
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო და ანკარა აზერბაიჯანის ოთხ ლოკაციაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, რომელიც 10 აგვისტომდე გასტანს. როგორც ორშაბათს რუსულმა მედიამ დაწერა, წვრთნებისას საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა.
ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში, ორი თურქული F-16 სომხეთის დედაქალაქ ერევანს 56 კმ ის მანძილზე, დიდი სიჩქარით მიუახლოვდა, შემდეგ კი მკვეთრი მანევრით უკან გატრიალდა. როგორც მედია იტყობინება, ამ გზით მათ სომხეთის დედაქალაქზე შეტევა შეეძლოთ.
როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, აღნიშნული მანევრი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს შეიცავდა.
„ეს წვრთნები ისევ მიმდინარეობს და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ერთი ინციდენტი მოხდა - თურქეთის ორი თვითმფრინავი F-16 სომხეთის ტერიტორიას მიუახლოვდა, ანუ იმ სიშორეზე, რა სიშორიდანაც მათ შეეძლოთ, რომ რაკეტები ერევნის მიმართულებით გაეშვათ.
"ანუ, საზღვრიდან მანევრი გააკეთეს და დაბომბვის იმიტაცია შექმნეს. შესაძლოა, რომ ეს პირველ ინციდენტად ჩაითვალოს, სიტუაციის გამწვავების ალბათობა მაღალია, თუმცა იმედია, რომ ეს არ მოხდება.
„პლუს ის, რომ მიმდინარე ტერიტორიებზე აზერბაიჯანისა და თურქეთის ვერტმფრენებმა საკმაოდ ინტენსიური ფრენა დაიწყეს, წვრთნები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ოთხ ლოკაციაზე მიდის, საკმაოდ სერიოზულ სიტუაციას ქმნის რეგიონში.
„დღევანდელი სიტუაცია, ფაქტობრივად, ერთმანეთის მიმართ გაკეთებული სამხედრო მუქარაა, არა მხოლოდ თურქეთ-აზერბაიჯანი, არამედ, პარალელურად, სომხეთ-რუსეთის წვრთნებიც მიმდინარეობს. წვრთნები ასევე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მიმდინარეობს, 58-ე არმია უკვე „კავკასია 2020" წვრთნების ჩასატარებლად ემზადება", - განაცხადა მაისაიამ.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბაქო-ანკარას ერთობლივი წვრთნები აზერბაიჯანისთვის დიდი მნიშვნელობისაა, რადგან, მისი თქმით, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია და, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი და ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები სომხეთს დაეხმარებიან.
„ეს წვრთნები აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ცნობილია, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა და ამ ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს აქვს ვალდებულება, ომის შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიას რაიმე დაემუქრება, მას დაეხმაროს, რაც, ბუნებრივია, აზერბაიჯანს არ აქვს.
„აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი დიპლომატიურ იზოლაციაში რომ არ აღმოჩნდეს, ამ თვალსაზრისით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა და ამ წვრთნების მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ როგორც მოსკოვს, ასევე ერევანს რეალურად დაანახვონ, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში მარტო არ დარჩება.
„რაც შეეხება იმას, თუ ვითარების გამწვავება რამდენად მოსალოდნელია, შესაძლოა, ისეთი პატარა ინციდენტები, როგორებიც აქამდე იყო, კვლავ ვიხილოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არც თურქეთი და არც რუსეთი რეგიონული ომის წამოწყებით დაინტერესებული არაა, ალბათ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა", - განაცხადა კაკაჩიამ.