ელზა პაპოშვილი
17.07.2020

ლუგარის ლაბორიატორიის წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციას რუსეთმა ღამურების ისტორია დაამატა. საქართველოს ტერიტორიიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეს ხვიჩა მღებრიშვილს ბრალად სწორედ ღამურების არალეგალური შეგროვება ედება. საქართველოს მოქალაქე მეჯვრისხეველი ტყვე  ე.წ. КГБ-ს მიერ გავრცელებულ  ვიდეომასალაში ყვება, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა და ეს ღამურები, 5 000 აშშ დოლარად, ლუგარის ლაბორატორიისთვის უნდა მიეყიდა. 

ღამურებს წინ უძღვოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც მოსკოვი საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებდა.

პარალელურად, უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე - ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 

რატომ უკავშირებს საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქის გატაცების საქმეს , იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელსაც კრემლი უკვე დიდი ხანია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ატარებს. საოკუპაციო რეჟიმი საკუთარი დანაშაულის გადაფარვას იმ ვერსიის გავრცელებით ცდილობს, რომ თითქოს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ინტერესი ღამურები იყო.

კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯით, საოკუპაციო რეჟიმი სავარაუდოდ იძულებითი აღიარებითი ჩვენების მიხედვით ადანაშაულებს შეერთებულ შტატებსაც და ლუგარის ლაბორატორიასაც, რომ თითქოს ღამურის სანაცვლოდ იხდიან 5 ათას ამერიკულ დოლარს. ამის გამო კი მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი აცნობიერებს საფრთხეს და მაინც მიზანმიმართულად კვეთს ე.წ. საზღვარს, რაც, საბოლოოდ, მისი დაკავებით დასრულდა.

ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვერსიას აბსურდულს უწოდებს. „რეზონანსთან“ ისინი ყვებიან, რომ მსგავი სისულელე პირველად გაიგეს და ხვიჩას ფაქტია რომ ეს აღიარება იძულებით ჩააწერინეს. მათი თქმით, წარმოუდგენელი სისულელეა, რომელიც პირველად ესმით. 

"ნორმალური ადამიანი გაიცინებს მაგაზე, მაგრამ სასაცილოდ რომ არ გვაქვს საქმე ხომ ფაქტია. ვინც ხვიცას იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი სისულელე და აბსური მისი მხრიდან არ იქნებოდა.  

“რა ღამურები და  რა ამერიკა.  რა თაგვები, რის თაგვები, ამ სისულელის თუ მაგათ სჯერათ, მაგ საოცდავებს საქმე კარგად ჰქონიათ. კაცი საკუთარი ტერიტორიიდან გაიტაცეს და ღამურებს დასდევდაო. მსგავსი დებილობა ვის თავში მოდის არ ვიცი. გაიმასხარავეს თუ რა იყო, რას გაიგებს ადამიანი," - აცხადებს გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ძმა ჯუმბერ მღებრიშვილი.

სისულელეს და პროვოკაციას უწოდებენ ხვიჩა მღებრიშვილის მეზობლები გავრცელებულ ვერსიას და ამბობენ, რომ ამ ამბის გამოყენება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ხდება. „რეზონანსთან“ ისინი ამბობენ, რომ თუ რამურების დაჭერა უნდათ ე.წ. საზღვრის აქეთ ის ღამურები არ გადმოდიან და მხოლოდ მათ მხარეს ბინადრობენ? მსგავსი უაზრობა ჯერ არ მოუსსმენიათ. 

"ხვიჩასგან ასეთი ქმედება იმდენად სასაცილოა,რ ომ ვერ წარმოგიდგენთ. მშრომელი ბიჭია, რა ღამურები. კარგით დავუშვათ წავიდა, როგორ, ღამურამ იცის რომ აძვისა და ჯარიაშენის საზღვარზე აქეთ არ უნდა გადმოვიდეს? აქეთკენ ვერ დავიჭერდით?"- ამბობს ტარიელ გურგენიძე. 

სატირელი რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ნამდვილად, რადგან ღამურების კვლევა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე „კოვიდის“ ისტორიამაც დაადასტურა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ღამურებს იკვლევს ყველა მთელს მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, რომ ღამურების კვლევები აწარმოოს. აბსურდია. ისეთს იტყვიან ხოლმე, რომ სერიოზულად პასუხის გაცემა მიჭირს ხოლმე ამაზე. სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს. იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს. ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით ხუთი ათას დოლარს, რადგან ჩვენ ღამურებს რომ ვიკვლევთ, ბუნებაში ვაბრუნებთ“, – განაცხადა იმნაძემ.

ე.წ. სამხარეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში, არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა“.

დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ღამურების მიმართ ინტერესი 2012 წლიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ლუგარის ცენტრი გაიხსნა“.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×