
სისხლის ანალიზს, კიბოს დიაგნოზის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე 4 წლით ადრე შეუძლია. მეცნიერების განცხადებით უახლესი კვლევა იმედისმომცემია.
ჩინელი მკვლევრების გუნდის თქმით, არაინვაზიურ სისხლის ანალიზს, რომელსაც „Panseer"ჰქვია, შეუძლია დაუდგინოს კიბო ისეთი ადამიანების 95%-ს, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, მაგრამ მოგვიანებით დაავადება მაინც უდასტურდებათ.
„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ხუთი ტიპის კიბო, უშუალო დადასტურებიდან 4 წლით ადრე შესაძლებელია გამოვლინდეს დნმ-ის მეთილაციაზე დაფუძნებული სისხლის ანალიზით", - ამბობს მკვლევართა გუნდი.
მათივე თქმით, ეს ანალიზი კიბოს კი არ წინასწარმეტყველებს, არამედ ორგანიზმში ისეთ სიმსივნურ წარმონაქმნებს ამჩნევს. რომლებსაც სიმპტომური გამოვლინება ჯერ არ აქვთ დაწყებული და არც აღმოჩენილია სხვა რაიმე მეთოდით.
მსგავსი ტიპის ტესტები, რომლებსაც თხევადი ბიოფსია ეწოდება, ბევრ კვლევაში გამოიყენება, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია პაციენტების არაინვაზიური გზით სკრინინგი.
ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი" ავრცელებს. გამოცემის თქმით, ეს არაა პირველი კვლევა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ კიბოს გამოვლენა სისხლის ანალიზით ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი. მკვლევრების განცხადებით კი - ახალი კვლვა სხვა კვლევებისგან განსხვავებით, დაავადების აღმოჩენის საშუალებას ყოველგვარი სიმპტომის გამოვლენამდე იძლევა.
ანალიზი დაფუძნებულია სისხლის პლაზმაში არსებული დნმ-ის ცალკეული ნაწილების ტესტირებაზე იმის დასადგენად არის თუ არა მასში ე.წ. საკონტროლო ნიშნები, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება სიმსივნიან დნმ-ში.
ტესტის შესაქმნელად მეცნიერება 2007-2014 წლებში ჩინეთში შეგროვებული სისხლის ნიმუშები გამოიყენეს. ანალიზმა დაავადება დაუდგინა ისეთი პაციენტების 88%-ს, რომელბსაც უკვე ჰქონდათ კიბო და ისეთი პაციენტების 95%-ს, რომლებიც დაავადებულები არ იყვნენ მაგრამ შემდეგ ორგანიზმში აღმოაჩნდათ სიმსივნური წარმონაქმნები. დაავადების არმქონე პაციენტებთან ანალიზმა 96%-იანი სიზუსტე აჩვენა.
სხვა მკვლევარები ტესტის შედეგებს მიესალმებიან. კლივლენდის კლინიკის კიბოს ინსტიტუტის მკვლევარი ერიკ კლაინი, რომელიც ასევე შედიოდა ამ ტესტებზე მომუშავე მკვლევრების გუნდში, ამბობს, რომ სკრინინგის სხვა უფრო ეფექტური საშუალება ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ეს საინტერესო კვლევაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მეთილაციაზე დაფუძნებულ კვლევებს შეუძლიათ თავისუფლად ცირკულირებული დნმ-ის უჯრედების აღმოჩენა. მსგავსი ტიპის ტესტების ჩატარება საჭიროა კიბოს სკრინინგისთვის, რადგან ამ ეტაპზე სხვა უფრო ეფექტური საშუალება არ არსებობს", - ამბობს კლაინი.
დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ადრეული დიაგნოსტიკის ცენტრის უფროსი მენეჯერის სამანტა ჰარისონის განცხადებით კვლევის თავდაპირველი შედეგები იმედისმომცემია.
„Panseer"-ის ტესტმა იმედისმომცემი შედეგი აჩვენა, ტესტს შეუძლია კიბოს არსებობის დადგენა ბევრად ადრე სანამ ის დადსტურდება. მაგრამ, ეს ადრეული შედეგია საჭიროა უფრო ფართო კვლევები", - თქვა ჰარისონმა.
ტესტს რამდენიმე შემზღუდველი ფაქტორიც ახლავს, კერძოდ, ის ნიმუშების შედარებით მცირე რაოდენობაზეა დაფუძნებული, ასევე ტესტების შენახვის პირობები ოპტიმალური არ ყოფილა. გარდა ამისა, მას არ შეუძლია დაადგინოს, რომელი სახეობის კიბოთია დაავადებული პაციენტი.