
გასული 24 საათის განმავლობაში, მსოფლიო მსაშტაბით კოვიდინფიცირებულების რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა, ამ დროის მანძილზე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 200 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, ქართველი სპეციალისტები კი ამ ფაქტს მსოფლიო ხალხების მიერ რეკომენდაციების არ შესრულებას უკავშირებენ.
ჯანმოს ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა.
მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის დინამიკა უცვლელი დარჩა, ამავე პერიოდში 5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
აშშ-ში კორონავირუსის რეკორდულ ზრდას „სიენენიც" ადასტურებს, სააგენტოსვე ინფორმაციით, კოვიდ-19 გასული დღე-ღამის განმავლობაში 71 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგეადაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში მთლიანმა ინფიცირებულთა რაოდენობამ, თითქმის 4 მილიონს მიაღწია.
რაც შეეხება ბრაზილიას, აქ ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 35 ათასამდე გაიზარდა, დღეის მონაცემებით, ქვეყანა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელი მარინა ენდელაძე, „რეზონანსთან" ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ასეთ რეკორდულ მატებას, რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მსოფლიო ქვეყნების ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას უკავშირებს.
„რაც შეეხება (მსოფლიოში კორონავირუსის პიკის) გათვლას, ეს უფრო ეპიდემიოლოგების საქმეა, თუმცა გუშინდელი კოვიდინფიცირებულების ეს მძიმე და დრამატული მატება მაინც რეკომენდაციების არ შესრულებასთანაა კავშირში .
„ხალხი უკვე ქუჩებში გავიდა, გავიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ალბათ ესაა მკვეთრი მატების მიზეზიც" - განაცხადა მან.
ენდელაძე ამბობს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ და მისი თქმით ვაქცინა საბოლოოდ თუ შემუშავდა, ამისი იმედიც 100%-იანი არაა.
„ვაქცინასთან დაკავშირებით მუშაობენ, მაგრამ ვაქცინის იმედიც საკმაოდ დაბალია, ბოლო სამი დღის მონაცემები არ ვიცი, შესაძლოა რაიმე ახალი წამოვიდა, მაგრამ ზოგადად ვაქცინა მაქსიმუმ შესაძლოა 70%-იანი თავდაცვა იყოს, ისიც თუ იქნა.
„გამოდის რომ კორონავირუსი ასე ადვილად არ დაგვტოვებს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვირუსი ამდენი ინფიცირების შემდეგ, ცოტა სახეს შეიცვლის, ანუ შედარებით უფრო მსუბუქად წავა და იქნება ალბათ ისე, როგორც ყოველწლიურად გრიპია ხოლმე, სავარაუდოდ ალბათ ასე იქნება.
„პესიმისტური პროგნოზები არ გვინდა, იმედია, რომ კორონავირუსი უფრო მსუბუქ ფორმას მიიღებს, მაგრამ ის, რომ კორონავირუსმა სრულიად დავტოვოს, ამას ნაკლებად ვფიქრობ" - განაცხადა ენდელაძემ „რეზონანსთან".
კორონავირუსის თვალსაზრისით სიტუაცია თითქმის ყველა კონტინენტზე რთულდება, ქვეყნების მთავრობები ინფექციის შეკავების მიზნით, უკვე საკარანტინო ზომების გამკაცრებაზე ფიქრობენ.