„თუ სექტემბრამდე წასვლა ვერ მოვახერხეთ, ჩათვალეთ, რომ შიმშილის საფრთხე დაგვემუქრება“
ნინა გარდაფხაძე
27.07.2020

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში დაახლოებით 13 ათასი თანამემამულე დაბრუნდა. ისინი, პირველი ტალღის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ უცხოეთში მიბრუნებას აპირებდნენ, თუმცა რაც დრო გადის, ამის პერსპექტივაც სულ უფრო იკლებს. შინ დაბრუნებული ემიგრანტები „ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მალე მათ ოჯახებს სამშობლოში ფიზიკური გადარჩენის პრობლემა დაუდგებათ, ფინანსური პრობლემების გამო. 

კანცელარიასთან საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთაც საუშაოდ გამგზავრება ისევ უცხოეთში სურთ, არაერთი აქცია გამართეს. ბოლოს, წინა კვირაში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ათეულამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებსაც ჰქონდათ პლაკატები: „ემიგრანტები – ეს კლასტერი არაა. ემიგრანტები – ეს საქართველოს მოქალაქეები არიან“.

ევროკავშირმა გამოაქვეყნა იმ 14 "უსაფრთხო" ქვეყნის სია, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც, თუმცა მთავრობა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ ჩქარობს. ასეთივე მდგომარეობაა იმ ქვეყნებშიც, სადაც ჩვენი თანამემამულეები იყვნენ დასაქმებული. ამ ფონზე, მობრუნებული ემიგრანტების ყოფა უფრო და უფრო მძიმდება. მათ ჯერ ვერც რაიმე საქმე გამოძებნეს სამშობლოში და არც საზღვარგარეთ გამგზავრების პერსპექტივა ჩანს. აქამდე ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავის, არამედ დაახლოებით 3-ზე მეტი ადამიანის ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენდნენ. 

ნატალია მარუაშვილი ერთ-ერთი ემიგრანტია, რომელიც სამშობლოში მარტში დაბრუნდა იტალიიდან და ახლა სამუშაოდ წასვლა სურს, თუმცა შეწყვეტილი ავიამიმოსვლის გამო ვერაფრით ახერხებს. 

,,მართლა ძალიან მადლიერი ვარ. მაშინ, როცა ამას ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები ვერ ახერხებდნენ, საქართველოს მთავრობამ შეძლო და სამშობლოში დაგვაბრუნა, მაგრამ ახლა სიფრთხილე პარანოიაში გადავიდა. აქეთ თუ არ ხსნიან საზღვარს, ხომ შეიძლება, ვისაც წასვლა გვინდა, იმათ მაინც მოგვცენ უფლება? დამიჯერეთ, არავის ეხალისება ახლა ოჯახის დატოვება, როცა მსოფლიო მეორე ტალღას ელის და შეიძლება, ისევ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავცვივდეთ, მაგრამ რა უნდა ვქნათ? 

ემიგრანტებიდან ცოტა ვიცი, ვისაც დანაზოგი აქვს. აქ ორ ოჯახს ვარჩენდი და ვერაფრის გადადებას ვერ ვახერხებდი. თუ სექტემბრამდე წასვლა ვერ მოვახერხეთ, ჩათვალეთ, რომ შიმშილის საფრთხე დაგვემუქრება“, - განუცხადა სამშობლოში დაბრუნებულმა ემიგრანტმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

საქართველოდან წასვლის გადაუდებელ აუცილებლობაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც, სხვა ბევრ ვალდებულებასა და გასაჭირთან ერთად, იპოთეკური სესხიც აქვს დასაფარი. 

,,გერმანიიდან პირველივე ნაკადთან ერთად დავბრუნდი, როგორც კი პანდემია დაიწყო. ახლა, როცა გერმანიამ საზღვარი ისე გახსნა, საქართველოსთან იქ ჩასულს კარანტინიც კი არ მომიწევს, არ მაქვს შესაძლებლობა, უკან მივბრუნდე. იქ უკვე 8 წელია, ვცხოვრობ და ლეგალურად ვარ დასაქმებული. იმის გარდა, რომ საქართველოში შვილებს ვინახავ, იპოთეკური სესხიც მაქვს, რომელსაც, თუ უცხოეთში სამუშაოდ არ გავემგზავრე, უბრალოდ, ვერ გადავიხდი“, - აღნიშნა ცირა მახარაძემ. 

იმ ფონზე, როცა საქართველო საზღვრების გახსნას ყოველი დათქმული დროის მოახლოებისთანავე ავადებს, ახალ შესაძლებლობაზე საუბრობს თორნიკე რიჟვაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, ოღონდ ვალდებულნი იქნებიან, წარმოადგინონ ოფიციალური 3-თვიანი ცნობა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან იქნება გაცემული.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც თურქეთში სამუშაოდ გადასვლის სურვილი აქვთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებნი თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი მიწვევების საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან, კარანტინი გაიარონ“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ორივე შესაძლებლობას და იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს ქვეყნიდან გადინების ტემპი პანდემიისას, ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე აფასებს. 

,,შრომის ანაზღაურება სანამ არ მიუახლოვდება იმ ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც ადამიანებს სურთ, რომ გაემგზავრონ და დასაქმდნენ, საქართველოდან სამუშაო ძალის გადინების პროცესი ყოველთვის იქნება აქტიური. ფაქტია ისიც, რომ ჩვენთან სამუშაო ადგილების მოცულობა შეზღუდულია, რაც ხალხს ქვეყნიდან წასვლის მოტივაციას უქმნის. ამის გარდა, საქართველოში ის სექტორია მეტად განვითარებული, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე მეტად აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, ვგულისხმობ მომსახურების სეგმენტს.

ამ პროცესს დავუპირისპირდებით მხოლოდ რეალური ეკონომიკური განვითარების ზრდით, სხვა შემთხვევაში ვერაფერს გავხდებით. თანაც, შემოსავლებსა და უმუშევართა რაოდენობაში იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ეს გადინება ყოველთვის იქნება. ამას ვერაფერს დავუპირისპირებთ, სწრაფი ეკონომიკის ზრდისა და ეროვნული რესურსის გამოყენების გარდა. 

ახლა ვხედავთ, როგორი სიტუაციაა, თუმცა სანამ პანდემიაა, მოსახლეობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინება არ გაიზრდება. საქართველოში დაბრუნდა ემიგრანტების ის ნაწილი, ვინც სამუშაო დაკარგა და ცდილობს, ჯანმრთელობა მაინც შეინარჩუნოს”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" აკადემიკოსმა.

კორონავირუსის პადემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვარი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ასეთი ვითარება, მინიმუმ, პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება, რეალურად კი - უფრო მეტი ხნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×