თამთა ჩაჩანიძე
26.07.2020

„სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ ეს მეორე ტალღის დასაწყისია," - ასე აფასებს „რეზონანსთან"თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა დინამიკა საგანგაშოდ გაუარესდა. საგანგაშო მონაცემების გამო, გარდაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალარი დაიკეტა, ცხელი წერტილი გახდა ლილოს ბაზრობაც, რადგან ამ სოფლის მცოვრებთა ნაწილი სწორედ ამ ბაზრობაზეა დასაქმებული.

იმის გამო, რომ დაუდგენელი წყაროებით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, ბაზრებსა და ბაზრობებზე აგრესიული ტესტირება აქტიურად ხორციელდება, ლილოში ფართომასშტაბიან კვლევას ინფექციონისტთა 4 ჯგუფი ატარებს.

ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულ მოვაჭრეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა კონტაქტი ქუთაისის ერთ-ერთ ბაზრობაზე დასაქმებულთან ჰქონდა, შედეგად კოვიდ-19-ის კერა ქუთაისის ბაზრობაც გახდა, სადაც ასევე მიმდინარეობს მონიტორინგი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება საყურადღებოა, თუმცა პანიკისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს, რადგან მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

„პროგნოზირებადი იყო რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევათა შესაძლო ზრდა. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ინტენსიური გახდა მგზავრობა სხვადასხვა ქვეყნებთან, უფრო მეტი ადამიანი შემოდის ზაფხულში ქვეყანაში. მართალია, ისინი გადადიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, მაგრამ მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია. გარკვეულად იმის გამო, რომ იგრძნობა ქვეყანაში ცოტა მოშვება და იმის ილუზია, რომ უკვე დავამარცხეთ კორონა, შედეგი გვაქვს, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. მაგრამ ხაზს ვუსვამ, მდგომარეობა მართვადია და კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მაგყრელიძისვე განცხადებით, ამ დროისთვის საერთო ჯამში ორი პაციენტია, რომელთა ინფიცირების წყარო დადგენილი არაა.

„ჩვენ განსაკუთრებით სიფრთხილით ვეკიდებით და გვეშინია ამ ორი კლასტერის, რომელიც არის გარდაბანში - გაჩიანის დასახლების და ლილოს ბაზრობის. ამიტომ აქ მიმდინარეობს ინტენსიური, გაფართოებული კვლევები. გუშინ დაახლოებით ორივე ადგილზე 500-500 ნიმუში იქნა აღებული და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება კვლევები, რათა მაქსიმალურად დროზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები. სულ ჯამში ამჟამად ორი პაციენტია, რომლის წყაროც არაა დადგენილი, დანარჩენზე ყველაზე გავედით და ამ პაციენტებზეც დაახლოებით უკვე ვიცით", - განაცხადა გამყრელიძემ.

მარინა ენდელაძის თქმით კი თუ შემთხვევებმა დრამატულად მოიმატა, მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი ზომები იქნება მისაღები.

„ზომების მიღება ჩემი კომპეტენცია არაა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და დრამატულად მოიმატა, რაღაც ღონისძიებები მისაღები იქნება, სავარაუდოდ უფრო მკაცრ ზომებს შემოიღებენ, ამას მთავრობა, ორგანოები და ეპიდემიოლოგები წყვეტენ და ჯერჯერობით, როგორც ვიცი, ეს არ გადაწყვეტილა.

„ჯერჯერობით ამ პაციენტებს ჩვენი კლინიკები იტევს და მათი მკურნალობა ჯერჯერობით შესაძლებელია, მაგრამ თუ ეს ისეთი რაოდენობა იქნა, რომ კლინიკებმაც ვეღარ დაიტია და გაგვიჭირდა... დრამატულ მატებაში ამას ვგულისხმობ, როდესაც უკვე აღარ იქნება იმის საშუალება, რომ ყველა ინფიცირებული მოთავსდეს.

„თუმცა იმედია ასე არ იქნება, იმედია, მაგრამ თუ ასე იქნა, ამ შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომები იქნება მისაღები.

„ინფიცირებულთა წყაროები თანდათან დგინდება, ამას ეპიდემიოლოგები არკვევენ, მაგრამ მე რაც ვიცი, უმეტესი ინფიცირებულის წყარო დადგენილია,

„სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ ეს მეორე ტალღის დასაწყისია," - განაცხადა ენდელაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×