
„არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაცნაირად საქართველო იყოს ჩათრეული ამ კონფლიქტში", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი სომხური და აზერბაიჯანული თემების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ აქციებს.
20 ივლისს საქართველოს სომეხთა საზოგადოების ინიციატივით, თბილისში სომხეთის საელჩოს წინ აქცია გაიმართა. გარდა ამისა, მარნეულში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა აზერბაიჯანის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
ალადაშვილის თქმით, ამ სიტუაციაში პროვოკაციების მოწყობა გამოიცხული არ არის.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კომპაქტურად დასახლებული არიან ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მათ მშობლიური ქვეყნების დაპირისპირების ფონზე გარკვეული დაძაბულობა და დაპირისპირება გადმოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზეც. თუმცა ეს დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 30 წელზე მეტია გრძელდება და აქამდე ყოფილა შემთხვევები, როცა უფრო დაძაბულიც იყო სიტუაცია, მაგრამ არ დაფიქსირებულა საქართველოს ეთნიკურად სომეხ ან აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, მაქვს დიდი იმედი, რომ აქ მათ შორის რაიმე ტიპის კონფქლიტი არ მოხდება.
„რაც შეეხება აქციებს, ეს დემოკრატიული ქვეყნებისთვის დასაშვებია და სრული უფლება აქვთ. მაგალითად, პოლონეთში და დიდ ბრიტანეთში ჩხუბიც კი ჰქონდათ აქციებზე, იმედია ჩვენთან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დაპირისპირება არ მოხდება. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაცნაირად საქართველო იყოს ჩათრეული ამ კონფლიქტში", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
ის ასევე გამოეხმაურა აზერბაიჯანული მედიის „ჰაქქინის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სომხეთის ტერიტორიაზე სერბეთიდან და რუსეთიდან საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთის შეტანაზე. ალადაშვილის თქმით, საქართველოს ორივე ქვეყანასთან ღია ურთიერთობა აქვს და თავად აზერბაიჯანშიც არაერთხელ შესულა სამხედრო ტვირთი საქართველოს გავლით.
„რაც შეეხება საქართველოს დადანაშაულებას იმაში, რომ მისი ტერიტორიის გავლით სომხეთმა სერბეთისგან მიიღო ნაღმთმტყორცნები, რაც დაიწერა ერთ-ერთ აზერბაიჯანულ მედიაში. საქართველოს ორივე ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. თუ ეს ფაქტი მართალია, რასაც ეს მედიასაშუალება ავრცელებს, მაშინ არსებობს ძალიან ბევრი ფაქტი იმისა, თუ რა რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა არის შესული საქართველოს გავლით თვითონ აზერბაიჯანში. მაგალითად, სამხედრო კატარღები, რომლებიც აზერბაიჯანმა ისრაელისგან შეიძინა, ფოთში ჩამოიტვირთა და ფოთიდან წითელ ხიდამდე საქართველოს გზებით მივიდა. საქართველო ამ მხრივ ხელს არ უშლის არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს.
„მეორე ბრალდება იყო ის, რომ საბრძოლო რაკეტები საქართველოს გავლით სომხეთში შეიტანეს რუსეთიდან. საქართველოს აკრძალული აქვს რუსეთიდან საბრძოლო შეიარაღების სომხეთში შეტანა. გარდა ამისა, დაახლოებით 3 მეტრია ამ რაკეტების ზომა და წარმოუდგენელია მისი მალულად ტრანსპორტირება. ასე რომ, საქართველოს ბრალდება იმაში, რომ სომხეთს ეხმარება, რა თქმა უდნა, არასწორია. რადგანაც თვითონ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ძალიან ბევრი საბრძოლო ტექნიკა გაუტარებია თავის ტერიტორიაზე ტრანზიტის სახით", - თქვა ალადაშვილმა „რეზონანსთან".
აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედია „ჰაქქინმა" სარედაქციო წერილი 19 ივლისს გამოაქვეყნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა და ბევრ უზუსტობას შეიცავს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტი 12 ივლისს განახლდა. სომხური ტავუშის და აზერბაიჯანული ტოვუზის რეგიონებში ამ ეტაპზე სიმშვიდია, გარდაიცვალა 16 ადამიანი, მათ შორის ერთი აზერბაიჯანელი გენერალ-მაიორი და ერთი პოლკოვნიკი. მხარეები ცეცხლის გახსნაში და სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.