თამარ მუკბანიანი
23.07.2020

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მოშალოს „ფრონტერასთან” კონტრაქტი. საუბარია კომპანიაზე, რომელმაც  საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა, დასაქმებულებს ხელფასი 24 თვის მანძილზე არ გადაუხადა და საერთშორისო არბიტრაჟი წააგო. რატომ ინარჩუნებს ხელისუფლება ურთიერთობას ასეთ კომპანიასთან და არის თუ არა ეს მხოლოდ კონგრესმენების წერილების გავლენა, საზოგადოების დიდ ნაწილს ახლა ეს კითხვა აქვს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, შესაძლებლობა მისცენ კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ”, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა. 

“საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ფრონტერა“-მ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებებში ბუნდოვანების შენარჩუნების მიზნით, უარი განაცხადა ქართული მხარის შეთავაზებაზე, გასაჯაროებულიყო არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გააჩაღა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი რუტინული სამართლებრივი დავის საერთაშორისო განზომილების პოლიტიკურ კონფლიქტად წარმოჩინება იყო. 

სამწუხაროდ, „ფრონტერა“-ს მიერ წამოწყებულ კამპანიაში ძალაუნებურად ჩართული აღმოჩნდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წევრი - საქართველოს მეგობარი კონგრესმენები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების თაობაზე არსებითად მცდარ ინფორმაციას ისევ „ფრონტერა“-ს მესვეურები და მათ მიერვე დაქირავებული ლობისტები აწვდიდნენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ვრცელ განცხადებაში, რომელზეც ამ თემაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ მხარეებს შორის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ფრონტერამ” “გააჩაღა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი რუტინული სამართლებრივი დავის საერთაშორისო განზომილების პოლიტიკურ კონფლიქტად წარმოჩინება იყო”. 

გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა: 

„ჩვენი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ მას სჭირდება საფუძვლიანი გაფრთხილება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელსაც დავიცავთ. რაც შეეხება „ფრონტერას“, ქართული მხარის სიმართლე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა. კომპანიამ 1997 წლის მერე ვერც ერთხელ ვერ შეასრულა ვალდებულებები და იძულებული გავხდით, არბიტრაჟისთვის მიგვემართა. საერთაშორისო არბიტრაჟმა პრაქტიკულად მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას და „ფრონტერას“ დაეკისრა სასამართლო დავასთან დაკავშირებული თანხის გადახდა, რაც 6 მლნ დოლარს შეადგენდა და ჩვენ უკვე გაგვიჩნდა საფუძველი, რომ მთლიანად მოგვეშალა კონტრაქტი „ფრონტერათან“. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაჩერებთ გადაწყვეტილებას კონტრაქტის მოშლის, ვუტოვებთ დარჩენილ 1% ტერიტორიას, რომელზეც ხორციელდება მოპოვება, ლიცენზიის ვადით. მთავარი მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა არის ის, რომ „ფრონტერამ“, ნაცვლად იმისა, რომ მთელი თავისი რესურსი მიემართა ვალდებულებების შესრულებისკენ, ნაცვლად იმისა, რომ დაეფარა დაგროვილი დავალიანება იქ დასაქმებული ადამიანების წინაშე, თავისი რესურსი და ფინანსური რესურსი მიემართა არნახული მადისკრედიტებელი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა თურნავამ. 

მისივე თქმით, „ფრონტერას“ მცდელობა იყო, რომ ეს ერთი კონკრეტული კომერციული "ქეისი" წარმოეჩინა, როგორც სახელწიფოთშორისი დავა.

ის, რისი იმედიც ეკონომიკის მინისტრს აქვს, სრულად გამორიცხავს, დამოუკიდებელი პროფკავშირის ,,სოლიდარობის ქსელის” ხელმძღვანელი სოფო ჯაფარიძე. მისი თქმით, კომპანია ფინანსური პირამიდებით საქმიანობდა და მას არავითარი რესურსი არ აქვს, დასაქმებულებს ფინანსური დავალიანება აუნაზღაუროს. 

,,თაღლითურმა კომპნიამ, რომელსაც  ფული არ აქვს, როგორ უნდა შეასრულოს ვალდებულებები? აბსოლურუტრად აბსურდულია ეს სიტოაცია, მით უფრო, იმ ფონზე, როცა მტელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება იმეორებდა რომ ეს არის, არბიტრაჟ წაგებული კომპანია. მართლა არ აქვთ რესურსი, რომ რამე გამოასწორონ.  მთლიანად ფინანსურ სქემებზე იყო აგებული მათი მოგება, ბირჟაზეც ცრუ ინფორმაცია გაქჰონდათ და ასე აკეთებდნენ ფულს. 

მუშები, რომლებიც აპროტესტებდნენ, მომენტალურად ანთავისუფლებდნენ სამსახურიდან. ხვდებით ხო, როგორ კომპანიას უგრძელებს ხელისუფლება კოტრაქტს, რამდენიმე კონგრესმენის წერილის გამო, რომლებიც ამერიკის შიდა პოლიტიკას ვინც ადევნებს თვალს, ყველამ იცის რომ ვერავითარ ამინდს ვერ ქმნიან. .”-ამბობს ჯაფარიძე ,,რეზონანსთან”. 

გადაწყვეტილება, არ მოსწონთ არც ოპოზიციაში. ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა,- ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტს აგრძელებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლება ინვესტორებს საქმიანობისთვის არახელსაყრელ გარემოს უქმნის.

"ჩვენ გვყავს არათანმიმდევრული, უუნარო მთავრობა, რომელმაც შექმნა ისეთი პირობა, რომ ინვესტორებს შეუქმნა არახელსაყრელი გარემო ჩვენ ქვეყანაში. ანაკლიის პროექტი ამის ნათელი დადასტურებაა. პირობას გაძლევთ, ოქტომბერში, როგორც კი "ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ, შევცვლით საინვესტიციო გარემოს ისე სწრაფად რომ ქვეყანაში დაიწყოს ნამდვილი რენესანსი. ჩვენმა გუნდმა იცის როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ ჭაობიდან. როგორც გავხადოთ ლიდერი",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სულ რამდენიმე დღის წინ, ფრონტერას თანამშრომელმა, რომელსაც 14 თვის ხელფასი არ ჰქონდა აღებული, სიცოცხლე თვითმკვლელობოთ დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×