„კარგია, თუ დარწმუნდნენ, რომ ტურიზმით ეკონომიკას ვერ განავითარებ"
ნინა გარდაფხაძე
16.07.2020

დიდი სტაგნაციის შემდეგ, ქართულ ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება. ამაზე, მთავრობის პირების ოფიციალური განცხადებების გარდა, რიცხვებიც მეტყველებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17.8%-ით არის გაზრდილი უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები - საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი. 

16 ივნისის მთავრობის სხდომა პრემიერმა ეკონომიკური საკითხებით დაიწყო. გიორგი გახარიას მტკიცებით, გარკვეული პოზიტიური ნიშნები ქვეყნის ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი.

„პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომი სწრაფი აღდგენის მიზნით. დღეს აშკარაა, რომ ჩვენ, მთავრობა და სამინისტროები ამ სტაბილიზაციისთვის უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობა აშკარად არის გაზრდილი. ისევე როგორც ფინანსურ სექტორში, მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლებისა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. 

ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად, მოახერხა და დღესაც ახერხებს ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის ეკონომიკური სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები. როგორც ხშირად ვამბობდით, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვირუსის რისკების ეფექტური მართვა ერთადერთი და უპირველესი პირობაა იმისთვის, რომ შემდგომ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა გახარიამ.

ქართული ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ფულად გზავნილებზე, რომელიც, პანდემიის დროს  მასშტაბური შემცირების შემდეგ, ნახტომისებურად გაიზარდა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ივნისში ფულადი გზავნილების 17.8%-იან ზრდასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტია, რის გამოც წელს, სავარაუდოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა არ იქნება ისეთი დიდი, როგორიც ეს პანდემიის დასაწყისში იყო ნავარაუდევი.

„ივნისში ფულადი გზავნილები, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა. დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორიც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს. 

რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, მაშინ, როდესაც აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, ხოლო მაისში კლების ტემპმა იკლო და 9.6% შეადგინა, ივნისში კლება უკვე ზრდით შეიცვალა და ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების მატება", - აღნიშნა გვენეტაძემ.

ფულადი გზავნილების მატებას განსაკუთრებით პოზიტიურად აღიქვამს კავკასიის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელი სოსო ბერიკაშვილი. იგი ხაზს უსვამს, რომ ზრდაში ყველაზე დიდი როლი ევროკავშირს აქვს და გადმორიცხვების მოცულობამ სწორედ ევროპიდან იმატა. 

,,ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავია. ფულადი გზავნილები ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ივნისში გვაქვს ზრდა. დააკვირდით, მატებაა არა წინა თვესთან, არამედ - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2020 წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, 17,8%-ით გაზრდილია გადმორიცხვები. კარგი ამბავი კიდევ ისაა, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის წილის ზრდის ხარჯზე ხდება (ევროკავშირიდან 24% არის ზრდა). პირველ ადგილზე ისევ რუსეთია, თუმცა რუსეთის წილი მცირდება“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა. 

პოსტპანდემიურ პრიოდში ეკონომიკური გაჯანსაღების იმპულსებს ხედავს ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე. როგორც მან ,,რეზონანთან“ საუბრისას აღნიშნა, კოვიდ-19-მა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ტურიზმზე სტრატეგიის აწყობა არასწორია. 

,,ძალიან ნელ-ნელა, თუმცა ფსკერიდან მაღლა წავიდა ქართული ეკონომიკა. დაახლოებით ისე, როგორც მანქანა დაქოქვის დროს მაშინვე მაღალ სიჩქარეს ვერ ავითარებს, თუმცა ეს პროცესი ფაქტია, დაიწყო. კარგი ინდიკატორია რესტორნები, სადაც ადგილები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები არ გვყავს. ეს იმას  ნიშნავს, რომ ხალხს ფული გაუჩნდა.

მართალია, გლობალური რეცესიის ფასად, თუმცა საქართველო დარწმუნდა, რომ ტურზმით ეკონომიკას ვერ განავითარებ და ამის კარგი მაგალითი ის ქვეყნებია, რომლებიც დეფოლტამდე მივიდა, მაგალითად: საბერძნეთი, ესპანეთი და ა.შ.  ახლა ამუშავდა ნელ-ნელა სოფლის მეურნეობა,  გადამამუშავებელი მრეწველობა და სამშენებლო სექტორი, რაც უდავოდ ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გაჩნდა დადებითი იმპულსები“, - განუცხადა თვალჭრელიძემ ,,რეზონანსს“. 

2020 წლის მაისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 9.6 პროცენტით შემცირდა და 131.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 33.7 პროცენტით - 13.6 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, ივნისში კი მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×