ელზა პაპოშვილი
26.07.2020

ახალი ჩვენება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში და დასახელებული 3 პირი, რომლებიც საქმის ახალი ფიგურანტები არიან და სავარაუდოდო, მდინარე არაგვის ხიდამდე შაქარაშვილს ბოლომდე მათ სდიეს. ე.წ. ოქროს მოწმე ვახო ახვლედიანი დევნის ეპიზოდს  აღწერს და ამბობს, რომ იმ სამ პირს შორის რომლებიც მას და მის მეგობრებს, მათ შორის - შაქარაშვილს გზაზე, ანუ ზედა მხარეს მოსდევდნენ, გაგნიძე და რევაზიშვილი არ ყოფილან. თუმცა მათ ისინი თავიდან მისდევდნენ. 

ახვლედიანი ამბობს, რომ "ტოიოტას" მანქანიდან გადმოვიდა 2, ასაკით მათზე  უფროსი, სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომლებიც მათკენ წამოვიდნენ და მათი ცემა უნდოდათ. ეს პირები არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი იყვნენ. 

„დავინახე, რომ აღნიშნულ მანქანაში კიდევ იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა ვინ - არ ვიცი. გავიქეცი დასავლეთის მიმართულებით, ამ დროს გიორგი შაქარაშვილი გარბოდა ჩემ წინ, ხოლო ჩემ უკან მორბოდნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი ქათამაძე, უკან მოგვდევდნენ მანქანიდან გადმოსული პირები გინებით.

წამიერად ჩემი თვალთახედვის არედან დავკარგე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი, თუმცა როდესაც გავრბოდი რამდენიმე წამში წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე. მალევე შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით. ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ გავიხედე უკან და დავინახე 3 პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით მოგვდევდნენ, აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი. მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ საფეხმავლო ბილიკზე. ამ დროს დავინახე, რომ შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე მისთვის არ დამიძახია, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევნელებიც. როდესაც ჩავცურდი საფეხმავლო ბილიკზე, დაახლოებით ერთი-ორ მეტრში შევიმალე ბუჩქებში. ამ დროს გავიგე თუ როგორ ჩაირბინეს მდევრებმა იმ მიმართულებით, სადაც გარბოდა გიორგი შაქარაშვილი. ასევე შევამჩნიე გარკვეული განათებები და ვივარაუდე, რომ ეს იყო ფანრები. ჩემი დამალვიდან 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების, სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვსულიყავით და არ დავმალულიყავით," - აცხადებს ვახო ახვლედიანი ჩვენებაში.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საქმეში არსებულ ჩვენებებზე დაყრდნობით მომხდარის შესახებ დეტალურად საუბრობს. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სცემეს, დაახრჩვეს და წყალს გაატანეს. აცხადებს, რომ გზიდან დაღუპულს ჩიქოვანი და 2 არასრუწლოვანი მოსდევდა, ქვედა მხარეს კი მას არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი დახვდნენ.

„იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ 6 პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები, ეს ნამდვილად ასეა. გამოკიდებული 5 ადამიანიდან 3 გამოჰყვა გამოქცეულ ბავშვებს. გამოჰყვა ხიდის მიმართულებით, ხოლო ორი მათგანი ჩავიდნა ამავე მანქანების ჩამოსახვევში და წინიდან მოუჭრეს გზა გიორგის და მოაქციეს ალყაში. დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე, არაგვში ჩაახრჩეს ბავშვი და გაატანეს მდინარეს," - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.

ორშაბათს სრულწლოვანი დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა იგეგმება. შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ისინი პატიმრობაში დარჩნენ.

გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ერთ, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში ფიგურირებს და ამის გარდა გამოძიებას სხვა მტკიცებულება არ გააჩნია: „რასაც ბატონი ნიკოლაძე საუბრობს, უნდა აღინიშნოს, რომ დროში და სივრცეში აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობაც დღესდღეობით გვაქვს საქმეში. ეს  მხოლოდ ვარაუდია  და არ არის ფაქტობრივად გამყარებული რაიმე ფორმით. აქედან გამომდინარე, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ბრალდებამ ეს ვერსია შემოგვთავაზოს, რაც დაზარალებულ მხარეს გააჩნია." 

მოჭიდავე გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე კი „მთელ კვირასთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბის და ცემის ეპიზოდში საერთოდ არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, სასამართლო სხომის მიმართ მას უარყოფითი მოლოდინი აქვს.  

„აღკვეთის ღონისძიების გამოყენება გადაიხედება ყველასი. მოლოდინის რეჟიმი მაქვს აბსოლუტურად უარყოფითი და დადებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა საერთოდ უკანონოდ მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ დატოვებენ პატიმრობაში, ანალოგიურად მოხდება სხვა დანარჩენებზეც, თუმცა გამორიცხული არც არაფერია. ადვოკატები ჩვენს სათქმელს ვიტყვით პროცესზე, პოზიციას დავაფიქსირებთ, მაგრამ ჯერი მაინც სასამართლოზეა," - ამბობს გიორგი ყიფშიძე.  

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×