მარიამ ნებულიშვილი
24.07.2020

24 ივლისს, 86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა აღესრულა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რამდენიმე მინისტრთან ერთად დაესწრო. მუზეუმის კვლავ მეჩეთად გადაკეთების ბრძანებას თურქეთის ლიდერმა ხელი 10 ივლისს მოაწერა. „ეს თურქეთის პრეზიდენტის პირადი სურვილია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, მისი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურება", - ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით ერდოღანმა დაიწო „ნეოოსმალიზმის" პოლიტიკური დოქტრინის ამოქმედება და მის ერთადერთ მიზანს თურქეთის გლობალურ ჰეგემონად გადაქცევა წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას პრობლემები აქვს დასავლეთთან.

„ერდოღანის ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უდნა, დაკავშირებულია მის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინასთან, რომელსაც ეწოდება „ნეოოსმალიზმი". თურქეთს აქვს ამბიციები, რომ საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროებად გადაქციოს გაფართოებული აღმოსავლეთი, მაღრიბი, სპარსეთის ყურე, როგორც ჩანს მას სურს, რომ ეს განავცოს კავკასიის და ცენტრალური აზიის მხარეზეც. სადაც, ძირითადად, თურქულენოვანი მოსახლეობაა, რომელის სოლიდურ ნაწილს სწორედ მუსლიმური თემი შეადგენს.

„განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დასავლეთთან თურქეთს განსაკუთრებით გართულებული აქვს ურთიერთობა. ამერიკის კონგრესის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დადგენილება. ალბათ უკვე ტრამპიც მოაწერს ამას ხელს.

„თურქეთს სურს, რომ გამოვიდეს რეგიონალური დონის ჰეგემონი და შემდეგ უკვე გლობალური დონის ჰეგემონობაზეც ჰქონდეს გარკვეული პრეტენზია. ყოველ შემთხვევაში, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა თურქეთის ეს ქმედება მის პირდაპირ ჩარევას ლიბიის საქმეებში. როგორც მოგეხსენებათ, ოსმალეთის იმპერია მთლიანად აკონტროლებდა ახლო აღმოსავლეთს, მისი გავლენა ვრცელდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზეც და ეს ქმედებებიც სწორედ ოსმალეთის იმპერიის აღზევების სურვილზე მიუთითებს.

„როგორც ჩანს, ერდოღანი პუტინისგან დიდად მაინც და მაინც არ განსხვავდება და მასაც გააჩნია გადაჭარბებული წარმოდგენები საკუთარ თავზე, როგორც არამარტო ერის გადამრჩენელზე, არამედ როგორც საზოგადოებრივ ლიდერზე. მას გააჩნია საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები. სირიაში და ლიბიაში პირდაპირ შეჭრას სჭირდება გარკვეული იდეოლოგიური საფუძველის შექმნა. სჭორედ ამას ემსახურება აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება, ერდოღანი ცდილობს „ნეოოსმალიზმის" საგარეო პოლიტიკური დოქტრინა ზენიტში აიყვანოს", - ამბობს მაისაია.

მისი თქმით, ერდოღანი ცდილობს გახდეს ავტორიტარი ლიდერი და ძირი გამოუთხაროს თურქეთის, როგორც სეკულარული სახელმწიფოს იდეას.

„აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების განკარგულება თურქეთს სეკულარიზაციის პოლიტიკური მოდელისგან დაშორებასაც ემსახურება. მისი მუზეუმად გადაკეთება თავის დროზე სწორედ სეკულარიზმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. შესაბამისად, ერდოღანი სამწუხაროდ, სეკულარიზაციის წინაარმდეგ პირდაპირ გამოვიდა.

„სეკულარიზმი არის დემოკრატიული არჩევნები, კანონის უზენაესობა, სიტყვისა და მრწმასის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა. თუ ამ ყველაფერს თურქეთის პრეზიდენტი გაანადგურებს, მაშინ დარჩება ავტორიტატული ლიდერი, ზუსტად ისეთი, როგორც პუტინია. ოღონდ ეს იქნება უფრო თურქული სპეციფიკის. ბუნებრივია, ეს უკავშირდება ეკონომიკასაც, რადგან ეკონომიკური და სოციალური დონის გაუარესება ძირს უთხრის მმართველი პარტიის ხელისუფლებას", - თქვა მაისაიამ.

მაისაიას შეფასებით, ერდორანის ეს გადაწყვეტილება ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის დაპირიპირებას არ გამოიწვევს.

„აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება სასიამოვნო ფაქტი არაა. რაც დასავლეთმაც აღნიშნა. მაგრამ ამის გამო, რომ გართულდეს ურთიერთობა რელიგიურ თემებს შორის, ჩემი აზრით, გამორიცხულია. თავად თურქეთის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილიც გმობს ერდორანის ამ გადაწყვეტილებას. ეს თურქეთის პრეზიდენტის პირადი სურვილია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, მისი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურება", - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ლოცვის დაწყებამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანული ფრესკები, მათ შორის ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა თეთრი ფარდით იქნება დაფარული.

ეს ტაძრის ყველაზე ძველი ფრესკაა. ხატმებრძოლეობის შემდგომ იგი ხელახლა აღმოაჩინა პატრიარქმა ფოტიუსმა. მას შემდგომ ფრესკა აღარავის დაუფარავს, მათ შორის, არც მეჰმედ მეორეს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ.

ტაძრის ყველაზე წმიდა ნაწილი, ე.წ. ცენტრი (ომფალიონი), სადაც ბიზანტიის იმპერატორთა კურთხევის ცერემონია იმართებოდა-ხოლმე, მუსლიმური სალოცავი ნოხითაა დაფარული. ნოხზე ოსმალების საგვარეულო სიმბოლიკაა გამოსახული.

აია-სოფიას შიდა ქრისტიანული სიმბოლიკა მხოლოდ მუსლიმური ლოცვისა და მსახურების დროს იქნება დაფარული.

ტაძრის აშენების ბრძანება ბიზანტიის იმპერატორმა იუსტიანიანე I-მა 532 წელს გასცა. იგი 9 საუკუნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ცენტრი. 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, აია-სოფია მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წლიდან კი მუზეუმის სტატუსს ატარებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×