
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კენ ვოლკერის სამედიცინო-სარეაბილიტავიო ცენტრის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც, რამდენიმე გაცხადება გააკეთა. პრემიერმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე. მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს.
როგორც გახარია ამბობს, ეს ანგარიში უმთავრესად ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.
„ჩვენ მოხარულები ვარ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. პირიქით, ეს ჩვენს ინტერესებშია. ამ პროცესებში ჩვენ თვითონ ეჭვი არ გვეპარება. კითხვის ნიშნები, რაც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება. მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, სამართლიანობის ფასიც ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს. ახლა მიხვდება, რას ნიშნავს პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩენო სისტემა, როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასება იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესის, ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვიქნებით", - ამბობს პრემიერი.
პრემიერის განცხადებით დასავლეთში საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო გაჩეინილი კითხვის ნიშნები თანდათან ქრება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება. თანამშრომლობის ისეთ სფეროებზეა საუბარი, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება, ვაჭრობა, ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამ კითხვების დასმის უფლება ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ ეს კითხვები დროთა განმავლობაში იხსნება", - თქვა გახარიამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ. როგორც პრემიერი ამბობს, მათ ეს არ გამოუვათ.
„ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. ეს ყველას კარგად ესმის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ამას შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა, მისი თქმით შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გომელაურის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია და არც განიხილება.
„არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია!", - თქვა მან.
გომელაურის გადადგომას ითხოვს ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოება, ისინი მიზეზად უწების არაეფექტურ მუშააობას ასახელებენ.
გარდა ამისა, პრემიერმა მართლმსაჯულების სისტემაზეც ისაუბრა. გახარიას თქმით, ამ სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება.
„საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საკანონმდებლო გეგმებიც გვაქვს, ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი დასრულებული არ არის. მაშინ, როდესაც გამოძიებისგან საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰყოფნის, მედიაც ამას იყენებს და შემდგომ უკვე ტრაგედიის მსხვერპლთა გამოყენება ხდება გარკვეული ვერსიების განვითარებაში. ეს გამოძიების ნაწილია. მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის, მსგავსი სახის პოზიციონირება ამორალურია", - ამბობს პრემიერი.
პრემიერმა, 19 ივლისს აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყებულ სტატიაზეც გააკეთა გაცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს გავლით სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში საბრძოლო იარაღის შეტანაზე. მისი თქმით, ესაა მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება.
„საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს", - თქვა გიორგი გახარიამ.