თამთა ჩაჩანიძე
24.07.2020

უკვე მესამე დღეა კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მაღალია, პარასკევს დადასტურებულ ახალ შემთხვევათა რიცხვი 19-ს შეადგენს, შემთხვევების მეტი წილი კი ბაზრობას უკავშირდება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან ამბობს, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდანაა, 2 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.

ეპიდვითარებიდან გამომდინარე კი ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო, კვლევის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი ამ ბაზრობაზე მუშაობს, თუმცა ბაზრობის პრესსამსახურისვე ცნობით, მოსახლეობის ადგილზე მისვლა და ვაჭრობა სრულიად უსაფრთხოა.

საგანგაშო მონაცემების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა და საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ."

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით კი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის 3 დადასტუირებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 შემთხვევა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკს უკავშირდება. მერისვე თქმით, ადგილზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მთლიადან აღმოფხვრა ვერ ხერხდება და მისი აზრით, ამიტომაცაა ასეთი მცირე ეპიდ-აფეთქებები.

„ამ შემთხვევებმა ისევ და ისევ მობილიზება გამოიწვია, ძირითადად კორონა მაგ მხრიდან გვირტყავს ხოლმე, მაშინაც როგორც ვიცი დიდი მასშტაბის ქორწილი თუ ქელეხი იყო და ეტყობა მაინც მოხვდა ვიღაცა,ვინც გარედან შემოიტანა და ამ ხალხში გაავრცელა, ეს ალბათ შემოტანილია, მაგრამ მაინც შიდა კლასტერში გადის.

„როგორც მე მივხვდი ჯერჯერობით მთლიანად ვირუსის გაუნებელყოფა ვერ ხერხდება, ასეთი ეპიდ-აფეთქებები ყოველთვის შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს საგანგაშო არაა, მთავარია ეს აფეთქებები ეპიდემიაში არ გადაიზარდოს.

„მე ვუყურებ ხალხს როგორ დადიან, პირბადეები როგორ უკეთიათ, ძალიან ბევრი ხელებს არ იმუშავებს, პირბადე ნიკაპზე უკეთიათ, რომ თუ ვინმე შეხედავს, იმ დროს აიწიოს, რეალურად პირბადეს ერთხელ თუ გაიკეთებ და მერე მოიხსნი, ან ჩამოიწევ, იმის თავიდან გაკეთება არ შეიძლება, ის უნდა გადააგდო.

„ამიტომ არაა გასაკვირი, რომ არასწორი ჰიგიენური ნორმების დაცვა ამ სიტუაციას განაპირობებს, ძალიანაც რომ მოინდომო, ყველა ადამიანს ფეხდაფეხ ვერ გაეკიდები,სახელმწიფოს რაც შეუძლია აკეთებს და თვითონ ხალხმაც უნდა შეიგნოს როგორ უნდა იმოქმედოს, თუ დაცვა ისე მოხდება, როგორც თავიდან მოხდა, როცა ეშინოდათ და ყველა ყველაფერს სწორად აკეთებდა, მაშინ გვეშველება და თუ ხალხის ერთმანეთში შერევა ადევილად მოხდა და ნორმების არ დაიცვა, შესაძლოა უკვე ინფიცირებაც პრობლემატური გახდეს.

„ეს არის ვირუსის ისევ აღმოცენება, თუ გინდათ დავარქვათ მეორე ტალღა, ადრე ათი შემთხვევა იყო ვიძახოდით მეორე ტალღააო, ტალღებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ვირუსის ბოლომდე განადგურება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და საქართველოში ისევ და ისევ ცირკულირებს, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩვენ როგორც უცხოეთში ისეთი ლეტალური შედეგები და მასიური გავრცელება არ გვაქვს. „-გამაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×