თამთა ჩაჩანიძე
20.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30-ივე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატები დაასახელა, პრეზენტაციაზე, რომელიც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის" ტერიტორიაზე გაიმართა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც პანდემიის პერიოდში საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

„მე მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი.ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა. ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა.

„სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება „ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრეზენტაციისას.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატების უმრავლესობა კონკურენტუნარიანი და ძლიერი ფიგურებია

„ივანიშვილი ძალ-ღონით სავსე, ცოტა უფრო შეჭაღარავებული (ვიდრე ადრე იყო) და სრულფასოვან ფორმაში გამოჩნდა, რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ასეთი პრეზენტაბელური შემადგენლობა ბოლო ხნის განმავლობაში არ მახსენდება.

„პრეზენტაბელური იმიტომ, რომ წარდგენილი კანდიდატების თითქმის დიდი ნაწილი ადრეც სხვადასხვა სფეროებიდან ცნობილი იყო და ხშირ შემთხვევაში მხარდაჭერილი იყო, მაგალითად კახი კახიშვილი ერთ-ერთი შესანიშნავი მინისტრი გახლდათ და მისი პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება, შეიძლება მხოლოდ დადებვითად შეფასდეს.

„ანალოგიური ტიპის ფიქგურები მეტ-ნაკლებად ბევრია, თუ დაბრუნებაზე არაა ლაპარაკი, ყოველ შემთხვევაში ძლიერ ფიგურებზე საუბარი უდაოდ არის.

„რაც შეეხება მათ კონკურენტუნარიანობას, კონკურენცია ორი მხარის შეჯიბრია, მეორე მხარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ კანდიდატურებით, რაც დღეს ოპოზიციას დასახელებული ჰყავს, არა მგონია, რომ მათ სერიოზული კონკურენცია შეძლონ.

„ქართული ოცნების" კანდიდატებს ზურგს უკან „ქართული ოცნება" უდგას და პარტიული ზურგი მნიშვნელოვანი კომპონენტია ხოლმე კონკურენციის დროს, მმართველი პარტიის კანდიდატები სერიოზული კანდიდატებია და ამ ფონზე მათი მხარდაჭერაც სერიოზულია, როცა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მინიმუმზეა დასული და „ქართული ოცნების" რეიტინგი კი ადრინდელ არჩევნებთან შედარებითაც კი მაქსიმალურია.

„ამ პროპორციის ფონზე მგონია, რომ სასწორი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადაიხრება" - განაცხადა საყვარელიძემ.

საქართველოს მასშტაბით 30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:დავით სერგეენკო თბილისი (საბურთალო),ნოდარ ტურძელაძე თბილისი (ვაკე),ლევან კობიაშვილი თბილისი (გლდანი),სოზარ სუბარი თბილისი (სამგორი),კახა კახიშვილი თბილისი (ისანი),ბექა ოდიშარია თბილისი (მთაწმინდა-კრწანისი),მიხეილ ყაველაშვილი თბილისი (ნაძალადევი),გია ვოლსკი თბილისი (დიდუბე-ჩუღურეთი), შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი,ირაკლი ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი,დავით სონღულაშვილი გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო

ნინო ლაცაბიძე რუსთავი, ზაურ დარგალი მარნეული-გარდაბანი,გოგი მეშველიანი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკა, გიორგი ხოჯევანიშვილი გორი-კასპი, დავით დუგლაძე ხაშური-ქარელი, ანტონ ობოლაშვილი ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძა, სამველ მანუკიანი ახალქალაქი-ნინოწმინდა, ზაზა ლომინაძე ქუთაისი, პაატა კვიჟინაძე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული, ბეჟან წაქაძე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული

გივი ჭიჭინაძე სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი, გოჩა ენუქიძე ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი, ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდი, ირაკლი ხახუბია ფოთი-ხობი-სენაკი, ალექსანდრე მოწერელია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ, ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური, რესან კონცელიძე ბათუმი, ზაალ მიქელაძე ქობულეთი, ანზორ ბოლქვაძე ხულო-შუახევი-ქედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×