.

„კონფლიქტის მშვიდობიანად და მალე მოგვარების დიდი იმედი არ მაქვს, დაპირისპირებამ მიიღო უკვე დაბალი ინსტენსივობის სამხედრო კონფლიქტის სახე. ასეთი ცნება არსებობს, როდესაც კონფლიქტი პერმანენტულ ხასიათს იღებს. გუშინ, მართალია დროებითი დაზავება იყო, მაგრამ დილიდან განახლდა საბრძოლო მოქმედებები. ახლა მთავარია ლოკალური ომის სახე არ მიიღოს ამ კონფლიქტმა. სიტუაცია რთულია, ორივე მხარე მობილიზირებლია დიდი რაოდენობის სამხედრო ძალა.

„ყველა ელოდება, როგორ განვითარდება სიტუაცია, რომელიც უკვე ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის. ქვეყნებმა გადალახეს უკვე ზღვარი. კონფრონტაციის გზით მიდიან. მთავარია, რომ ეს გზა არ გადაიზარდოს ლოკალურ ომში. კონფლიქტს გააჩნია სამი სახე, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც ახლა იმყოფება სომხეთი და აზერბაიჯანი; ლოკალური ომი, როდესაც ორი დაპირიპირებული ქვეყანა აცხადებს სრულ სამხედრო მობილიზაციას, და რეგიონალური ომი, როდესაც ქვეყნების მხარეს მათი სტრატეგიული მოკავშირეები გამოდიან. რისი რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ", - ამბობს მაისაია.

მაისაია ამბობს, რომ ორივე ქვეყნის საზოგადოებაში ომის სურვილი არსებობს, რასაც ადასტურებს 14 ივლის აზერბაიჯანში გამოსვლები. მოქალაქეებმა არმიის მხარდამჭერი აქცია გამართეს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ სიტყვებს „ყარაბაღი ჩვენია", „დიდება არმიას", „მთავარსარდალო, გამოაცხადე მობილიზაცია". ექსპერტის თქმით, ამან შესაძლებელია სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს.

„თუ ლოკალური კონფლიქტი დაიწყო, მაშინ „ოდეკაბეს" მოუწევს ჩარევა. გარდა ამისა, სომხეთში მოქმედებს რუსულ-სომხური კოალიციური დაჯგუფება, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და დაახლოებით 15 ათას რუს და სომეხ სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს. ჯერ-ჯერობით, ამ კოალიციური შენაერთის სარდალი არის სომეხი ოფიცერი და საომარი მდგომარეობის შემთხვევაში რუსი ოფიცერით უნდა ჩანაცვლდეს.

„ორივე საზოგადოებაში არის ერთგავრი იმპულსური აფეთქებები, ამას დიდი ისტორიაც აქვს. თაობები იზრდებოდნენ ერთმანეთის მტრობაში, ახლა აქტივობა და ომის სურვილი ორივე ქვეყანის საზოგადოებაში მაღალია. პრობლემაა ისიც, რომ შესაძლებელია მათ ინიციატივა ხელში აიღონ და აიძულონ ქვეყნის ლიდერები საომარ მოქმედებებში ჩაერთონ", - გვითხრა მაისაიამ.

რაც შეეხება საქართველოს როლს, მან ქართულ მხარეს მოუწონდა გამოვიდეს სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების ინიციატივით.

„მოვუწოდებ ქართულ მხარეს გამოვიდეს ინიციატივით, რომ საქართველოში, თბილისში გაიმართოს სამშვიდობო კონფერენცია, სადაც ისაუბრებს ორივე მხარე და შეეცდება ამ საკითხების მოგვარებას", - აღნიშნა მაისაიამ „რეზონანსთან".

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 4 დღის წინ განახლდა. ამჯერად საომარი მოქმედებები სახელმწიფო საზღვართან სომხეთის ტავუშის და აზერბაიჯანის ტოვუზის რეგიონში მიმდინარეობს. ოთხშაბათ საღამოს მონაცემებით დანაკარგი 16 ადამიანს შეადგენს.

აშშ, ეუთო და რუსეთი მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას ურჩევენ. ისინი გმობენ ძალადობას და სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ლაპარაკისკენ მოუწოდებენ. ოფიციალურმა ანკარამ მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს, რაზეც 15 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა. მათი თქმით, თურქეთი ამ მიდგომით საფრთეს უქმნის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების პროცესს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×