
საქართველოში 20 ივლისს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შემთხვევების დიდი რაოდენობა დაკავშირებული გარდაბანის მუნიციპალიტეტთან. „ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით რადიკალურ გაუარესებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა", - ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეხზონანსთან" საუბრისას.
გარდაბანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა 21 ივლისიდან გაფართოებული ტეტსირება იწყება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს 3 შემთხვევა, რომლის ინფიცირების პირველწყარო აღმოჩენილი არ არის.
„გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება, გვინდა რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება, დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება, გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით,"- თქვა ამირან გამყრელიძემ.
ალექსანდრე გოგინავას შეფასებით, შემთხვევების ეს მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ რამდენიმე წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, საყურადღებოა.
„ბოლო სამი კვირის განმავლობაში შედარებით ცოტა შემთხვევა იყო. ახლა დაფიქსირდა 11 შემთხვევა, რაც ასევე არ არის საგანგებო მაჩვენებელი. თუმცა, ის ფაქტი, რომ გაჩნდა რამდენიმე ისეთი კერა, სადაც წყაროს დადგენა ვერ ხერხდება იქცევს ყურადღებას და საჭიროებს ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევას. მაგრამ, ეს მონაცემები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენთან გინდა თუ არა გაუარესდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
"ამის ხელჩასაჭიდი მოცემულობა და მაჩვენებლები ჯერ-ჯერობით ჩვენ არ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან არის წყაროსგარეშე შემთხვევები და გარკვეული ეპიდკერები ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ და შესაბამისმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა ისე, როგორც ადრე ხდებოდა გააგრძელონ მუშაობა ამ სარისკო ზონებში", - თქვა გოგინავამ.
ის ასევე მოსახლეობას რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებს, რათა არ მოხდეს სიტუაციის უფრო გართულება.
„მოსახლეობას რაც შეეხება, ჩვეულებრივად, რა ღონისძიებებსაც ვატარებდით და რა რეკომენდაციებიც გვქონდა, იგივე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, დისტანცირება, სადაც საჭიროა დახურულ სივრცეში გვეკეთოს ნიღაბი და ასევე, თუ რაიმე კლინიკური ნიშანი გვექნება, როგორიცაა: ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება - მივმართოთ ექიმს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით რადიკალურ გაუარესებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან".
დღეს საქართველოში ვირუსით მე-16 ადამიანი გარდაიცვალა., ამირან გამყრელიძის განცხადებით ის 70 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო.
რაც შეეხება გარდაბანის მუნიციპალიტეტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეგიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამშაბათს იმსჯელებს.