
კოვიდ-19-ით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობას უჭირს. ეს ხალხი, ფაქტობრივად, მოწყდა გარე სამყაროს, რადგან ისინი საზღვარგარეთ სამუშაოდ ვეღარ მიდიან და არც დიდ ქალაქებში აქვთ დასაქმების შესაძლებლობა - ბიზნესის ნაწილი დაკეტილია, ხოლო დასაქმებულთა ხელფასები შემცირდა. ამდენად, რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩაებან და პროდუქტის მოყვანით დაკავდნენ, თუმცა ამ მხრივ დიდი ცხოვრებისეული ბრძოლა მოუწევთ, სანამ მათი შრომის შედეგი გამოჩნდება.
ცხადია, პრობლემა ეხება ყველას, როგორც რეგიონში მუდმივად მცხოვრებთ, ასევე კორონავისრუსის გამო სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტებს, რომლებიც უკვე მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ დროა, სოფლის მეურნეობას მიხედონ. ეს არ ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა დიდად შეიცვლება. როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამბობს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში გაღარიბების საფრთხე ყველაზე მეტად სოფლის მოსახლეობას ემუქრება, რადგან მათი უმეტესობა შიდა მეურნეობის იმედადაა და შემოსავლების ზრდის საშუალება არ აქვს, რაც სიღარიბის მაჩვენებელზე უარყოფითად იმოქმედებს.
,,ეპიდემიის გამო ცხოვრების წესი და მოთხოვნა რადიკალურად შეიცვალა და თითქმის ყველგან გაუარესდა ვითარება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან რეგიონის მცხოვრებნი, რადგან ისინი მარტო დასაქმებას, ელემენტარული პირობების გაუმჯობესებასაც ვერ ახერხებენ. შემოსავლები არ აქვთ და ესეც მათ მდგომარეობას ამძიმებს. მიუხედავად ამისა, მეტი პერსპექტივა გაუჩნდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ორიენტირებული იქნებიან მეურნეობაზე, მათ შორის ის ნაწილი, რომელიც თბილისში ან საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მუდმივ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდა.
წელს შედარებით მეტი მოცულობის მიწა დამუშავდა და ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ამას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროპდუქტის დეფიციტი არ გვაქვს. ერთი მხრივ, სამომხმარებლო ფასზე დადებითად მოქმედებს, რომ პროდუქტი უფრო მეტად არ გაძვირდა, მაგრამ ამ ადამიანების პერსპექტივა ამის იქით არ მიდის - ახალი არაფერი იქმნება, ძველი გაჩერდა და მიბმული არიან ოჯახურ მეურნეობებზე. ფულადი ნაკადებიც შემცირდა და რთულ ვითარებაში არიან. გაღარიბების საფრთხეც იკვეთება, რადგან უშემოსავლობა სიღარბის მაჩვენებელს გაზრდის და მათ სოციალურ მდგომარეობას გააუარესებს. ოჯახის საკმარისი შეიძლება იყოს მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი, მაგრამ არ ექნებათ შემოსავალი სხვა საქონლის შესაძენად. ეს ტენდენცია აშკარად გამოკვეთილია“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გერლიანმა.
პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად იგი რეალური სექტორის განვითარებას მიიჩნევს, თუმცა ეს მარტივი საქმე არ არის. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ქვეყანაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.
,,სოფლად მოსახლეობის 51% ცხოვრობს და ამ დროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მთლიანი შიგა პროდუქტის ნახევარიც კი არ მოდის. ეს კატასტროფული შედეგია. წარმოების მასშტაბებს თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ დოვლათი, ძირითადად, თბილისში იწარმოება. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის დიდი ნაწილი დედაქალაქშია თავმოყრილი. ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მაქსიმალურად უნდა გაანაწილოს რესურსები ცენტრსა და რეგიონებს შორის. მე მხედველობაში მაქვს ინვესტიციები, გრანტები და საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც არა სოციალური ტიპის პროექტებში, არამედ რეალური სექტორის გასაძლიერებლად უნდა იხარჯებოდეს“, - განაცხადა გერლიანმა.
არსებული რეალობის მიუხედავად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სოფლის მეურნეობის როლი გაძლიერდება. როგორც ეკონომიკის დოქტორმა პაატა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსის პანიკამ მოსახლეობას დაანახვა, რომ საკუთარი რესურსი მაქსიმალურად გამოსაყენებელია და ამ მხრივ აგრარულ სექტორს ალტერნატივა არ აქვს. პოსტკორონავირუსული პერიოდის დადგომისთანავე სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას და განსაკუთრებით მიწის რესურსი გამოიყენოს.
,,შემცირებულია ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები და ასეთ სიტუაციაში ყველა ცდილობს, რომ ადგილობრივი წარმოება გააძლიეროს. ხალხი ყველა ქვეყანაში დაუბრუნდება მიწას და ეს პროცესი საქართველოშიც დაიწყება. შეხედულება, რომ არგენტინაში ხილი იაფია და იქიდან შემოვიტანთ, დღეს კი არა, პოსტკორონავირუსულ სიტუაციაშიც ყავლგასულად ჩაითვლება. უკვე ყველა გაუფრთხილდება საკუთარ რესურსს და ყველაზე შეუფასებელი გახდება. პირველ რიგში, ქვეყანა აწარმოებს იმას, რაც მისთვის იქნება საკმარისი.
ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს, რომ ვფლობთ სოფლის მეურნეობის მთავარ საფუძველს - მიწას და მხოლოდ შრომის რესურსის გამოყენება დაგვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მიწების უდიდესი ნაწილი დამუშავდა, მათ შორის - აჭარაში ის ნაკვეთები, რომლებიც მთიან ტერიტორიაზე იყო და ტექნიკის მხრივაც მიუწვდომლად ითვლებოდა, წელს, მთავრობის მხარდაჭერით თუ კერძო ინიციატივის წყალობით, მაქსიმალურად დაამუშავეს ", - განაცხადა პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ, აგრარული სექტორის წამოწევასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება - სამრეწველო ინდუსტრია განვითარდეს.
,,პრობლემა, პირველ რიგში, სწორედ გლობალიზაციას დაარტყამს. როგორმე უნდა გადავრჩეთ და განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება. ეს უკვე დაიწყო ნიღბებით წარმოებით, რომლის შეკერვა ადრეც შეიძლებოდა საქართველოში, მაგრამ აქამდე, რატომღაც, იმპორტირებული იყო. დროთა განმავლობაში, ალბათ, ასე გადავეწყობით სხვადასხვა სფეროში ადგილობრივ წარმოებაზე, მანამდე კი წინ რთული შემოდგომა და ზამთარი გველის. შრომითი და მეცნიერული რესურსი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად და სოფლის მეურნეობის როლი გავაძლიეროთ, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.
ჩვენი პრობლემა, ძირითადად, დაბალმოსავლიანობაა, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომ მთიან რეგიონებში მიწები ძნელად მისადგომია, მაგრამ გლეხი, ტექნიკა თუ ექნება, შეძლებს მის დამუშავებას და მეტ მოსავალს მიიღებს", - აღნიშნა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.