ელზა პაპოშვილი
16.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ყოველ დღიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმე ცალკე გამოყო და ყველა მოწმის ჩვენება გაასაიდუმლა. შესაბამისად ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. რა ტაქტიკა აირჩია გამოძიებამ და 10 დღის განმავლობაში სასამართლომდე რა სახის მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს. 

პარალელურად, შსს-ში დაკითხვების სერია გრძელდება, თუმცა უმძიმეს ტრაგედიას განზარხ მკვლელობის მუხლით კონკრეტული ბრალდებული ჯერ ისევ არ ჰყავს. საგამოძიებო უწყებაში, ხუთშაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ ახალგაზრდებს, რომელებიც 19 ივნისის ღამეს, საბედისწერო წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ცნობილია, რომ ხელახლა გამოიკითხებიან იუბილარის, ანი გაბეჩავას მეგობრები გოგონები, მათ შორის მარიამ ხატისკაცს. 

გიორგი შაქარაშვილის მეგობარი და ერთ-ერთი მოწმე დაკითხვაში ახსენებს მარიამ ხატისკაცსა და გიორგი შაქარაშვილს შორის არსებულ გარკვეულ პირადი სახის ურთიერთობას. მოწმე იხსენებს იმასაც, რომ გურამ ამირხანაშვილმა მას უთხრა, რომ ის მანქანაში იძულებით ჩასვეს და თბილისში მისი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს. 

რაც შეეხება განზრახ მკვლელობით კვალიფიკაციის შეცვლას და გამოძიების წარმართვას, ბრალდებულების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ გამოძიებას ამ საქმის ცალკე გამოყოფა მოუწევს, ვინაიდან 31 ივლისს საპროცესო ვადები იწურება. საქმის პირველი სასამართლო სხდომა სწორედ 31 ივნისსაა ჩანიშნული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის მარიამ ხატისკაცის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, შსს-ს მასთან კითხვები სოცქსელთან დაკავშირებით ჰქონდა.

“დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს, მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები”, - განაცხადა ხატისკაცმა. მისივე თქმით, დაბადების დღის წვეულებაზე გიორგი შაქარაშვილი მას არ დაუპატიჟია და არ იცის, ვინ დაპატიჟა. შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ კი ამავე საქმის ერთ-ერთი მოწმისგან გაიგო.

რაც შეეხება კითხვას, რა უთხრა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ ხიდზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხატისკაცმა განაცხადა, რომ ბრეგვაძეს მისთვის „ისეთი არაფერი უთქვამს“. 

ბრალდებულის ადვოკატები კი კითხულობენ სად გაქრა „ოქროს მოწმის“ გური ამირხანაშვილის ჩვენება გიორგი საქარაშვილის საქმიდან, რატომ დაკითხეს მეხუთედ ამირხანაშვილი და რატომ არ დევს საქმის მასალებში მისი გამოკითხვის ოქმი. ადვოკატების განცხადებით, გამოძიება ჩვენების გაქრობას საქმის კვალიფიკაციის შეცვლას უკავშირებს და განმარტავს, რომ რახან გამოძიებას დაემატა სს კოდექსის 109-ე მუხლი, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს, ის ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და ყველა საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის ფარგლებში ადვოკატებისთვის გასაიდუმლოებულია. განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდება სამართალდამცველებს ამ დრომდე არც ერთი დაკავებულისთვის არ წაუყენებიათ.

საქმეში ამ დროისთვის ამირხანაშვილის 4 ჩვენება დევს, თუმცა ის მეხუთედაც დაკითხეს. ადვოკატების თქმით, ჯერჯერობით არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არაა ჩატარებული, რაც 109-ე მუხლით ძიებასთან იქნებოდა კავშირში. ფიქრობენ, რომ 109-ე მუხლით საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა საეჭვო ქმედებაა და საგამოძიებო ორგანოებს არ უნდათ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით მეტი შეკითხვა და კრიტიკა გაჩნდეს. ადვოკატების თქმით, რომ თუ საგამოძიებო ორგანოები არ დაკითხავენ საქმის მოწმეებს, ამას დაცვის მხარეს მოითხოვს ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი სასამართლოს მეშვეობით.  უცნობია, რა ჩვენება მიაწოდა გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებას. ბოლო დღეებში "ოქროს მოწმე" არსად ჩანს. მისი მეზობლებიც კი ამბობენ, რომ არაფერი იციან ოჯახის შესახებ.

ექსპერტიზამ კი, რომელიც საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ არასრულწლოვანს ერთთვიანი დაგვიანებით ჩაუტარდა, მის სხეულზე დაზინებები ვერ აღმოაჩინა. არასრულწლოვანი ამ დროისთვის გლდანის საპყრობილეში იმყოფება, სადაც ექსპერტიზა გამომძიებელთან ერთად ჩაუტარდა. მისი ადვოკატი გიორგი გელხაური „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ექსპერტიზამ თავად ჩათვალა საჭირო, რომ ერთი თვით დაგვიანებით ჩაეტარებინა. 

„თვითონ ზ.მ უპასუხა, რომ არანაირი დაზიანება არ აქვს, ასევე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას არანაირი დაზიანების კვალი არ აქვს სხეულზე, ეს ეხება იმ გარემოებას, სადაც მოხდა აგარაკზე კონფლიქტი, სადაც მოხდა იქ ხიდთან კონფლიქტი და იქიდან ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის დაზიანება სხეულზე. მთავარმა ექსპერტმა ასე ჩათვალა, რომ ალბათ გვიან უნდა დაეთვალიერებინა, ასე ჩათვალა გამოძიებამ, ეს უფრო ძირითადად მათი კითხვებია. თუმცა ის, რომ შესაძლოა, მას რაიმე სახის დაზიანების კვალი მაინც დატყობოდა, ალბათობა ამის დაუშვა ექსპერტიზამ და ამიტომ დაათვალიერეს დღეს მისი სხეული,“ - ამბობს გიორგი გელხაური.  

ასევე ცნობილი ხდება, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური სამართალდამცავის მიერ გადაცდომის ფაქტს იძიებს, კონკრეტულად რომელი ეპიზოდით არის ლონდა თოლორაიას უწყება დაინტერესებული, უცნობია.

გარდაცვლილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პირველადი ვერსიით ხიდიდან ვარდნის ნიშნები არ იყო, თუმცა გამორიცხული ამ კონკრეტულ საქმეში არაფერია. 

„ყველაფერი უნდა გამოირიცხოს და ექსპერტიზის წინაშე ყველა კითხვა უნდა დაისვას. კონკრეტულად ეს ეჭვი არ მაქვს, მაგრამ გამორიცხვით ზოგადად არაფერს გამოვრიცხავ. პირველადი დათვალიერების დროს არ იყო ამის ნიშნები. დამატებითი ექსპერტიზა რადგან დაინიშნა, უნდა გამოიკვეთოს რაღაცეები," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ექსპერტიზამ  კი უნდა დაადგინოს, გიორგი შაქარაშვილის დაზიანებები განვითარებულია თუ არა ხიდიდან ვარდნის შემდეგ. შსს-მ სამხარაულის ექსპერტიზას კითხვარი სწორედ ამასთან დაკავშირებით გაუგზავნა.

ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

სახის და თავის არეში, ასევე ტანზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×