
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. შსს-ში გამოკითხვაზე სამი პირი იმყოფებოდა. ისინი იუბილარ ანი გაბეჩავას წვეულების სტუმრები არიან. გამომძიებლების შეკითხვებს ვანო თეგაძე და მისი მეგობარი გოგო პასუხობდნენ, რომლებიც ტრაგედიის ღამეს მცხეთის აგარაკზე დარჩნენ. სწორედ ისინი არიან მოწმეები, რომლებიც ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფებას ნარეკვავში დახვდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაიბარეს ისინი პოლიციაში.
ნახალოვკელთაგან ერთ-ერთის, ა.ქ.-ს ჩვენება სხვა დაკავებულების, მათ შორის, "ოქროს მოწმის" ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ა.ქ.-ს თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ნარეკვავიდან წამოსვლის დროს, დაახლოებით 5 წუთში, მათ გზისპირზე 4 ადამიანი შენიშნეს, ხოლო ერთ-ერთი დაკავებული, ზ.ხ. ამბობს, რომ მათ ეს პირები შემთხვევით არ დაუნახავთ, არამედ მანქანიდან მიზანმიმართულად გადავიდნენ.
გურამ ამირხანაშვილთან დაკავშირებით კი ა.ქ. აღნიშნავს, რომ დაინახეს, როგორ გარბოდა ამირხანაშვილი, ეძახდნენ და ეს უკანასკნელი საკუთარი ნებით გამოვიდა მათთან, თავად "ოქროს მოწმე" კი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც ისინი თბილისში ბრუნდებოდნენ, "ტოიოტა ქემრის" მგზავრებს არაგვის ხიდთან ავტომობილი გაეჩერებინათ, თუმცა ა.წ. თავის ჩვენებაში საწინააღმდეგოს ამბობს.
საქმეში ჩართული ადვოკატები ამბობენ, რომ ამჯერად არსებული მტკიცებულებებით ბრალი ვერც ერთ დაკავებულს ვერ დაუმძიმდება და სასამართლოს გადაწყვეტილებასაც უკანონოდ მიიჩნევენ. ადვოკატ გიორგი ყიფშიძის თქმით, მოწმე, რომელიც გამოძიების პროცესში ცვლის ჩვენებებს, მისგან სასამართლოზეც განსხვავებული ჩვენების მიცემაა მოსალოდნელი.
გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
„გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით. მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.
“დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში.
“პროკურატურის მიერ აღნიშნული სამართლებრივი პროცესუალური გადაწყვეტილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას", - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რადგან თვლიან, რომ მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისია გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, რომელიც თვლის, რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს.
"სასამართლომ შაბლონურად მოისმინა ყველას პოზიცია და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც თავშივე ჰქონდა მიღებული. აქედან გამომდინარე, თუ გავასაჩივრებ, ეს იქნება გასაჩივრება გასაჩივრებისთვის და არა - შედეგის მოლოდინისთვის. ამ ადამიანს არაფერი დაუშავებია, იმის გამო უნდა დასაჯონ, რომ ორი ნაცნობი მცხეთაში ჩაიყვანა? ალბათ, ახალი მუხლებია დასამატებელი მაშინ", - განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა.
19 ივლისს დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. მომდევნო პროცესი 31 ივლისს არის ჩანიშნული.