
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. თეთრიწყაროს ტყეში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა, მედიაში გარკვეული ვერსია უკვე არსებობს, რომ თამარ ბაჩალეიშვილმა თავი მოიკლა. ამის ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა და აცხადებენ, რომ გოგონას სუიციდის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.
ის სახლიდან გასვლისას მეზობელმა ნახა, რომელსაც მიესალმა, გამოელაპარაკა და საკმაოდ კარ გახსიათზე იყო. ასევე კითხვები ავტომობილთან დაკავშირებით გაჩნდა. ოჯახი ამბობს, რომ ადგილი სადაც ცხედარი იპოვეს როგორც ახლობლებმა, ასევე ადგილობრივებმა და პოლიციელებმაც დაათვალიერეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ ავტომობილი ახალი მიყვანილია და ნაკვალევიც ამაზე მეტყველებს.
თამარ ბაჩალეიშვილი 16 წლის მწყემსმა იპოვა და მან ამის შესახებ ჯერ მამას შეატყობინა, რომელმაც შემდეგ პოლიცაში დარეკა. ბიჭს მწყემსობის დროს ძროხა გაექცა, მინდორში გაეკიდა და სადღაც 50 მეტრის მოშორებით ავტომობილი დაინახა. მას ტელევიზორიდან ინფორმაცია ჰქონდა, რომ გოოგნას ეძებდნენ, რადგანაც ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, მამასთან გაიქცა. მამამ კი პოლიციაში დარეკა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში 4 მწყემსია, რომლებიც შემთხვევის ადგილას საქონელს აძოვებენ, ამიტომაც არცერთ მათგანს 4 დღის განმავლობაში ავტომობილი არ შეუმჩნევიათ.
„სოფელ ხაისში არის 4 მწყემსი, მთელი დღე ეს ხალხი საქონელს მანდ აძოვებს. კაციშვილს მაგ ადგილას მანქანა არ უნახავს. პოლიციელებიც დადიოდნენ, ტყეში, მინდორში ყველგან ეძებდნენ. მოდიოდნენ ადგილობივებთან და გვაფრთხილებდნენ რომ თუ ავტომობილს შევამჩნევდით, დაგვერეკა. პოლიცია ტყეში და მინდორში იყო გაშლილი. სად აღარ ეძებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი ახალი მოყვანილია“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
ბაჩალიაშვილები მომხდარს თამარის საქმიანობას უკავშირებენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ განსაკუთრებულ ინტერესს ექსპერტიზის დასკვნაში ტოქსიკოლოგის პასუხი იწვევს, რადგან ბაჩალიაშვილის ცხედართან აღმოჩენილ იქნა გარკვეული მედიკამენტები. გუშინ დასრულებული ექსპერტიზის პასუხები დაახლოებით 10 დღის შემდეგ გახდება ცნობილი.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ მანქანა ტყეში წინა ღამეს არის მიყვანილი და მისივე ვარაუდით, თამარ ბაჩალიაშვილს ადგილის ლოკაცია ვიღაცამ ჩაუგდო, რადგან ადგილობრივებიც ამბობენ, რომ გოგონა ადგილზე მისასვლელ კონკრეტულ გზას ეძებდა.
"რა თქმა უნდა, ყველას ვერსია ის არის, რომ მანქანა ადგილზე წინა ღამეს არის მიყვანილი, ალბათ პროტესტი რომ იყო, იმ დღეს მიიყვანეს. უკვე, როდესაც ვაპირებდით თამარის საძებნად წასვლას, სიუპრიზად დაგვახვედრეს. მობილური ტელეფონი გვერდით სავარძელზე იდო, თვითონ კი უკანა სავარძელზე იწვა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ თამარი კონკრეტულ ადგილს ეძებდა. დარჩათ შთაბეჭდილება, რომ რაღაცა კონკრეტულ ადგილისთვის მიგნებას ცდილობდა. ეჭვი გვაქვს, რომ ლოკაცია ან წინასწარ მისწერეს, ან ჩაუგდეს ტელეფონზე ,"- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი ლიანა ვერაშვილი.
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი, გოგონას გარდაცვალების ამბავთან დაკავშირებით, არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს. ადვოკატი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს. გარდაცვლილი გოგონას ადვოკატი ოჯახის მსგავსად, თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევს.
"თვითმკვლელობის ვერსია, მე ცოტა მაეჭვებს. არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს. თვითმკვლელობასაც და ისეთ რამესაც, რამაც მკვლელობაზეც შეიძლება გაგვიჩინოს ეჭვი.
“თუ ეძებდნენ და მანქანა 5 დღე იქ იდგა, მაშინ უნდა ეპოვათ. თუ არ ეძებდნენ, ე.ი. ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. იმდენი ხნის გარდაცვლილია გოგონა, რომ ის მანქანას თავისით იქ ვერ მიიყვანდა, ანუ ვიღაცამ მიიყვანა,"- აცხადებს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ წერილი, რომელიც მანქანაში იპოვეს, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ამიტომ ბაჩალიაშვილები მომხდარის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ და ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.საქმეში, ოჯახის სურვილით, უკვე ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც. გოგონას ბიძა კობა თამაზაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გოგონას თვითმკვლელობის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.
"თამარი იყო წარმატებული გოგონა, სამსახური ჰქონდა, კარგი ანაზღაურება, კარიერა, სამომავლო გეგმები ჰქონდა. სახლში იდიალური ატმოსფერო. მშობლებთან და ძმასთან წარმოუდგენლად კარგი ურთიერთობა. ახლა კითხვა ჩნდება მაშ რატომ უნდა მოეკლა ასეთ წარმატებულ ადამიანს თავი სახლიდან ამხელა ადგილიდან მოშორებით? ავტომობილი მიყვანილია და თუ ის დიდი ხნის გარდაცვლილია, ესეგი ლოგიკურია, რომ ვიღაცამ მიიტანა“,- აღნიშნავს გარდაცვლილი ქალის ბიძა.