
ერთი თვე და 4 დღე გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად ამ დროის გასვლისა, ჯერჯერობით 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. თუმცა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში მოწმეების დაკითხვა არ წყდება და საქმის მასალებში სულ უფრო და უფრო ახალი ფიგურანტები, ჩვენებები და გარემოებები ხდება.
პოლიციამ ასევე საქმეში ამოიღო სოციალური ქსელებიდან წაშლილი მიმოწერები. დღესვე ე.წ. ოქროს მოწმის გური ამირხანაშვილის მიერ დაკავებული არასრულწოვანის ამოცნობა ერთი თვის შემდეგ მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" კი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი მოწმის ჩვენება გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ ინციდენტის მონაწილე პირები რაღაცის "გადაგდებაზე" საუბრობდნენ, თუმცა მოწმე მათ ვინაობას კონკრეტულად ვერ ასახელებს. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ გარემოებებზე მოწმე საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომში საუბრობს.
"როდესაც მე მათ გვერდით გავიარე, ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს - ის ხომ გადააგდეო. პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა "ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა რომ გაიგონ, მაგრად დაგვარტყამენო."
მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია,"-ნათქვამია ჩვენებაში
გიორგი შაქარაშვილის საქმის თაობაზე დღეს საგამოძიებო უწყებაში ასევე იუბილარი, ანი გაბეჩავა მივიდა. მან უნდა დაასახელოს გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ ვიდეოკადრებში ნაჩვენები მეგობრები. პარალელურად, ანი გაბეჩავა გამოძიებისთვის საინტერესო გახდა სოციალურ ქსელში მიმოწერითაც, სადაც იქ ნაძალადეველ მეგობრებს ესაუბრება. მიმოწერას, რომელიც შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომშია და სადაც იუბილარი ფოტოგრაფს, იაკობ ბრეგვაძეს ინციდენტის თაობაზე კითხვებს უსვამს.
იაკობ ბრეგვაძე: მე გვერდზე გავიქეცი, ღობეზე გადავხტი და შენობაში ვიყავი, მშენებარეში.
ანი გაბეჩავა: გალახეს თუ რა უქნეს შაქარას?
იაკობ ბრეგვაძე: ზუსტად ყველაფერი არ ვიცი, მე არავინ მომდევდა.
ანი გაბეჩავა: პოლიცია გამოიძახე? არ დაგინახავს შაქარა?
იაკობ ბრეგვაძე: ეგრევე გამოვიძახე და არ მოვიდა, არ დამინახავს. ხიდზე გარბოდა 3 ტიპი და 2 თუ 3 ტიპი მისდევდა, არ ვიცი სახელები და არც ის ვიცი, ვინ სად წავიდა, ნომრებიც ვერ გავარკვიე, რომ დამერეკა და მენახა.
ანი გაბეჩავა: ერთად ხო იყავით იმ მომენტში, სად გაქრა?
იაკობ ბრეგვაძე: არ ვიცი, გოგო. ყველა ერთ მხარეს გაიქცა, ეგ დავინახე მე.
ანი გაბეჩავა: რამდენი მანქანით იყვნენ?
იაკობ ბრეგვაძე: ერთი, თეთრი მერსედესი იყო, ორჯერ მოვიდნენ.
ანი გაბეჩავა: ათ წუთში მეორე მანქანაც მოსულაო და არ დაგინახავს? სხვები ამბობენ ორი მანქანით იყვნენ და გვცემესო.
იაკობ ბრეგვაძე: შეიძლება, ანუ, მერსედესი იყო ორივე მაშინ, ერთი თეთრი უეჭველი მახსოვს. თავიდან რომ გააჩერეს, შავი იყო, იმენა უეჭველი და მეორე მოსვლაზე თეთრი. არ ვიყურებოდი, რომ გამეხედა, დამინახავდნენ.
ასევე საქმეშია ანი გაბეჩავასა და არასრულწლოვანის, ნ.ხ-ს მიმოწერასაც. არასრულწლოვანი ნ.ხ. დაკავებული არ არის. ის მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა და ამ დღეების განმავლობაში გამოკითხვაზე დადიოდა.
მიმოწერაში გაბეჩავა და ნ.ხ. საქმის ახალ ფიგურანტს, ვინმე ჩქარეულს ახსენებენ. ირკვევა, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ვახტანგ ჩიქოვანი, ასევე ჩქარეული.
ანი გაბეჩავა: ჩიქოვანი რატომ იყო ჩემ დაბადების დღეზე, ვინმემ ამიხსნას.
ნ.ხ: არ ვიცი.
ანი გაბეჩავა: ვინ დაპატიჟა?
ნ.ხ: და მომიკვდეს თუ ვიცოდე ვინ მოიყვანა.
ანი გაბეჩავა: ეს ზ.ხ ვაბშე ნანახიც არ მყოლია არასდროს, შენგან გავიგე სახელი, რა უნდოდათ. იმ საბა გოგშელიძეს რა უნდოდა კიბეზე, რო იჩხუბეს, რა მოხდა? იმ რაგბისტებს იცნობ? ჩიქოვანს მაგარი დარხეული აქვს, მაგან მოიყვანა, მაგის მანქანა იყო.
ნ.ხ: კაი რა, მასეც არაა, ჩიქოვანს თავი ჰქონდა გადახსნილი. არაფრის გამო რომ თავს გაგიტეხავენ ქვით, მგონი ლოგიკურია რომ ამოხვალ ისევ, უბრალოდ, ცუდ დროს ამოვიდნენ და იმ უდანაშაულო ბიჭებთან არ უნდა მისულიყვნენ.
ანი გაბეჩავა: ნეტა ჩვენი ბიჭები გადარჩებოდნენ.
ნ.ხ: ხო, მე მართლა არ მგონია რომ ვინმეს მოეკლა ან წყალში დაეხრჩო, არც ერთი არაა მაგის გამკეთებელი.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნო. ადვოკატი „რეზონანსთან“ განმარტავს, რომ ჩვენებაში ამირხანაშვილი არ ახსენებს არასრულწლოვანის მხრიდან რაიმე ტიპის ძალადობას და ასევე, ამბობს იმასაც, რომ იგი მას პოლიციის განყოფილებაშიც ჰყავს ნანახი.
"ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. და მან, ასევე, განმარტა, რომ ეს პირი მას ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რომ ზ.ხ-მ მას გადასცა ნამცხვარი, ვინაიდან იგი იყო მშიერი. ასევე, ეს დეტალიც განაცხადა ამირხანაშვილმა, რომელიც დაფიქსირებულია ოქმში და ხელმოწერილია - მანქანაში ნახა ზ.ხ. ამირხანაშვილმა. მას არ უთქვამს, რომ მან რამე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანი გაბეჩავა სამართალდამცავ უწყებაში ვიდეომასალის დასათვალიერებლად მივიდა. მისი ადვოკატის განცხადებით, რა ტიპის ვიდეომასალაზეა საუბარი, ინფორმაცია არ აქვს. ადვოკატმა მიმოწერასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ანი გაბეჩავამ პოლიციას ჩვენება 19 ივნისის დილასვე მისცა.
"დაბარებულები ვართ ვიდეომასალის დასათვალიერებლად, დანარჩენი ჩვენთვის უცნობია. რომელი ვიდეოებია, არ ვიცით, ავალთ და გავარკვევთ. ამ მიმოწერებზე ახლა ვერ გიპასუხებთ. თავის ძალებით არკვევდა, თქვენ თვითონ ნახეთ, გასაჯაროებულია მისი ჩვენება, მაგრამ როდის უნდა შეეტყობინებინა ან როგორ, როცა 19 ივნისსვე დილით ანის დაურეკა პოლიციამ მცხეთის დეპარტამენტიდან და დაიბარეს,"- აცხადებს ანი გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა კი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი, შესაძლოა, თავისმა მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ დაეხმარა. ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უადანაშაულოა.
"შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა,"- განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.