თამთა ჩაჩანიძე
23.07.2020

ბოლო ორი დღის განმავლობაში, კორონავიორუსით ინფიცირებულთა და მისგან გამოჯანმრთელებულთა დინამიკა მნიშვნელოვნად გაუარესდა, სპეციალისტები ამ მაჩვენებელს გარდაბნის რაიონის სოფლების ლოკალურ ეპიდ-აფეთქებებს და ქვეყანაში შემოსულ ტრაილერების ინფიციურებულ მძღოლებს უკავშირებენ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის გამო შეიქმნა, მზადაა რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, ზომების გამკაცრება მოხდეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა, მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება.

„განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც ყურადსარებია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე.

„ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდება კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევით ჩატარდება აქტიური ტესტირება, საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზონების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად."- განაცხადა პრემიერმა.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბოლო ორი დღის მონაცემების დინამიკის გაუარესებაში საგანგაშო არაფერია, თუმცა მისივე თქმით, საყურადრებოა.

„ერთი დღის სტატისტიკით პირდაპირ ვერ იტყვი რომ გამოჯანმრთელებულთა პაციენტების დინამიკა გაუარესდა, მოგეხსენებათ, რომ გამოჯანმრთელებას ორი-სამი კვირა სჭირდება, ამ ეტაპზე ძველი პაციენტების უმრავლესობა მორჩენილია,

„ახლა ახალი პაციენტებია დარჩენილი, რომლებიც კლინიკებში უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში არიან შემოსულები ამიტომ ჯერ ბუნებრივია, რომ არ გამოჯანმრთელებულან.

„რაც შეეხება ინფიცირებული რაოდენობის ზრდას, მოგეხსენებათ გუშინდელი და დღევანდელი ნაწილი მაინც ლოკალურ ეპიდ-აფეთქებას გარდაბანს და ასევე ტრაილერის მძღოლების მიერ შემოტანილ შემთხვევებს უკავშირდება.

„ამიტომ ამ ეტაპზე რაღაც განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ეს ზრდა საყურადღებოა და ამას დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ და ეპიდ-ეფეთქების კერებში ღრმა ეპიდ-კვლევები უნდა ჩატარდეს, რაც მე როგორც იმ სოფლებში, სადაც მაღალი გავრცელებაა მოსალოდნელი, მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს.

„იმ ადგილებში, სადაც ეპიდაფეთქებებია, თუ მასობრივი კვლევა ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა ამან შესაძლოა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ როგორც წინა შემთხვევებში იყო, კონკრეტულ რეგიონში მოსახლეობის ფართომასშტაბიანი გამოკვლევა მოხდება და სხვაგან მაღალი გავრცელება არ იქნება.

„ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასე რადიკალურად არ გაუარესდება, რომ კომენდანტი საათი და რაიმე ასეთი რადიკალური შეზღუდვის შემოღების საფუძველი იყოს."- განაცხადა მან.

ბიზნესმენი და კომპანია "Microsoft"-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა კორონავირუსზე იმუნიტეტი გამოიმუშაოს, ერთჯერადი ვაქცინაცია საკმარისი არ იქნება.

„ამ ეტაპზე ვერცერთი ვაქცინა ვერ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ერთჯერადი ვაქცინაცია საკმარისი იქნება."-განაცხადა გეითსმა „სი-ბი-ეს ნიუს"-თან ინტერვიუში.

გოგინავა გეითსის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნავს, არცერთი აცრა სამუდამო არაა და იმისათვის რომ ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები შენარჩუნდეს, საჭიროა რამდენიმე წელიწადში რევაქცინაცია, ანუ განმეორებითი აცრა ჩატარდეს.

„კორონავირუსი იმითაა გამორჩეული, რომ გადატანის შემდეგაც ჯერ არ ვიცით თუ რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს ტოვებს, მითუმეტეს ვაქცინაციის შემდეგ იმიტომ, რომ ზოგადად არცერთი დაავადების ვაქცინა სამუდამო არაა.

„მაგალითად წითელას ვაქცინასაც 10-15 წელიწადში განმეორებით სჭირდება, რომ რევაქცინაცია მოხდეს, ამიტომ ამაზეა საუბარი, შესაძლებელია ადამიანმა ვაქცინა ერთხელ გაიკეთოს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში რევაქცინაცია ისევ საჭირო იყოს, რომ ორგანიზმში ანტისხეულები შენარჩუნებული იყოს, რომელიც შემდეგ ამ დაავადების განვითარებისგან დაიცავს.

„ამიტომ ჯერჯერობით ელრთმნიშვნელოვნად ეფექტური ვაქცინა, რომელიც ერთი გაკეთების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში დაგიცავს, ჯერ ასეთი არ შექმნილა, ვნახოთ ამაზე მუშაობა მიდის და რა იქნება მომავალში გამოჩნდება."-აღნიშნა გოგინავამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×