ელზა პაპოშვილი
20.07.2020

ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტი შესაძლოა 2012 წელს დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.  დაჭრილი ჩემპიონის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია და ის უკვე სახლში გაწერეს.  სახლში იმყოფება მისი მეგობარი გოჩა დავითაშვილიც, რომელიც დაპირისპირებისას ზვიადაურთან ერთად დაშავდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ  ჩხუბის ხმა გაიგონეს, რასაც ასევე სროლის ხმაც მოჰყვა. სავარაუდოდ, ზვიადაურს და მის მეგობარს ჭრილობები ფიზიკური დაპირისპირების დროს მიაყენეს. 

ზვიდაურის მამა მამუკა ზვიადაური მამა  შვილის დაჭრის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს. ის არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება 2012 წელს მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. 

ზვიადაურის მამის თქმით, 2012 წელს მომხდარი ინციდენტის დროს მათმა თანაქალაქელმა გიორგი ქისტაურმა ზვიადაურების სახლი დაცხრილა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი წევრი თანმხლებ პირებთან ერთად მინდორში, საქეიფოდ იმყოფებოდა, უკან დაბრუნების შემდეგ კი ახმეტაში, ერთ-ერთ კორპუსთან სწორედ ქისტაურს შეხვდა. თავდაპირველი სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ზვიადაურს და მის თანმხლებს ჭრილობები დანით მიაყენეს. ზურაბ ზვიადაური ცივი იარაღით მკერდის არეში დაჭრეს. 

„რეზონანსთან“ ოლიმპიური ჩემპიონის მამამ  მამუკა ზვიადაუი ზუსტად ვერ ამბობს დაჭრა თუ არა მისი შვილი თანამოქალაქემ, თუმცა არ გამორიცხავს.  

"არ ვიცი ზუსტად, ამბობენ, რომ ის არის. ალბათ ნასვამ მდგომარეობაში ერთმანეთს ქუჩაში გადააწყდნენ და იჩხუბეს. ადრე მოუვიდათ კონფლიქტი, მას შემდეგ არანაირი მუქარა და დაპირისპირება არ ყოფილა. 2012 წელს სახლს ესროლა, მეც სახლში ვიყავი და ბავშვებიც. ეს პიროვნებაა ქისტაური, ჩვენი თანამოქალაქეა.  ალბათ შემთხვევით გადააწყდნენ ისევ  ერთმანეთს," - აცხადებს ზურაბ ზვიადაურის მამა მამუკა ზვიადაური.

ადგილობრივები კი ყვებიან, რომ წუხელ, გვიან ღამით მათ ესმოდათ ყვირილი და ხმაური. ერთ-ერთი მათგანი იმასაც კი ამბობს, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გარკვევით გაიგონა, თუმცა, როგორც ცნობილია, ზურაბ ზვიადაური და მისი მეგობარი ვანო დავითაშვილი ცივი იარაღით არიან დაჭრილები. 

ექიმის თქმით კი  დაჭრილებს პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება ჩაუტარდათ.

"შემოყვანილი იყო 2 პაციენტი, თვითდინებით იყვნენ შემოსულები. გულ-მკერდის წინა კედლის არეში ჭრილობებით, მაგრამ ორივე შემთხვევაში არ იყო არც ერთი ჭრილობა შემავალი. ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ დინამიკაში დაკვირვების ქვეშ და 04:10 საათზე ორივე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შესაბამისი რეკომენდაციებით," - განაცხადა ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×