
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლის კვალიფიკაცია შეცვალა და მამა დაზარალებულად ცნო. უწყება გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან“ ადასტურებს.
რაც შეეხება გოგონას ოჯახს და ახლობლებს, ისინი თვითმკვლელობის ვერსიას კვლავ კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ საქმის ირგვლივ ბევრი უცნაურობა და პასუხგაუცემელი კითხვაა. მათი თქმით, ის, რომ თამარმა 17 ივლისს აფთიაქში წამლები იყიდა და ფსიქოლოგი ჰყავდა, არაფერზე მეტყველებს. დედის თქმით, ეს ყოველდღიური მოხმარების წამლები იყო, რომელსაც ნებისმიერი ადმიანი სვამს. კერძოდ, ეს იყო ვალერიანი და სხვა დამამშვიდებელი წამლები, რომლებიც განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს. რაც შეეხება ფსიქოლოგის ყოლას, ოჯახმა ამის შესახებ იცოდა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. გოგონას ორი სამსახური ჰქონდა, სწავლობდა და სტერსულ გარემოში ყოფნა უწევდა, ამიტომაც ფსიქოლოგი რომ დასჭირვებოდა, ეს არაფერ საგანგაშოზე არ მეტყველებს.
ოჯახის მსგავსად ადგილობრივებიც ამბობენ, რომ გოგონა რომელ ადგილასაც იპოვეს, ამ ადგილას ავტომობილი არ შეუმჩნევიათ. „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მათ პირველრიგში თვალში ავტომობილის ახალი ნაკვალევი მოხვდათ. ასევე წინა დღეს წვიმა იყო და წესით ბალახი ასეთი გადათელილი აღარ უნდა ყოფილიყო.
ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გოგონა დილის საათებში თორმეტამდე შენიშნეს. მან ავტომობილი სოფლის ერთ-ერთ სახლთან მოაბრუნა, თუმცა რაღაც მომენტში მანქანაა ჩაუვარდა. სოფლის ერთმა მცხოვრებმა ეს შეამჩნია და გარეთ გამოვიდა, რათა ეკითხა, დახმარება ხომ არ სურდა, თუმცა მან ის არც კი შეამჩნია და სწრაფი სვლით გზა გააგრძელა. მას მოეჩვენა, რომ გოგონა რაღაცას გაურბოდა და ჩქარობდა.
„ეს ავტომობილი ამ ხნის განმავლობაში რომ მანდ ყოფილიყო, ვიღაცა აუცილებლად შეამჩნევდა. მწყემსები იქ ყოველდღე დადიან, თანაც, ავტომობილის კვალი ახალია. წინა ღამეს, სანამ მიცვალებულს იპოვიდნენ, წვიმდა, ამიტომაც ბალახი ასე დაბლა დაწოლილი არ უნდა იყოს. ავტომობილს ადამიანი ცენტრალური გზიდანაც შეიმჩნევა. ვინც გოგონა ნახა, ამბობს, რომ ვერ მოასწრო თვალის შევლება იჯდა თუ არა მასთან ერთად ვინმე. მხოლოდ მძღოლის მხრიდან გოგონა დაინახა. მასთან კომუნიკაცია სცადა თუმცა, მან ტერიტორია სწრაფად დატოვა“, - ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.
ოჯახი კი ამ ეტაპზე დამოუკიდებელი ექსპერტისა და სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდება. როგორც ამ თემაზე შსს-ში გამართულ პირველ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა.
მუხლის გადაკვალიფიცირებას კი გოგონას ოჯახი გამოეხმაურა. თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას მიესალმება და გამოძიების მოქმედებებს დაელოდებიან.
„ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ საქმეს კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება წინ წავიდეს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ვერსიაც დადასტურდება. თუ მკვლელობა არ არის და თვითმკვლელობამდე მიყვანაა, დამნაშავეების გამოვლენა მოხდეს. ვერ გეტყვით გადაჭრით, ვენდობით თუ არა გამოძიებას. ადვოკატთან ერთად ოჯახი მასალებს უნდა გავეცნოთ, შევაჯეროთ და დავაკვირდეთ გამოძიება როგორი მიმართულებით წავა. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება ვენდოთ გამოძიებას თუ არა. ფაქტი ერთია, რომ ბავშვის ირგვლივ რაღაც უბედურება მოხდა და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს. ამიტომაც დაველოდოთ და მოვლენები როგორც განვითარდება ისე ვიმოქმედებთ“, - ამბობს „რეზონანსთან“ გოგონას ბიძა.
თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. როგორც ისინი ამბობენ, გოგონას თავის მოკვლის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.
„ერთი თხოვნა გავქვს საგამოძიებო ორგანოებთან, რომ როგორც საკუთარმა მშობლებმა და ახლობლებმა საქმე ისე გამოიძიონ. გულთან მიიტანონ ამ ანგელოზი გოგონას უბედურება და საქმეზე რალური სურათი დადონ. ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა, სანამ გამოძიების შედეგები არ დაიდება, ვერავითარ ახალ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჯერჯერობით ვენდობით გამოძიებას და ველოდებით მოვლენები როგორ გაანვითარდება,“ - განაცხადა ოჯახის ახლობელმა ნანი ბალახაძემ.
ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი გოდერძი ოთარაშვილი აცხადებს, რომ თვითმკვლელობის არავის არ სჯერა. მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც ცხოვრების მიზანი გააჩნია, ის თავს არ მოიკლავს.
„ეს არის გამორიცხული. ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მიზანი აქვს და სამომავლო გეგმებს სახავს, თავს არ მოიკლავს. მოძღვარი იყო მოსული, რომელმაც თქვა, რომ არ მჯერა, რომ თავი მოიკლა და როგორ შეიძლება მოძღვარს არ დაუჯერო, მითუმეტეს თამარზე“, – განაცხადა მან.