
19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ყოველდღიურად ახალი მოწმეები და საქმის ფიგურანტები ჩნდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვების სერია გრძელდება. უწყებაში საბედისწერო ღამის კიდევ ერთი ფიგურანტი დაიბარეს. ჯერჯერობით უცნობია, რა შეკითხვები აქვს გამოძიებას და რომელ ეპიზოდს ეხება საქმე. გამომძიებლების შეკითხვებს, სავარაუდოდ, “ტოიოტა ვიტსის” ერთ-ერთი მგზავრი პასუხობს. ეს ავტომობილი 19 ივნისის ღამეს ავტობანზე გადაადგილდებოდა და სათვალთვალო კამერებმა არაგვის ხიდის მიმდებარედ დააფიქსირეს.
ახლა ყველას მოლოდინი იქითკენ არის მიპყრობილი, გამოძიება ბრალს 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით ვის წაუყენებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ მუხლისა და მტკიცებულებების გასამყარებლად შსს-ში ახალი მოწმეების დაკითხვის სერიები არ წყდება.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით კი, სასამართლო სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენაზეა დამოკიდებული და დაუშვებელია, სასამართლო ვინმეს ზეწოლის შედეგად მოქმედებდეს. ადვოკატის თქმით, სახელმწიფოს სიძლიერე, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობაშია, რაც საქართველოში სახეზე არ არის.
„სამწუხაროა, რომ დაღუპულია 19 წლის ბიჭი, ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა, მაგრამ, ამავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო სიძლიერე, პირველ რიგში, არის მის სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც სახეზე არ არის.
“სამწუხაროდ, სასამართლო დამოკიდებულია სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენაზე. არ შეიძლება, სასამართლომ იმოქმედოს ვინმეს ზეწოლის შედეგად. რაც შეეხება ბრალის დამძიმებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერანაირად ვერ დაუმძიმდება ბრალი, რადგან ამის ყველანაირი საფუძველი მაქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო თუნდაც, რომ გამოძიების მხრიდან თენგო ბარბაქაძის მიმართ ამ კუთხით ინტერესი არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.
გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე ლ.შ-ს, რომლებმაც ე.წ "მერსედესის მგზავრებს" გზაზე მოძრავი "ექვსეულის" (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) შესახებ აცნობეს, ისინი მათთან დაპირისპირებულ პირებში აერიათ.
გიორგი მერაბიშვილი არის ის პირი, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდა მეგობარ ლ.შ-სთან ერთად. სწორედ ლ.შ. დაუკავშირდა ირაკლი მუმლაძეს და "ექვსეულის" ადგილმდებარეობა აცნობა მეგობრებს და ასევე თხოვა თბილისში წამოყვანა.
ასევე ადვოკატი არ ენდობა იმ მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მცხეთაში მიბრუნებული ნაძალადეველები დაინტერესდნენ, თუ სად იმყოფებოდნენ წვეულებიდან უკვე წასული სტუმრები.
"რატომ უნდა ვენდოთ თეგაძესა და მის მეგობარს და არ უნდა ვენდოთ იმ 8 ადამიანს, რომელთა მიმართაც არის საქმე წარმოებული? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და ლ.შ-ს ისიც კი შეეშალათ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა ე.წ. ნახალოვკელებზე, ესეც კი შეეშალათ და არასწორად განსაზღვრეს.
რაც შეეხება ტელეფონის ნომრის გამორთმევას, ეს ჩვეულებრივი მომენტია, როგორც ყველგან და ყველა ქალაქში ხდება, რომ უბრალოდ ურთიერთობები გაერკვიათ", - აცხადებს როსტომ კერესელიძე.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის.
17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.