მარიამ ნებულიშვილი
25.07.2020

„ის ნაკარნახევია ქართული პოლიტიკური რეალობით, მაგრამ ნამუშევარიც არის ლობისტური ორგანიზაციების მიერ", - ასე ეხმიანება ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

კანონპროექტი 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

მამუკა არეშიძის შეფასებით, კანონპროექტზე იმოქმედა ოპოზიციური პარტიების ლობისტმა ორგანიზაციებმა. მისი თქმით, ოპოზიცია არჩვენბში მის გამოყენებას შეეცდება.

„უსიამოვნო სიგნალია, რასაკვირველია. პოლიტიკაში ჩვენ შესაცვლელი ძალიან ბევრი რამ გვაქვს, ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი სფეროების, რომელიც საჭიროებს რეფორმირებას და დახვეწას. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკის კონგრესის ეს გადაწყვეტილება მიღებულია რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით. რასაკვირველია, ის ნაკარნახევია ქართული პოლიტიკური რეალობით, მაგრამ ნამუშევარიც არის ლობისტური ორგანიზაციების მიერ. სწორედ მათ გამოა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა ეს არაა საბოლოო სახით. მისი მიღება უნდა მოხდეს ადმინისტრაციის დონეზე. სასამართლო სისტემა იქნება თუ სხვა სფერო, დასახვეწი რომაა და სრულყოფილი არ არის ისედაც ვიცით, ამერიკელმა კონგრესმენებმა, რომ არ თქვას.

„რასაკვირველია, ოპოზიცია ამას არჩევნებში სათავისოდ გამოიყენებს.როგორც თანხა 15% არაფერი არ არის 20 მილიონი დოლარია. მაგრამ აქ თანხაში კი არა ფაქტშია საქმე.

„საქართველოს მოსახლეობას ისე აქვს ყელში ამოსული ეს სიტუაციის პოლიტიზება, რომ ამ ყველაფერს არამგონია არჩვენებზე გადამწყვეტი ზეგავლენა ჰქონდეს", - ამბობს არეშიძე.

როგორც არეშიძე ამბობს, ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები მოსახლეობის უკმაყოფილებას და პროტესტს იწვევს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებშიც საქართველოზე მძიმე სიტუაციაა, არანაირი სანქცია არ აქვთ დაწესებული.

„ამ ბოლო პერიოდში იმდენი გაღიზიანება წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთ დიდ შინაგანპროტესტს იწვევს.პირველ რიგში ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ, რომ თუ პარტნიორები ვართ მაშინ სხვა ხერხი უნდა მონახო, რომ ხელისუფლება აიძულო, რაღაც ნაბიჯი გადადგას. თუ პარნიორები არ ვართ და მტრები ვართ ეგრე თქვით მაშინ.

„თუ სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ლაპარაკი ჩვენ სამეზობლოში არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად უარესი მდგომარეობა აქვთ, რომლებიც ასევე ითვლებიან აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორებად. ასეთი რადიკალური ზომები მათ მიმართ არ არის მიღებული. მარალია ჩვენ უფრო ახლოს ვართ ამერიკასთან, ვიდრე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი მაგალითად, მაგრამ ისიც გარკვეულწილად ამერიკის მეგობრად თვლის თავს და მასაც გარკვეული შეთანხმებები აქვს გაფორმებული, რომელიც მათ სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიუთითებს. მაგრამ იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ადამინების უფლებები პრაქტიკულად არ არსებობს, ასეთი ტიპის სანქციები არ აქვთ. ცოტა უცნაურია ჩვენ მიმართ ეს ყველაფერი.

„ამიტომაც, ჩვენი საზოგადოება ამას შიფრავს საქართველოს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ექოდ. უბრალოდ, ოპოზიციას უკეთესი ლობისტები ჰყავს აშშ-ში ვიდრე ხელისუფლებას, ასე აღიქვამს ამას მოსახლეობა, ის რომ, გამოსასწორებელი ბევრია და დასახვეწი კიდევ უფრო მეტი, ეს ისედაც კარგად ვიცით", - ამბობს მამუკა არეშიძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×