
„როგორ შეიძლება ასეთი პირდაპირ რაღაც იარლიყი მიაწებო, რომ მოძალადეა და მორჩა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი ძიუდოისტი და პარლამენტარი შოთა ხაბარელი ანა დოლიძის მიერ შექმნილ „შაქარაშვილის ქარტიას".
ხაბარელის თქმით, ამ დოკუმენტში არის რამდენიმე პრინციპი, რაც მისაღებია, მაგრამ არის ზოგი ისეთი დამატება, რომელიც კითხვებს უჩენს. ამბობს, რომ არ შეიძლება ყველა სპორტსმენისთვის მოძალადის იარლიყის მიწებება.
„ერთი პრეცენდენტის გამო არ უნდა გადაიტანო ეს შემთხვევა, ყველა სპორტსმენზე და ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო. ეს მიუღებელია. ამ ქარტიაში მომწონა ერთი ფრაზა, იქ წერია ძალადობაზე და ძალის არაკეთილსინდისიერად გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, ეს სწორია, არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინმემ ძალა გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, სპორტსმენი იქნება ის თუ არა.
„მაგრამ იქ ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობაზე წერია, როგორ უნდა განისაზღვროს რა ტიპის ურთიერთობა აქვთ? საიდან დაადგენენ? ამით შესაძლებელი ხდება გარკვეული იარლიყების მიკერებაც. სპორტსმენს შეუძლია პოლიტიკოსთანაც ჰქონდეს ურთიერთობა და ჩვეულებრივ ადამიანთანაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან სპორტსმენი ხარ, მხოლოდ შენი ძალის გამო უნდა ვინმეს შენთან ურთიერთობა და ყველასთან უნდა გაწყვიტო კავშირი. როგორ შეიძლება ასეთი პირდაპირ რაღაც იარლიყი მიაწებო, რომ მოძალადეა და მორჩა.
„თუ ახლა ვიღაცამ რაღაც ჩაიდინა, როგორ შეიძლება განაზოგადო და ყველა ერთად მოიხსენიო? რამდენი საამაყო სპორტსმენია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი გაუტანია ქვეყნის გარეთ, საქართველო უსახელებია. ძალადობა არ შეიძლება არავის მხრიდან, მითუმეტეს სპორტსმენისგან, რომელსაც შედარებით მეტი ძალა და მოხერხება აქვს. მათ თავიანთი ძალა ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა მიმართონ", - ამბობს შოთა ხაბარელი „რეზონანსთან".
მოძრაობა „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ „შაქარაშვილი ქარტია" წარადგინა. მისი თქმით, ამ ქარტიის მიზანია დააწესო გარკვეული ქცევის ნორმები საზოგადოებას და სპორტსმენებს შორის. იგი მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებსა და ხელისუფლებას, რომ მისი ქარტია აამოქმედონ.
„შაქარაშვილის ქარტიის" პრინციპებია:
„1. ადამიანის ღირსების დაცვა სპორტსმენისთვის უნდა იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური მოთხოვნა.
2. სპორტსმენი ვალდებულია დაიცვას პროფესიული და ეთიკური სტანდარტი საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს.
3. დაიცვას ლოიალობის, ჰუმანიზმის და პატიოსნების პრინციპები ყველა ურთიერთობაში.
4. სპორტსმენი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - რასობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური შეხედულებები, ოჯახური მდგომარეობა ან ნებისმიერი სხვა მიზეზი.
5. შეუწყნარებელი უნდა იყოს სპორტსმენის ჩართვა დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ჩაგვრის, დაშინების, ძალადობის ფაქტებში.
6. სპორტსმენები უნდა ახდენდნენ სრულ გამიჯვნას და ნეიტრალიტეტს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან ძალის ინტერესებისგან, როდესაც საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან.
7. სპორტსმენი არ უნდა იყენებდეს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის იდეოლოგიის გატარებაში.
8. სპორტის ფედერაციები და კავშირები ვალდებულნი არია დაიცვან და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, აიღონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა სპორტსმენთა თვითშეგნებისა და ქცევის წესების ამაღლებაში.
9. შაქარაშვილის ქარტიის წესების დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სპეციალური კომისიას, რომელიც იღებს ვალდებულებას როგორც ნეიტრალური არბიტრი შეაფასოს და აღასრულოს ქარტიაში გაწერილი წესები.
10. საქართველოს კანონი სპორტის შესახებ (მუხლი 23) სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას. - იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი სპორტული ფედერაციის ან კავშირის სპორტსმენის მხრიდან ადგილი ექნება „შაქარაშვილის ქარტიის წესების" დარღვევას, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მთლიანად ფედერაციას ან კავშირს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და მათ დაუწესოს საბიუჯეტო სანქცია".