თამთა ჩაჩანიძე
22.07.2020

„ხელისუფლებას სამწუხაროდ იმის რესურსი არ აქვს და ისეთ მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც, ამ პარტიაში ახალგაზრდები წავიდოდნენ. ახალგაზრდებს არ მოსწონთ, არ თვლიან პროგრესულ მომავლის პოლიტიკურ ძალად და არ მიდიან".

ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარ კანდიდატებზე აქცენტი პოპულარულ, გამოცდილ კადრებზე გაკეთდა, ხოლო ახალ სახეებს საზოგადოებამ სიაში იხილავს.

„რეზონანსი": ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალის გაზრდას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო, რას ფიქრობთ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით?

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებამ შეუწყო - ცუდად ნათქვამია, ბუნებრივია, ხელისუფლებას ამის პირდაპირი სურვილი, რომ ეხლა კრიმინალი გაზრდილიყო, ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეულწილად, "შავი სამყაროს" გააქტიურება შეიმჩნევა.

"შავი სამყაროს" დაბრუნება საბედნიეროდ არა იმ სახით რაც 90-იანებში იყო, მაგრამ ამ მხრივ ტენდენციები დეგრადაციისკენ მიდის და ეს სერიოზულად მისახედია.

„რ": ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესზე ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამას პოლიტიკური ელფერი აქვს, ამას პოლიტიკურ დევნად აფასებს ასევე ოქრუაშვილის ადვოკატიც...

გ.ხ.: რა თქმა უნდა, ტრაგედიის მოშუშება შეუძლებელია, მაგრამ ეს ხანდაზმული საქმეა და წინასაარჩევნოდ ასეთი თემების აქტუალიზაცია, რა თქმა უდა დაძაბულობას უწყობს ხელს. მომხრე ვარ, რომ ყველა საქმე განხილული და გამოძიებული იქნას, მაგრამ კონტექსტი სამწუხაროდ დამაფიქრებელია.

დამაფიქრებელია იმიტომ, რომ თუ ვინმეს ამ საქმის გამოძება უნდოდა, ამისათვის ძალიან ბევრი წელი ჰქონდა, ამ ხელისუფლებას ამისთვის რვა წელი ჰქონდა, იმას ვერ იტყვიან, რომ რამე ახალი გარემოება აღმოაჩინეს და შესაბამისად ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნებამდე სულ რაღაც ორი თვე დარჩა და სჯობია, რომ ასეთ საქმეებზე ცოტა დაიცადონ და მერე კი ბატონო, თუ რამეა სალაპარაკო და გამოსაძიებელი, გამოიძიონ და მართლმსაჯურება აღასრულონ.

„რ": ხელისუფლება მაჟორიტარ კანდიდატებზე ამბობს, რომ მათ შერჩევისას აქცენტი გამოცდილ და ცნობილ სახეებზე იყო გაკეთებული, ხოლო ახალ სახეებს სიაში ვიხილავთ, თქვენი აზრით, აქვს თუ არა მმართველ პარტიას იმისი რესურსი, რომ სიაში მართლაც ვიხილოთ ახალი სახეები?

გ.ხ.: ძალიან მაინტერესებს, ვინ არიან ეს პოპულარული სახეები, ძალიან მაინტერესებს, აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, ეს ყველაფერი ზღაპრებია, ესაა კეთილი სურვილები, რასაც ახდენა არ უწერია.

ამას (ახალ სახეებზე) გვპირდებიან უკვე მერამდენე წელია, პირველად შეგვპირდნენ და ღარიბაშვილი დააბრუნეს, მეორედ შეგვპირდნენ და კიდევ ვიღაცა დააბრუნეს, ხელისუფლებას სამწუხაროდ იმის რესურსი არ აქვს და ისეთ მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც ამ პარტიაში ახალგაზრდები წავიდოდნენ, ახალგაზრდებს არ მოსწონთ, არ თვლიან პროგრესულ მომავლის პოლიტიკურ ძალად და არ მიდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×