მარიამ ნებულიშვილი
02.08.2020

„ნაციონალური მოძრაობა" რომ არ თანხმდება რაღაცებს და ვაჭრობს, უფრო გასაგებია ვიდრე ის, რომ იოლად უთმობდეს ვიღაცას იმ პოზიციებს, სადაც თვითონ თვლის, რომ აქვს გამარჯვების შანსი" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციაში რეგიონებში მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.

მისივე თქმით, ოპოზიციის ვერგაერთიანება ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია და არცაა გასაკვირი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რიგ საკითხებზე პრეტენზიას გამოთქვამს.

„მესმის, მაგალითად რატომ არ უნდა დათმოს „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის პოზიციები და გაუნაწილოს სხვას თავისი პლუსები. თუმცა, მე არ მომწონს „ნაციონალები" და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი შეცდომები აქვთ დაშვებული სახელმწიფოს მართვაში თავის დროზე. მაგრამ სუფთა პრაგმატულად თუ არის ძლიერი პოლიტიკური პარტია, რატომ უნდა გაიყვანოს სხვა პარტიები თავის ხარჯზე, მითუმეტეს, როდესაც 1%-იანი ბარიერია? წავიდეს ყველა პარტია და ცალ-ცალკე მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. ეს უფრო საინტერესო იქნება და უფრო მეტად შეავსებს პოლიტიკურ პალიტრას პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა" რომ არ თანხმდება რაღაცებს და ვაჭრობს უფრო გასაგებია ვიდრე ის, რომ იოლად უთმობდეს ვიღაცას იმ პოზიციებს, სადაც თვითონ თვლის, რომ აქვს გამარჯვების შანსი.

„რადგანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მოსალოდნელია, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატები ჰყავდეს. რატომღაც სახელისუფლებო პროპაგანდისტური მანქანა აპოკალიპტურ სცენებს ხატავს, რომ არიქადა ოპოზიის კრახია. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. საერთოდ, ოპოზიცია არ უნდა ერთიანდებოდეს. მათი გაერთიანება ცალკე უცნაურობაა, როდესაც ოპოზიცია ერთიანდება, იქნება ახალი ერთიანი რეალობა, თუ ვერ გაერთიანდება არც ეგაა პრობლემაა. აქ არაა საკითხი, რომ მათი ერთობა კარგია და არგაერთიანება ცუდი. ეს არ ნიშნავს კრახს. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა საარჩევნო კამპანია და საზოგადოებას არ ვურჩევდი აჰყვეს სახლისუფლებო პროპაგანდას. თუ ვერ ერთიანდება ოპოზიცია, ეს ნიშნავს, რომ ისინი სხვანაირად წარმართავენ თავიანთ საარჩევნო კამპანიას", - ამბობს ზაქარეიშვილი.

„ევროპული საქართველო" „ნაციონალურ მოძრაობას" მსხვილ ქალაქებში ოლქების გადანაწილებას სთავაზობდა, რადგან ფიქრობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტურში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები გავიდოდნენ, რაც არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს ქმნიდა. „ევროპული საქართველო" აცხადებს, რომ „ნაციონალები" ამას არ დასთანხმდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ზაქარეიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში ხელისუფლებას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან, მმართველი გუნდი აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ნაციონალურ მოძრაობას" კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ მეორე ტურში მხოლოდ მისი წარმომადგენლები გავლენ, რისი მაღალი შანსიცაა, ისინი დამარცხდებიან და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება", როგორც უკვე არაერთხელ მმომხდარა.

„ამიტომ თუ არ დააყენებს „ნაციონალური მოძრაობა" ამა თუ იმ ოლქში კანდიდატებს, შანსები იმის, რომ სხვა პარტიიდან გავიდეს ძლიერი კანდიდატი მაღალია და მეორე ტურში ამ კანდიდატების გამარჯვებაც უფრო მეტად არის შესაძლებელი. იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს „ნაციონალური მოძრაობა" არ მოსწონს, სძულს კიდევაც.

თუ იქნება სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც არანაირი ცუდი არ ჩაუდენია წარსულში და საზოგადოების წინაშე „სუფთაა", მოსახლეობას გაუჭირდება მის წინააღმდეგ ხმის მიცემა", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სერგი კაპანაძემ 31 ივლისს განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო" „ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების მისაღწევად დროს ორშაბათამდე აძლევდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×