
კორონავირუსით დაინფიცირებული აბიტურიენტი დღეს უცხოური ენის გამოცდას სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ პალატაში ჩააბარებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის თქმით, ბოქსირებული პალატა შესაბამისად იქნება აღჭურვილი, ასევე, გამოყოფილი იქნება სპეციალურად ეკიპირებული 2 მეთვალყურე:
"დღეს არის გამოცდა უცხოური ენის, რომელშიც ის მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად, ეს ბოქსირებული პალატა აღჭურვილი იქნება იმგვარად და ყველა ის პროცედურა წარიმართება ისე, როგორც ეს ხდება საგამოცდო სექტორში. ამისთვის უკვე ყველა ზომა მიღებულია და მზადაა.
განხორციელდება ჩვეულებრივად ვიდეოთვალთვალი, როგორც ეს ხდება საგამოცდო სექტორში, ასევე მას მოემსახურება 2 მეთვალყურე, რომელიც სპეციალურად იქნება ეკიპირებული. ტესტი დაიწყება იმავე დროს და ის წერს იმავე ტესტს, რომელსაც ყველა დანარჩენი აბიტურიენტი დღეს მეორე სესიაზე," - განაცხადა სოფო გორგოძემ.