მარიამ ნებულიშვილი
17.07.2020

„ეს მაჩვენებელი არის ოპოზიციის ძალიან სერიოზული შეცდომების შედეგი", - ასე აფასებენ ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრისას „ედისონ რისერჩის" ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც დღეს, რომ არჩევნები იყოს მოსახლეობის 39% „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 20%-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხოლო 16% - „ნაციონალურ მოძრაობას".

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით ოპოზიციამ მთავარი შეცდომა საარჩევნო ცვლილებების კენჭისყრაში არ მონაწილეობისას დაუშვა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი თმით, „ოცნებამ" პოლიტიკური დივიდენდი პანდემიის ხარჯზე მიიღო.

„ჩემთვის ეს შედეგები მიულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლებამ ძალიან წარმატებულად გაართვა თავი პანდემიას, როდესაც არის რაღაც წარმატება და მითუმეტეს ეს წარმატება არის ძალიან თვალნათელი ყველასთვის, არ შეიძლება ამ საკითხის იგნორირება და მცდელობა, რომ ეს გააუბრალოო. ოპოზიციას სწორედ ეს დაემართა და არამარტო, მათ დაუშვეს უამრავი შეცდომა.

„სამწუხაროა, რომ ამ შეცდომების ციკლი იყო ის, რომ 8 მარტის შეთანხმებაში თავიდანვე ჰქონდათ სწორი პოზიცია, როდესაც უგულავა ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს ამბობდა რომ მთავარია შეთანმხებაში მონაწილეობა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ოპოზციას ხმა არ უნდა ამოეღო პატიმრებთან დაკავშირებით, მაგრამ მას მონაწილეობა უნდა მიეღო ამ პროცესში. მან მთელი ეს დივიდენდები გადაულოცა ხელისუფლებას. ახლა რა დარჩა ოპოზიციას სათქმელი, ერთი მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილი ქვეყნის დამაქცევარია.

„ამიტომ, ოპოზიციამ მთლიანად ნეგატივზე ააგო თავისი საქმიანობა, არ არის დღეს ოპოზიცია ის ძალა, რომლისადმი ამომრჩეველში ერთგვაროვანი დამოკიდებულებებია. ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის, როგორც „ქართული ოცნებაა" მიუღებელი ისეთივე მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა". ეს უნდა გაანალიზოს ოპოზიციამ.

"სამწუხარო რეალობაა, რომ მესამე ძალა ვერ იქმენა, მაგრამ ეს არის გარკვეული შეცდომების შედეგი. 40%-ს თუ აცდება „ოცნება", შექმნის უკვე მთავრობას. დღეს თუ მას 39% აქვს ის მოიმატებს წინასაარჩევნოდ აუცილებლად, თავისი მექანიზმებით, შემოდგომა მოდის ყურძენს დააფინანსებს, კორონავირუსის პანდემიას გამოიყენებს. მხოლოდ იმის ლაპარაკი, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდია, ოპოზიციას რეალურ შედეგს არ მოუტანს.", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციამ არასწორად ჩამოაყალიბა საარჩევნო სტრატეგია, მათ გარკვეული ილუზია შეექმნათ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ და დასავლეთიც მათ გვერდით იქნებოდა. ამის გამო დადგა კვლევის ეს შედეგიც.

„ვფიქრობ რომ ეს მაჩვენებელი არის ოპოზიციის ძალიან სერიოზული შეცდომების შედეგი, რაც მათ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაუშვეს. მათ შეექმნათ ერთგვარი ილუზია, გარკვეულ ტაქტიკურ გამარჯვებებსაც მიაღწიეს ამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.

"მაგრამ, ამის შემდეგ დაიწყო შეიძლება ითქვას, სრული კატასტროფა მათ თავში აუვარდათ დასავლეთის მხარდაჭერა, ჩათვალეს, რომ დასავლეთი უპირობოდ მათ გვერდითაა და იმის ნაცლად, რომ თავისი გამარჯვება გაეფორმებინათ და თავიანთი წინასაარჩევნო შედეგი გაეუმჯობესებინათ თავისი სიბრიყვით, აბსოლუტურად იდიოტური შეტევებით და შეურაცხყოფებით გერმანიის ელჩზე, კენჭისყრაში არ მონაწილეობით ადგნენ და თავისი გამარკვება გაუფორმეს „ქართულ ოცნებას". რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მმართველი გუნდის პოზიციები. ძალიან უხარისხოდ ითამაშეს.

„აქედან გამომდინარე მათი ინტრუმენტი რა არის? შიმშილის შიშზე აპელირება და აქ ხელისუფლებას სუსტი პოზიციები აქვს და მეორე მხრივ რაღაც პოზიტიური გეგმის შეთავაზება, მომავლის იმედის გაჩენა, იმიტომ, რომ ამომრჩეველის უდიდეს ნაწილს დღეს აქვს ასეთი არჩევანი: ორივე მხარე თავის საარჩევნო კამპანიაში აპელირებს შიშზე, ერთი ამბობს, რომ პანდემია მე თუ არ დავიჭირე, მოკვდებით, მეორე ამბობს, რომ ამ ხელისუფლების ხელში შიმშილი გველოდება და მოვკვდებით. არცერთი არ ამბობს ხვალ უკეთესად როგორ ვიცხოვროდ", - ამბობს გია ხუხაშვილი.

კვლევა კომპანია „ედისონ რისერჩმა" ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩაატრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×