
„თუ თბილისში „ქართული ოცნების" რომელიმე კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს პარტიის დიდი გამარჯვება იქნება და პირიქით," - ასე აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, არჩევნების შედეგი დამოკიდებულია არა კანდიდატებზე, არამედ პარტიებზე და ამ შემთხვევაში გვარები ბევრს არაფერს ამბობს. არ გამორიცხავს, რომ თბილისის რამდენიმე ოლქში მმართველი გუნდი დამარცხდეს.
„თბილისის შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს გვარებს, მნიშვნელობა აქვს პარტიებს. დედაქალაქში იქნება საკმაოდ სერიოზული ბრძოლა, არა იმიტომ, რომ სუბარს უპირისპირდება ხაბეიშვილი ან ნებისმიერი სხვა. არამედ იმიტომ, რომ თბილისში კონცენტრირებულია მკაფიოდ გამოკვეთილი „ქართული ოცნების" მომხრეები და მკაფიოდ გამოკვეთილი „ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები. რომლებიც გადანაწილებეულები არიან სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებში.
„მმართველმა გუნდმა საკმაოდ მძიმეწონიანი კანდიდატები დააყენა დედაქალაქში, ხოლო რეგიონებში უფრო ადგილობრივი ძლიერი ფიგურები, გუბერნატორები, ბიზნესმენები. მგონია, რომ მმართველ გუნდს რეგიონებში იმდენად არ გაუჭირდება, როგორც თბილისში, აქ მან შესაძლოა დაკარგოს რამდენიმე ოლქი.
„მაგალითად სერგეენკოს გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმატებული მინისტრი იყო თავის დროზე, მის წინააღმდეგ ოპოზიციაც კი არ გამოდიოდა. მაგრამ უცებ „ქართული ოცნების" შიგნით ჩააჩოჩეს და ჩრდილში მოაქციეს. დღემდე გაურკვეველია, რატომ წავიდა წარმატებული მინისტრი სერგეენკო. ამიტომ, ამ ფონზე ყველა დასვამს შეკითხვას, კი მაგრამ, ეს კაცი რატომ გაუშვითო? თუ თქვენ ეს ხალხი გაუშვით გარედან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, ახლა რატომ აბრუნებთ? სხვა არავინ არ გყავთ? თუ ოპოზიცია მას დაუყენებს მეტ-ნაკლებად ენერგიულ, ადგილობრივ წარმომადგენელს, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციურ ძალებს, იქნება სწორი ნაბიჯი.
„მმართველი გუნდის პრობლემა თბილისში არის ის, რომ მას აქ უპირისპირდება არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტია, არამედ მთლიანი ოპოზიციური სპექტრი დაწყებული ლეიბორისტული პარტიიდან დამთავრებული „ნაციონალური მოძრაობით". ყველას ამომრჩეველი ერთიანდება ერთი კანდიდატის გარშემო. თუ თბილისში „ქართული ოცნების" რომელიმე კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს პარტიის დიდი გამარჯვება იქნება და პირიქით, თუ დამარცხდნენ ეს იქნება მეტად რეალური, იმიტომ, რომ მას უპირისპირდება მთელი თბილისის ოპოზიცია", - გვითხრა ზაქარეიშვილმა.
უშუალოდ სააჩევნო სიის შეფასებისას ის ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა არჩევანი გააკეთა არა გავლენის, არამედ რეიტინგების მიხედვით, რაც მათ სისუსტეზე მიუთითებს.
„პრინციპული მნიშვნელობისაა, რომ წულუკიანი არსად არაა დაყენებული. ამან ძალიან ბევრი რამე გახსნა, არა წულუკიანის ფაქტორმა არამედ დამოკიდებულებამ მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ. საქმე ისაა, რომ 29 კაცია და 1 ქალი მხოლოდ და წულუკიანი, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტი და ფლაგმანი უნდა ყოფილიყო, „ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა მაჟორიტარულ ოლქში. იმიტომ, რომ წულუკიანს უფრო მეტი ჰქონდა უარყოფითი რეიტინგი, ვიდრე დადებითი. ამით ძალიან სამარცხვინო სურათი შეიქმნა, რომ ქალები მათ არ ჰყავთ სიაში.
„ეს იმას ნიშნავს, რომ კანდიდატები დააყენეს არა გავლენის მიხედვით, არამედ მინიმალური უარყოფითი რეიტინგიდან გამომდინარე, რაც სისუსტეა უკვე. მათ გაყიდეს თავი, აჩვენეს, რომ უარყოფითი რეიტინგები აქვთ ზოგადად და დაიწყეს ისეთი ხალხის ძებნა, რომელსაც უარყოფითი რეიტინგი არ აქვს, მაგრამ არც დადებითი არ აქვს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" პოლიტიკაზე, რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც უკვე მოძველებულია და ცვლილებას საჭიროებს. ზაქარეიშვილმა ასევე ოპოზიციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალები თანაბრად გადანაწილდება.
„ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს ხალხი, რომელიც ვერ იტანს „ნაციონალურ მოძრაობას" და სჯერა რომ ის ბრუნდება. როდესაც მმართველი გუნდი გაიძახის 60% მაქვსო, თუ ამდენი ხმა გაქვს როგორ ბრუნდება მაშინ „ნაციონალური მოძრაობა" შე კაი კაცო? არადამაჯერებელი ლეგენდაა, როცა ოლქში ოპოზიციას 40%-ზე მეტს არ აძლევ და ამ ოპოზიციაში სხვა პოლიტიკური პარტიებიცაა, როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა" მოვიდეს ცალსახად და გაიმარჯვოს, ზღაპარია. ამიტომ ძალიან სუსტი არგუმენტი აქვს მმართველ გუნდს, როდესაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობს. იმ შემთხვევაში, როცა „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე თავხედი და უტიფარი ლიდერი - სააკაშვილი აქ არ არის.
„მეორე ფაქტორი, რომელიც აძლიერებს "ქართული ოცნების" მოწინააღმდგეებს არის ის, რომ შენ თუ ამდენ ხანს ვერ დაამარცხე „ნაციონალური მოძრაობა", როცა ზენიტში იყავი, როცა ახალი იყავი და ხალხი გენდობოდა, ახლა როგორ დაამარცხებ? ეს ლეგენდა არ მუშაობს.
„რაც შეეხება ოპოზიციას, იქაც არაა იდეალური ვითარება საზოგადოებას უქმნიდნენ ილუზიას, რომ ერთიანდებოდნენ, თუმცა არ ჩანს ეს გაერთიანება. თავისთავად საინტერესო არჩევნები მოდის, პირველად საქართველოს ისტორიაში ყველა თანაბარია. არავინ არ არის თეთრ ცხენზე ამხედრებული, ჩრდილიდან გამოსული წმინდა გიორგი. ხალხს არჩევანი აქვს წარსულიდან, მხოლოდ არსებული რეალობიდან და არ ელოდებიან ვინმე ახალს. ახლა ყველა თანაბარია, ყველა მიწაზეა გართხმული და საქართველოში ახალი რეალობა იქმნება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".