
გიორგი შაქარაშვილის საქმეში კვლავ ახალი გარემოებები და ფიგურანტები ჩნდებიან. საქმეს 21-ტომიც დაემატა, რომელიც ადვოკატებმა ჩაიბარეს.
შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომში კი იუბლიარი ანა გაბეჩავას ფეისბუქ მიმოწერები დევს. გაბეჩავა ფეისბუქ მიმოწერებში უშედეგოდ ცდილობს კაკი ჩქარეულის კავშირების დადგენას. სად არის ჩქარეულის გამოკითხვის ოქმი, უცნობია, თუმცა ანა გაბეჩავას ეჭვები მასთან დაკავშირებით მიმოწერებშიც კარგად ჩანს.
ანა გაბეჩავა ერთ-ერთ არასრულწლოვანს ესაუბრება და მასთანაც კაკი ჩქარეულთან დაკავშირებულ კითხვებს სვავს, კერძოდ, ვინ მოიყვანა ჩქარეული მის დაბადების დღეზე. გაბეჩავა ეჭვობს, რომ არეულობა ნარეკვავში სწორედ ჩქარეულის მოსვლის შემდეგ დაიწყო.
ანა გაბეჩავა თავის მეგობარ ნიკუშა ხეჩოშვილთან საუბრისას გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რა უნდოდა ჩიქოვანს, კაკი ჩქარეულს და ვინმე ზეზვას მის დაბადების დღეზე. გაბეჩავა სინანულს გამოთქვამს ჩიქოვანის ძლიერად ცემის თაობაზე, თუმცა, აღნიშნავს, რომ უდანაშაულო ბავშვის სიკვდილის ფონზე ცოდო აღარავინაა.
გაბეჩავა აღნიშნავს, რომ "ჩიქოვანს მაგარი დარხეული აქვს, მაგან მოიყვანა, მაგის მანქანა იყო". ხეჩოშვილი ცდილობს ჩიქოვანის გამართლებას, რადგან, მისი თქმით, ჩიქოვანს "თავი ჰქონდა გადახსნილი". იგი იმედს გამოთქვამს, რომ "ჩვიდმეტივეს დაიჭერენ? ნეტა ჩვენი ბიჭები გადარჩებოდნენ".
გაბეჩავა უკვე დაკავებულ თენგო ბარბაქაძესთან საუბრისას ცდილობს დააზუსტოს, ვინ მიაყენა დაზიანებები და კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა შაქარაშვილსა და მის მეგობრებზე განხორციელებულ თავდასხმაში.
ანა გაბეჩავა მას კატეგორიულად სთხოვს, სასწრაფოდ დაურეკოს ბიჭებს და უთხრას, სად სცემეს და სად დატოვეს.
"საზიზღარი ადამიანები ხართ, სადისტები, ასე როგორ გაიმეტეთ". თუმცა ბარბაქაძე ამბობს, რომ არაფერი იცის, რადგან თბილისში წავიდნენ. გაბეჩავა ბრალდებას უყენებს ბარბაქაძეს, რომ ის და მისი მეგობრები საჩხუბრად იყვნენ ამოსული, ბარბაქაძე კი ამ ბრალდებას უარყოფს.
კიდევ ერთი მიმოწერიდან მარიამ ადეიშვილსა და ანა გაბეჩავას შორის საბოლოოდ ხდება ნათელი, რომ მათ იცოდნენ, რომ შაქარაშვილსა და მის მეგობრებს რაღაც ცუდი შეემთხვათ იმ ღამეს, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ. ადეიშვილი გაბეჩავასთან საუბრისას სინანულს გამოთქვამს, რომ იმ ღამეს უნდა ეთქვათ ყველაფერი, ისტორიაც მოეყოლათ და მისი თქმით, "მაშინვე შეიძლება ძებნა დაეწყოთ". ადეიშვილი ამბობს, რომ ძალიან შეეშინდა, როდესაც ერთ-ერთი წვეულებაზე მყოფის მონაყოლი მოისმინა, თუ როგორ სცემეს იგი.
საქმის ადვოკატები სწორედ იმ ახალი ტომების გადაცემას ითხოვენ, რომლებშიც ეს მიმოწერები დევს. დღეს საგამოძიებო უწყებაში გიგა ტატიაშვილის ადვოკატიც მივიდა. მისი თქმით, ამ ტომებში ამ მიმოწერებთან ერთად ბევრი სხვა, ბოლო პერიოდში მიღებული ჩვენებებიც არის.
ასევე დღეს გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კამერის ჩანაწერი შესაძლოა დაკარგულიყო, რადგან რესტორან "ელდორადოს" დარაჯი, რომელიც ამჟამად გაუქმებულია და მის ადგილას ბრეგვაძის 112-თან საუბარში ნახსენები "ქებაბ ჰაუსი" მდებარეობს, ამ კამერების გაყიდვას აპირებდა.
ადვოკატების ნაწილმა კი ახალი მასალები ჩაიბარა. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა გლდანის ციხე დატოვეს. ისინი დაკავებულს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეხვდნენ. უფლებადამცველების ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მათ ამოცნობის ექსპერიმენტში მონაწილეობის შესახებ აცნობა.
არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის თქმით, ისინი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე უარს არ აცხადებენ, თუმცა საგამოძიებო ორგანოს მიერ აბსტრაქტული ოქმი იქნა წარმოდგენილი, რაზეც დეტალების დაზუსტების გარეშე თანხმობას ვერ განაცხადებდნენ.
"დაგეგმილი არაფერი არ იყო წინასწარ, რაღაც აბსტრაქტული ოქმი იყო, რომელიც შეიძლება ყველაფერზე გავრცელებულიყო. ჩვენ ვუთხარით, რომ კონკრეტულად გვითხარით თარიღი, ვის მიერ ხორციელდება ამოცნობის საგამოძიებო მოქმედება, რა უნდა ამოიცნოს, რასთან მიმართებაში და ჩვენ უკვე შემდგომში განვიხილავთ და დეტალურად გეტყვით პასუხს.
“ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა ასე წინასწარ განუსაზღვრავ საგამოძიებო მოქმედებებზე, ცხადია, ჩვენ თანხმობას ვერ განვაცხადებთ," - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა. ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარდეს.
გამოძიების ვადის გაგრძელებას გამოეხმაურა გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძეც. მისი თქმით, ვადის გაგრძელებაში არაჩვეულებრივი არაფერია, თუმცა ეს შედეგიანი უნდა იყოს და ღირებული მტკიცებულებების შეგროვება უნდა მოხდეს.
"გამოძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით პანაციურად არ მიმაჩნია, მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივი საქმეა, რადგანაც გაცილებით მარტივ საქმეებშიც ჩვეულებრივად ხდება. მთავარია ის, რომ ამ გადადებულმა და გაგრძელებულმა ვადებმა მოგვცეს შედეგი.
“დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა უმოძრაობა. თუმცა მარტო მოძრაობას და დამატებით დაკითხვებს და გამოკითხვებს, თუ მას არ მოჰყვა შესაბამისი ღირებული მტკიცებულებების შეგროვება, ამ შემთხვევაში აზრი არ ექნება. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ეს n-რაოდენობით მოძრაობა რაღაც გარკვეულ შედეგს მოიტანს,"- აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.