
ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობის შესასვლელში, სოფელ მატანთან მოსახლეობაა შეკრებილი და მაგისტრალის გადაკეტვას მოითხოვს. პროტესტი სოფელ მატანის მოსახლეობასა და ეთნიკურად ქისტებს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, დავით მამუკელაშვილის ინფორმაციით, 23 ივლისს საღამოს, მატანელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, სადაც იქეიფეს. სოფელ დუისში საავტომობილო გზაზე მანქანით ქათამი გაიტანეს, რასაც იქვე მყოფ პირებთან შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც მოგვაინებით ჩხუბში გადაიზარა. მისივე თქმით, მატანში მცხოვრებ 2 პირს სასტიკად სცემეს.
მატანის მოსახლეობა ინცინდენტში მონაწილეების დასჯას მოითხოვს და ქისტებისგან ბოდიშის მოხდას.
24 ივლისს მატანში, ადგილობრივები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. გადაწყვიტეს საავტომობილო გზა გადაკეტონ და ქისტები არ გაატარონ, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან.
„ადრე ეგრე იყო, დადიოდნენ ალაზნის პირზე, თუ ჩვენები ადიან იქ და ასე სცემენ, ხვალ-ზეგ უკვე მშვიდობიან მოსახლეობას სცემენ. უნდა გავაფრთხილოთ, ჩვენ აქ არ გაგატარებთ, იარეთ ალაზნის პირზე, რომ ასეთი შემთხვევა არ მოხდეს. აქ ხალხი ისეა გამწარებული", - ამბობს სოფელ მატანის ერთ-ერთი მცხოვრები.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის განცხადებით სიტუაცია კონტროლდება და გზის გადაკეტვის უფლებას არავის მისცემენ.
„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობაა შეკრებილი. გუშინ ახალგაზრდა ბიჭებს შორის დაპირისპირება იყო, თუმცა ახლა მშვიდი სიტუაციაა. რამ გამოიწვია დაპირისპირება ზუსტად, არ ვიცი, ვერ გეტყვით.
ამჟამად პანკისის ხეობაში ვიმყოფები და აქ არავითარი შეკრება არ არის, მაგრამ სოფელ მატანთან ახალგაზრდები არიან შეკრებილები და თათბირობენ. დაახლოებით, 100-მდე ადამიანი იქნება. მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ადგილზე სრული სიმშვიდეა. ცენტრალური გზა გადაკეტილი არ არის, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც", - ამბობს ქარუმაშვილი.
ეს არ არის პანკისის ხეობაში მცხოვრებებსა და მატანელებს შორის პირველი დაპირისპირება. მსგავსი ფაქტი პერიოდულად გასულ წლებშიც ხდებოდა-ხოლმე.