
რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შავი ზღვაში ნატოს წვრთნები „სი ბრიზ 2020″ მიმდინარეობს, რომელშიც ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პარტნიორები - საქართველო-უკრაინაც ჩაერთვნენ - ამჯერად წვრთნებს უკრაინა მასპინძლობს, მანევრები კი ოდესის სიახლოვეს დაიწყო.
„სი ბრიზ 2020″-ის მიზანია შექმქნას კომბინირებული შესაძლებლობები,წევრ და პარტნიორ ქვეყნების საზღვაო რეგიონალური უსაფრთხოება უზრუნველყოს.
მანევრებში 27 საბრძოლო ხომალდი, 19 სამხედრო თვითმფრინავი და 2000 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთo, მასში მონაწილეობას იღებს აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია, ასევე პარტნიორი ქვეყნები უკრაინა და საქართველო.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი"-ც ჩაერთო, რომელიც გემის მეთაურის თქმით, ამ წვრთნებში „პორტერის" ჩართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უსაფრთხოება უკეთ უზრუნველჰყოს.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ „სი ბრიზ 2020″ წვრთნების მიზანი, შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს წევრი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორებისათვის უსაფრთხოების დაცვაა, რომელიც რეგიონში ასევე ასიმეტრიული საფრთხეების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
„ეს წვრთნები ნატოს მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების ფორმატში განხორციელებული ღონისძიებებია, ამ შემთხვევაში ნატოსთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის აკვატორიაში არსებული უსაფრთხოების პირობების გამტკიცება, როგორც სიმეტრიული ასევე ასიმეტრიული საფრთხეების აღკვეთა.
„რუსეთი დღეს უკვე ნატოს პირდაპირი მოწინააღმდეგეა, თუ მტერი არა და ბუნებრივია ეს საკითხიც მოიაზრება თუ როგორ შეუძლია ნატოს მისი წევრების ბულგარეთის, რუმინეთის და მისი სტრატეგიული პარტნიორების რუსული აგრესიისაგან დაცვა.
„ეს ასევე შავი ზღვის აუზის რეგიონში ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეების აღკვეთას ითვალისწინებს, ნარკოტიკების, იარაღის უკანონო გადაზიდვა, ტერორისტებისა და მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.
„მესამე ის, რომ ესაა ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ სახელმწიფოების სამხედრო ჰარმონიზაციის მოღწევა, მასში მონაწილეობენ ბულგარეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი და საქართველო უკრაინა, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც უნდათ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები გახდნენ.
„როგორც ვიცი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ძალებიც მონაწილეობენ და წვრთნების რაღაც ნაწილი საქართველოშიც უნდა ჩატარდეს."- განაცხადა მან.
მისივე თქმით, ნატოს მიერ შავ ზღვაში წვრთნების ჩატარება რუსეთისთვის არასასიამოვნო პროცესია და შესაძლოა გარკვეული პროვოკაციაც კი განახორციელოს.
„რა თქმა უნდა რუსეთი შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემს აამოქმედებენ, ყველა ვარიანტში მათი გემები ამ წვრთნების მიმდინარეობას დააკვირდებიან და არაა გამორიცხული მათი მხრიდან გარკვეული პროვოკაციების განხორციელებაც, დაუშვათ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ, ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გადაჭერა, რომელიც ხდება ხოლმე შავი ზღვის აკვატორიაში და არა მარტო.
„რა თქმა უნდა რუსეთს ეს წვრთნები აღიზიანებს, მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა ანალოგიური წვრთნების ჩატარებით უპასუხოს, ამაში ეჭვი არ მეპარება" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.