მარიამ ნებულიშვილი
24.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მაშსტაბით 30 მაჟორიტარულ ოლქში უკვე წარადგინა საკუთარი კანდიდატები. მმართველი გუნდი პროპორციულ სიას სექტემბერში წარადგენს. ექსპერტების თქმით, მმართველი გუნდის სია ისეთი კანდიდატებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც ასე თუ ისე დადებითი რეიტინგი აქვთ საზოგადოებაში. „მმართველი გუნდი ეცდება, როგორმე არაპოპულარული ადამიანებით კი არა, ნაკლებად მიუღებელი ადამიანებით დააკომპლექტოს სია", - ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის ღონისძიებაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოჩნდა, საზოგადოება და მედია აქტიურად საუბრობდა „ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ბახტაძის შესაძლო მოხვედრაზე.

24 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამ თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბახტაძე დიდი ალბათობით არ იქნება „ოცნების" სიაში.

„მამუკა ბახტაძე არის „ქართული ოცნების" გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების" მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში", - ამბობს თალაკვაძე.

ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ფაქტი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი კანდიდატებს ხალხში მათი პოპულარობით არჩევს და არა პარტიაში მათ მიმართ არსებული განწყობით. ზაქარეიშვილი პროპორციულ სიაში სრულიად უცნობი ადამიანების ხილვას არ გამორიცხავს.

„რაკი ბახტაძე შესაძლოა არ მოხვდეს „ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში, ე.ი. ის აღარაა ხალხში პოპულარული. მმართველი გუნდი ეცდება, როგორმე არაპოპულარული ადამიანებით კი არა, ნაკლებად მიუღებელი ადამიანებით დააკომპლექტოს სია.

„მაგალითისთვის რატომ ჩასვეს მაჟორიტარების სიაში სუბარი, სერგეენკო ან კახიშვილი? იმიტომ, რომ ისინი დიდი ხანია წასულები არიან აქტიური პოლიტიკიდან და მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში აღარაა.

„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება" ეძებს ფიგურებს, რომლებსაც საზოგადოებაში არ აქვთ უარყოთი დამოკიდებულება. ჯანდაბას, ნუ ექნებათ დადებითი დამოკიდებულება, მთავარია არ ჰქონდეთ უარყოფითი დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ არ თქვას, როგორ შეიძლება ამ სიას მივცეთ ხმა, ნახეთ, ვინ არიან შიგნითო. ამ პრინციპით მოქმედებს მმართველი გუნდი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ სიაში იყოს ძალიან ბევრი უცნობი ადამიანიც კი, რომელსაც ვერავინ ვერ შეედავება. ვერავინ ვერ იტყვის, რა უნდათ ამათ სიაშიო. „ქართული ოცნება" შეეცდება რაც შეიძლება ნაკლებად სადავო და მიუღებელი ხალხი ჰყავდეს პროპორციულ სიაში", - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, შესაძლებელია პროპორციულ სიაში მოხვდნენ მოქმედი მაჟორიტარებიც. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ზაქარეიშვილის შეფასებით არჩევნების შემდეგ რაიმე განსაკუთრებული როტაცია მოქმედ მინისტრთა კაბინეტში არ მოხდება.

„საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ მოქმედი მაჟორიტარები, რომლებიც ახალ სიაში ვერ მოხვდნენ, შევიდნენ პროპორციულ სიაში, თუ ეს მაჟორიტარები მეტ-ნაკლებად არ გამოირჩეოდნენ აშკარად უარყოფითი რეაქციით და თავის რეგიონში საზოგადოების ასე თუ ისე დადებითი განწყობით სარგებლობდნენ. ასე რომ, თუ მათ არ სურთ ყოფილი მაჟორიტარის განაწყენება და მისი ოპოზიციაში გადასვლა, აუცილებლად შეიყვანენ პროპორციულ სიაში. ამით დააკმაყოფილებენ მათ ამბიციას.

„თუ არჩევნების შემდეგ „ოცნებას" მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიცია არ დასჭირდება, აუცილებლად დატოვებს ამ მინისტრთა კაბინეტს, გახარიაც დიდი ალბათობით კვლავ პრემიერი იქნება. „ოცნებას" არც ერთი მინისტრის მიმართ არ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება. ერთადერთი შესაძლებელია წულუკიანი გადავიდეს პარლამენტში და მის ადგილას დაინიშნოს სხვა.

„მინისტრთა კაბინეტში დღეს ტექნოკრატიული მმართველობაა, ასე თუ ისე პოლიტიკოსები პარტიული ფიგურები არ არიან, საზოგადოებაში არც სიმპათიებს არ იმსახურებენ, მაგრამ ანტიპათიაც არ აქვთ. სწორედ ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ მოქმედი მინისტრთა კაბიეტის დიდი ნაწილი კვლავ დარჩეს თანამდებობაზე", - თქვა მან.

ზაქარეიშვილმა წულუკიანზეც ისაუბრა, მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მოქმედი იუსტიციის მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში ვიხილოთ.

„წულუკიანი მნიშვნელოვანი ფიგურაა „ქართული ოცნებისთვის". დებატებში კარგად გამოდი, შეუპოვარია, პრინციპულია, ამიტომ არ მოსწონს ოპოზიციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ, რომ ის არ იქნება პარლამენტის რიგითი წევრი. წულუკიანს მომავალ პარლამენტში თუ პარლამენტის თავმჯდომარის არა, - ვიცე-სპიკერი თანამდებობაზე მაინც ვიცილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ წამყვანი მოლაპარაკე „თავი" იყოს „ქართული ოცნებისთვის" ამ პარლამენტში. მასზე იქნება დაფუძნებული მმართველი გუნდის პოლიტიკის გატარება სულ ცოტა რიტორიკის დონეზე მაინც", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×