
გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენიობის ზრდა შეინიშნება. გაჩნდა ე.წ. „გაჩიანის კლასტერი", რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსით 36 ადამიანია ინფიცირებული. 21 ივლისიდან გარდაბანში დაიწყო მასობრივი ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგები და პრეიმიერ-მინისტრი სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში რეგიონის ჩაკეტვას არ გამორიცხავენ.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მზად არის ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეგიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღოს.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონიდან მოსახლეობა ხშირად ბაზრობებზე სამუშაოდ ჩამოდის შეიცვლება პროტოკოლი და ასეთ ზონებზე კონტროლი გამკაცრდება.
„გუშინ გვქონდა ინფიცირების 24 შემთხვევა, დღეს - 12. ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც არის უაღრესად საყურადღებო. მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სოფლების სოციალური სტრუქტურა გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე.
ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდება კონტოლი. ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. შერჩევით ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზონების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად", - თქვა გახარიამ.
პრემიერმა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს.
„მას შემდგომ რაც ეტაპობრივად და ფრთხილად გავხსენით შეზღუდვები, რომელიც გვქონდა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაგვეცოცხლებინა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩონოთ თითოეულმა მოქალაქემ, რათა შევინარჩუნოთ ის წარმატება, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის სწორი მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული საკითხი. ერთი მეორეს გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ერთ ან მეორე სფეროში", - ამბობს გიორგი გახარია.