
ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 22 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები მეორე ტალღის შესაძლო დასაწყისზე საუბრობენ.
„არის ისეთი პროგნოზი, რომ იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული ვიდრე იყო პირველი ტალღა", - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ქვეყანაში შეინიშნება კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი, რაც მეორე ტალღის მოახლოების ერთ-ერთი ნიშანია. ენდელაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„შემთხვევებმა მოიმატა და არის საშიშროება. ვფიქრობ, რომ ღონისძიებები მისაღებია, რამდენადაც უკვე ახალი სოფლები დაემატა, ახალი კერები გაჩნდა, რა თქმა უნდა, საშიშია. არის ისეთი პროგნოზი, რომ იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული ვიდრე იყო პირველი ტალღა.
„გაზრდილი მაჩვენებელი და ის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას უკვე არ არის კარგი პროგნოზი. აუცილებელია, რომ ისევ დავიწყოთ ჩვენ მოქალაქობრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი. ისე დავიცვათ ყველა რეკომენდაცია.
"ჩვენს ეპიდემიოლოგებს არ ეშლება ეპიდემიოლოგიური პროცესების მართვა, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, რომ ისევ და ისევ ფრთხილად ვიყოთ, რომ არ იყოს კიდევ უფრო სერიოზული ახალი ეპიდაფეთქება", - ამბობს ენდელაძე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტის კლასტერია, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 7 იმპორტირებულია, აქედან 5 სატვირთოს მძღოლების მიერ. 2 შემთხვევის წყაროს კვლევა მიმდინარეობს. 24 შემთხვვიდან 22-ის წყარო ცნობილია.
მარინა ენდელაძის თქმით, გარკვეული ზომები ქვეყანაში უკვე მისაღებია, მათ შორის შესაძლებელია გარდაბანის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვაც. ის საზოგადოებას რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებს.
„სატვირთოს მძღოლების პრევენცია ძალიან სერიოზულად ხდება. საზღვრის კვეთისთანავე ხდება მათი იზოლაცია და ტესტირება. ვფიქრობ, ისინი მაინც და მაინც არ უნდა გახდნენ გავრცელების წყარო, რამდენადაც საზღვარზე ხდება მათი ტესტირება და პირდაპირ მოჰყვათ იქიდან პაციენტები ჩვენს კლინიკებში. ამდენად, ეს ნაკლებად საშიშია, ვიდრე ის ახალი კერები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაჩნდა. ალბათ შესაძლებელია უკვე თუნდაც გარდაბანის ჩაკეტვა.
„მთავარია, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, კვლავ დისტანცირება, ნიღბების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან თავის შეკავება, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი რაოდენიობის ხალხის შეკრება არ შეიძლება იმიტომ, რომ შესაძლებელია ეს მეორე ტალღა ბევრად სერიოზული იყოს", - აღნიშნა „რეზონანსთან" მარინა ენდელაძემ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ეპიდკვლევა 21 ივლისს დაიწყო. რეგიონში რამდენიმე სერიოზული ეპიდკერაა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა გამკაცრდა ზომები. მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი.
საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვ 907-ს შეადგენს. გარდაცვლილია 16 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა კი - 5692-ია.