მარიამ ნებულიშვილი
25.07.2020

„ეს კანონპროექტი არის ჩვენი სტარტეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული და სამხედრო გაძლიერების მცდელობა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მიერ კანონპროქტში კონგრესმენ პიტ ოლსონის მიერ ინიცირებულ შესწორებას, რომლის მიხედვითაც ამერიკამ და ნატო-მ შავ ზღავში მრავალმხრივი სამხედრო წვრთნების სიხშირე უნდა გაზარდოს.

ამ კანონპროექტის თანახმად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება ანალიზი, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ეფექტიანად ახდენს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციას; პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის, დამოუკიდებლობას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისგან; ეფექტიანად ახდენს ისეთი პოლიტიკის იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, მათ შორის, უპრობლემო წვდომას საჯარო ინფორმაციაზე; იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და მედიის უფლებებს; ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი საჭიროდ მიიჩნევს.

გარდა ამისა ამავე კანონპროექტში არის შავი ზღვის რეგიონის სამხედრო გაძლიერების დებულებაც.

„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ნატო-სა და საკუთარი მრავალმხრივი წვრთნების სიხშირე და მასშტაბები შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით", - ვკითხულობთ დებულებაში.

მაისაიას შეფასებით, ეს ყველაფერი გააძლიერებს რეგიონის სამხედრო შესაძლებლობებს.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურდა ამერიკის და ნატო-ს ჩართულობა შავიზღვისპირეთში. ამერიკელები ძალიან აქტურად არიან ჩართული შავი ზღვის გაძლიერების საკითხში. ცალმხრივ კონტექტსში ალიანსისგან დამოუკიდებლადაც. ეს უკვე მათი მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია. უკრაინასთან ამერიკამ უკვე გააფორმა ახალი კონტრაქტი, აძლიერებენ მის სამხედრო-საზღავო ძალებს და ეს პუნქტიც შესულია ამავე კანონპროექტში. აქედან გამომდინარე, ტრამპი ამ ყველაფერს მწვანე შუქს მისცემს და გააძლიერებს რეგიონის სამხედრო პოტენციალს", - ამბობს მაისაია.

თუმცა, არსებობს ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაგრამ ამის მიზეზი მისი სხვა დებულებაა, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებს, რომლებიც კონფედერატი მოღვაწეების სახელს ატარებენ, სახელი უნდა შეეცვალოთ. მაისაიას თქმით, ტრამპი კანონპროექტის ამ დებულებას ვეტოს არ დაადებს.

„ვნახოთ ტრამპი რას გადაწყვეტს, დაადებს თუ არა ვეტოს ამ კანონპროექტს. ჩემი აზრით, არ უნდა დაადოს. რადგან ტრამპის პოზიცია დაახლოებით ამ შესწორების იდენტურია, შავი ზღვის რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიულად აქტუალური. ანაკლიის პორტთან დაკავშირებულმა ამბებმაც გარკვეულწილად აჩვენა ეს ყველაფერი. ამიტომაც არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელიც ეხება შავი ზღვის პირეთში მეტი ნატოს ჩართულობას, ტრამპმა ვეტო დაადოს", - თქვა მაისაიამ.

მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი, სწორედ ამიტომ ტრამპი მაქსიმალურად შეეცდება რეგიონში საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას.

„მეორე მომენტია, რამდენად დაუშვებს ამ ყველაფერს რუსეთი. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც აძლიერებს შავი ზღვის სამხედრო პოტენციალს, შავი ზღვის ფლოტმა უნდა მიიღოს ახალი წყალქვეშა ნავები, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სერიოზული საზღვაო პორტის შექმნა, ანუ რუსეთი აძლიერებს სამხედრ-საზღავო ძალებს. ოპოერატიულ-სტრატეგიული სარდლობა სამხრეთში უკვე გამოცდილია და გაძლიერებულიც ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, რუსეთი ფაქტობრივად ჩართულია ჰიბრიდულ ომში ამერიკასთან. ორივე მხარე ცდილობს საკუთარი სამხედრო ძალების წარმაჩენას. გუშინ რუსულმა სუ-27-მა მოახდინა ამერიკული „პოსეიდონ 8"-ის გაძევება რუსეთის საჰაერო სივრციდან. ესეც ერთგვარი ჰიბრიდული ომის ნაწილია. ამ მიმართულებით რუსეთი უკვე ჩართულია ლიბიის, სირიის, ბალტიისა და შავიზღვისპირეთის კონფლიქტებში. სწორედ ამის გამო არ ჩაერთო ის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, თუმცა ოპერატიულ-სტრატეგიულ სარდლობას სამხრეთში დამოუკიდებლადაც შეეძლო ამ კონფლიქტში ჩართვა. ასეთია რუსეთი სამხედრო ძლიერების კომპონენტები და აქედან გამომდინარე არა მგონია ტრამპმა შავ ზღვაზე ამერიკის სამხედრო ძალის გაძლიერების შანსს ვეტო დაადოს", - თქვა მან.

გარდა ამისა, ამერიკის კონგრესში საქართევლოს შესახებ კიდევ ერთი კანპონპროექტია მომზადებული. საუბარია, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის მიერ 9 ივლისს მიღებულ „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონზე", რომლის თანახმადაც, საქართევლოს თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხა შესაძლებელია 15%-ით შემცირდეს თუ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს საფრთხე დაემუქრება.

მაისაიას თქმით, ორივე კანონპროექტი საქართველოს გაძლიერებას ემსახურება და ჩვენს ქმედებებზეა დამოკიდებული, დავკარგავთ თუ არა ამ 15%-ს.

„ამერიკის ბიუჯეტი აუცილებლად უნდა დამტკიცდეს შემოდგომას, ცალკე საუბრის თემაა, დარჩება თუ არა ეს 15%-იანი შემცირება, ჯერ-ჯერობით ეს შესწორება კვლავ ძალაშია. სანამ სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ანაგარიშს არ წარმოადგენს სენატში, მანამდე არა მგონია ამ კანონპროექტმა რაიმე ცვლილება განიცადოს. ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა დადებით ნაბიჯებს დგამს ამასთან დაკავშირებით. „ფრონტერას" გაუგრძელა კონტრაქტი. მეორე მომენტია ის, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი ქვეყანაში. სექტემბრისთვის საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი უკვე გავლილი იქნება, შესაბამისად, დასავლეთისთვის ცხადი გახდება ის ტენდენცია რაც გამოიკვეთება ამ პროცესში. ასე რომ, აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული დაგვაკლდება თუ არა ეს 15%.

საერთო ჯამში, ორივე კანონპროექტი ჩვენი სტარტეგიული პარტნიორის მხრიდან არის საქართველოს დემოკრატიული და სამხედრო გაძლიერების მცდელობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს", - აღნიშნა მაისაიმ „მთელ კვირასთან".

24 ივლისს მიღებულ ოლსონის შესწორებას დადებითად შეხვდნენ საქართველოს მთავრობაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი მოხარულია, იმ ფაქტით, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უნდა მოამზადოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×