რეზონანსი
25.07.2020

საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო. 15 ტონა ტვირთი ევროკავშირის დელეგაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.

ტვირთის მიღების ცერემონიალს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა ჰუმანიტარული დახმარება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე გადანაწილდება.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს ევროკავშირს მიეცა საშუალება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად მოგვეტანა ძალიან დიდი ოდენობის პირადი დაცვის საშუალებები, რომელიც წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული ტვირთი, არის ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუცია რაც საქართველომ ამ პერიოდში მიიღო და რა თქმა უნდა ამ კუთხით მუშაობას და პარტნიორობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა, ვინსენტ რეიმ.

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სილვიუ დომენტე ამბობს, რომ საქართველო ამ დრომდე ძალიან კარგად ართმევს პანდემიას თავს და ამ ყველაფრის უკან კი დგანან ის პირები, რომელთა ძალისხმევა აღსანიშნავია, ეს იქნება მთავრობა, სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები, სამოქალაქო საზოგადოება თუ მოსახლეობა.

„ეს ყუთები, რასაც ჩემს უკან ხედავთ სავსეა პირადი დაცვის საშუალებებით, რომელიც წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალზე გადანაწილდება, მათზე ვინც ეპიდემიას ყოველდღიურად ებრძვის. ეს შესაძლებელი გახდა ევროკავშირთან აქტიური პარტნიორობით, ასევე „დიჯი ნეარის“ ბრიუსელის ოფისის მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. საქართველო ამ დრომდე ძალიან კარგად ართმევს პანდემიას თავს და ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია. ამ ყველაფრის უკან კი დგანან ის პირები, რომელთა ძალისხმევა აღსანიშნავია - ეს იქნება მთავრობა, სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები, სამოქალაქო საზოგადოება თუ მოსახლეობა. სტაბილურობის მიუხედავად, უნდა ვიცოდეთ, რომ მოდუნების დრო არ არის. სამომავლო გამოწვევებისთვის მუშაობა და მზადება გრძელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს, როგორც პირადი დაცვის საშუალების მარაგის შექმნის კუთხით, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის, კლინიკური გაიდლაინების და პროტოკოლების განახლების კუთხით, რათა საერთო ჯამში კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა“, - განაცხადა დომენტემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×