ელზა პაპოშვილი
26.07.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახლა ოჯახი და სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. საქმის ირგვლივ დღითიდღე უფრო ბევრი კითხვები ჩნდება და ოჯახი ამბობს, რომ თუ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას მაინც დაადგენს, მაშინ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანასთან გვაქვს, სადაც გოგონას ვიღაცამ სხვა გზა არ დაუტოვა. თუმცა ამისთვის გამოძიებას  მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. 

ექსპერტიზის დასკვნა 1 კვირაში გახდება ცნობილი. სწორედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მოხვდა თუ არა ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები და საერთოდ ეს ხომ არ არის ინსცენირებული თვითმკვლელობა. დამოუდკიდებელი ექსპერტები არც ამ ფაქტს არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გოგონა უფრო ადრე რომ ეპოვათ, მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენა  მარტივი იქნებოდა.   

გზა, რომელიც დაღუპულმა ზემო ფონიჭალიდან შემთხვევის ადგილამდე გაიარა, რამდენიმე ჭკვიან კამერას უნდა დაეფიქსირებინა. კვალი სოფელ გოლთეთთან იკარგება. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ 23 წლის გოგო, მისთვის უცნობ მხარეში წინასწარ გაგზავნილი ლოკაციით მიიყვანეს. ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმკვლელობას. დამოუკიდებელ ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ გოგონა ინექციის მსხვერპლი გახდა და ის მარტო არ იქნებოდა.  

„ემპათიას“  ხელძღვანელი  მარიამ  ჯიშკარიანი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დასაშვებია როგორც სუიციდი, ისე მისი ინსცენიტება: „გამორიცხული არაფერია და ყველა ვერსია განსახილველია. შეიძლება იყო მკვლელობა, თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობამდე მიყვანა. ჩვენი ექსპერტის განცხადებით, ზედაპირული დაზიანებები არ ჩანს, რადგან იყო შორს წასული გვამური მოვლენები. ცხედრის უფრო ადრე რომ ეპოვათ, სიკვდილის მიზეზის დადგენა უფრო გამარტივდებოდა.“ 

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი კი „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ აუცილებლად დასადგენია ის გარემოება, როდესც გოოგნას მამას ვიღაცამ დაურეკა და უთხრა რომ მისი შვილი შარში იყო. ადვოკატის თქმით, ძიებას აუცილებლად ბოლომდე გააგრძელებენ და გარდაცვლილის მამასთან ერთად პოლიციაში ზარის უცნობი ავტორის იდენტიფიცირებისთვის მისვლას გეგმავს. დასადგენია იყო ეს პოლიციელი  თუ სამოქალაქო პირი: "არის გარკვეულ ვერსიებზე საუბარი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არის კიდევ სხვა თემა. უახლოეს დღეებში ჩემთან ერთად შეხვდება მამა გამომძიებელს და დეტალურად, უკვე, შემდეგ დავადგენთ, ვინ იყო ეს პიროვნება თუ პიროვნებები, პოლიციელი იყო თუ არ იყო, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა მუქარასა და შანტაჟზე.  პირობას ვიძლევი, რომ ამ საქმეში არავინ და ვერავინ დაუსჯელი არ იქნება." 

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ბევრი დამატებითი კითხვაა და თვითმკვლელობასაც არ გამორიცხავს. ის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის უკან ბევრ სხავ გარემოებებს ხედავს, რომელზეც გამოძიებისთვის ხელის შეშლის  გამო საუბრისგან თავს იკავებს. 

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს თვითმკვლელობის  ინსცენირება იყოს და უფრო უკან, სხვა საკითხებმა იჩინოს თავი“, - ამბობს რამიშვილი.  

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მის ანგარიშზე დიდი თანხა ჩნდება, რომელიც ოაჯახისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მათთვის სრულიად გაუგებარია ასეთ პატარა გოგოს ამხელა თანხა საიდან ჰქონდა. როგორც გამოძიებამ გაარკვია, ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 000 დოლარი აქვს. ოჯახი ამბობს, რომ გოგონას ავტომობლიც კი მათ უყიდეს და შვილს ამ თანხის შესახებ არასდროს უსაუბრია.  რაც შეეხება კომპანია „ზეგს“, სადაც გოგონა დასაქმებული იყო, მისი მფლობელი ადასტურებს, რომ თანამშრომლებს წვდომა საიდუმლო ინფორმაციებზე ნამდვილად აქვს.  

„დიახ, საქართველოში ჩემთან დასაქმებულებს წვდომა აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან, რადგან ისინი პროგრამებზე მუშაობენ“, - ამის შესახებ იმ კომპანიის ამერიკელმა დირექტორმა განაცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

კომპანია „ზეგის“ ამერიკელი ხელმძღვანელი აბრაჰამ რეიჰბახი ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ არ იცის და არ აქვს ინფორმაცია თუ რატომ წავიდა სამსახურიდან თამარ ბაჩალიაშვილი. რაც შეეხება კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებას, ამერიკელი დირექტორი ამბობს, რომ მათი ხელფასი 4000–იდან 15 ათასს დოლარამდე მერყეობს. 

„ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საქმეს აკეთებენ და რამდენად კარგად აკეთებენ. ვფიქრობ ანაზღაურება 4000 დოლარიდან 15 ათას დოლარამდე მერყეობს. ჩვენს კომპანიაში 1000 დოლარზე ნაკლები ანაზღაურება ვფიქრობ, არავის აქვს. რაც შეეხება ინფორმაციას, მათ ყველა ინფორმაცია ჩვენ უნდა გამოგვიგზავნონ. ადამიანები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, პროგრამებს ჩვენ გვიგზავნიან და მათ ჩვენს კლიენტებთან პირდაპირი შემხებლობა არ აქვთ. მათი საქმეა, რომ პროგრამა შექმნან. როდესაც პროგრამას ვქმნით, არ გვსურს რომ ამის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რადგან პროგრამები ძალიან სენსიტიურ ინფორმაციებს შეიცავენ“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×