ელზა პაპოშვილი
27.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის  საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულებულია, მოსამართლემ 11 -ივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ სხდომის შემდეგ  ადვოკატებმა და პროკურორმა განცხადებები გაკეთეს. როგორც პროკურორი აცხადებს, უახლოეს მომავალი გახდება ცნობილი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით ბრალდება ვის წარედგინება. 

ადვოკატები კი ამბობენ, რომ სასამართლომ არც ის განიხილა, რომ ამ 11 ადამიანიდან ყველას შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჰქონოდა. არაფერი არ გაითვალისწინა და რამდენიმე წამში გამოიტანა განაჩენი. 

ბრალდებულები კი  არიან: ვასილ მახარაძე, ვასილ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, გიგა ტატიაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანინი აღკვეთას ედვება. 

პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები გირავნობის შესახებ.  

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების შესახებ, მიუღებელია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი სახის მტიკიცებულებები, რომ მისი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა ყოფილიყო. 

„მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არცერთი მოთხოვნა და ძალაში დატოვა პატიმრობა. რა თქმა უნდა, აღნიშნული ჩვენთვის არის გაუმართლებელი. საქმეში არანაირი ფორმალური საფუძველი არ არსებობს რომ ის წინასწარ პატიმრობაში დარჩენილიყო. საქმეში არ არის ინფორმაციის და ფაქტების ერთობლიობა, რომ ის ამ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობას იღებდა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნა ადვოკატმა.  

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა, მას შაქარაშვილის დევნა არ განუხორციელებია. ადვოკატი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 

ის გარემოება ნიკოლოზ რევაზიშვილი "ტოიოტა ქამრიში" იმყოფებოდა, არ ნიშნავს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს და მისი პატიმრობაში დატოვება რის საფუძველზე მოხდა, გაუგებარია. 

„საქმეში არ არსებობს არც ერთი გამოკითხვის ოქმი, არც  ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი, არცერთი სხვა სახის დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილმა ვინმეს მიმართ განახორციელა ძადობა, ან ძალადობის მუქარა, ან თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

არცერთი სახის პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს რაიმე სახის შემხებლობა გააჩნდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან“, - ამბობს ადვოკატი. 

მისივე თქმით, ვახტანგ ახვლედიანმა მის ბოლო ჩვენებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის მდევრებს შორის ნიკოლოზ რევაზიშვილი არ ყოფილა. რაც შეეხება ბიძის განცხადებებს, ადვოკატი ფიქრობს, რომ მას რაიმე სახის მტკიცებულებითი საფუძველი არ გააჩნია. 

„განვმარტავ, რომ არც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატის და არც ბრალდებულის ადვოკატის განცხადებებს არ შეიძლება მტკიცებულებითი ხასიათი ჰქონდეს. რევაზიშვილი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა, მას არ განუხორციელებია დევნა. ის, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი "ტოიოტა ქამრიში" იმყოფებოდა, არ ნიშნავს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა", - განაცხადა კახიძემ.  

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი კი  არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც. როგორც ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ახალი ბრალდების წარდგენა საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებისთანავე მოხდება.

„იცით, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ. შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება“, - განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 109-ე, 143-ე, 225-ე მუხლების ნაწილში და ჯერჯერობით 109-3 მუხლი ცალკე გამოყოფილი არ არის.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, რაზეც სასამართლომ დღეს იმსჯელა, როგორც პროკურორი აცხადებს, მოსამართლემ აღნიშნულ საკითხზე ბრალდებულებთან მიმართებაში ცალ-ცალკე იმსჯელა, თუმცა, როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში ბრალდებულ 14-ვე პირს ჯგუფური დანაშაული აქვს ჩადენილი, ისინი მოქმედებდნენ ერთობლივად და მათი პატიმრობის დასაბუთებაც ერთიანი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×