"მათ შორის საქართველოს საკითხში ლუკაშენკომ არ გაიზიარა კრემლის ოფიციალური პოზიცია"
მარიამ ნებულიშვილი
04.08.2020

„არაერთხელ სერიოზული საფრთხის წინაშე დამდგარა ბელორუსი, როგორც სახელმწიფო, რუსეთის მხრიდან" - ასე ეხმიანება ექსპერტი თენგიზ ფხალაძე რუსეთსა და ბელარუსს შორის განვითარებულ მოვლენებსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ლუკაშენკომ 4 აგვისტოს თქვა, რომ რუსეთთან "ძმური" ურთიერთობა შეიცვალა "პარტნიორობით".

„რუსეთი ყოველთვის იყო და არის ჩვენი უახლოესი მოკავშორე. ეს გადაულახავი ფაქტორია, მიუხედავად იმისა, რომ მან ძმური ურთიერთობა პარტნიორობით შეცვალა", - ამბობს ლუკაშენკო.

ფხალაძის თქმით, ლუკაშენკო ამ განცხადებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყნის დამოუკიდებლობა.

„ურთიერთობა რუსეთსა და ბელარუსს შორის არ არის ნამდვილად ისეთი მარტივი და მეგობრული, როგორც ეს შორიდან შესაძლოა ვინმეს ეჩვენებოდეს. საკმაოდ რთულია და არაერთხელ სერიოზული საფრთხის წინაშე დამდგარა ბელორუსი, როგორც სახელმწიფო, რუსეთის მხრიდან.

„საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დაიმორჩილოს ქვეყნები, მარტივად, რომ ვთქვათ, ცდილობს დამეგობრებული ქვეყნები საკუთარ მსახურებად გაიხადოს.

"ლუკაშენკო ამასა შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგება და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობა და ასევე ხელისუფლება. იმიტომ, რომ რუსეთს არაერთგზის უცდია შეესუსტებინა და ძირი გამოეთხარა ლუკაშენკოს ხელისუფლებისათვის.

"გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც საკითხებში, მათ შორის საქართველოს საკითხში ლუკაშენკომ არ გაიზიარა ის მოსაზრებები, რაც არის კრემლის ოფიციალური პოზიცია. არ აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

"ამ ტიპის ნაბიჯებისთვის კრემლი ცდილობს, ყოველთვის მას აჩვენოს თუ ვინაა რეალური ძალაუფლების მფლობელი და უქმნის სხვადასხვა პრობლემებს. თუნდაც, ბოლო პერიოდში რაც განვითარდა „ვაგნერთან" დაკავშირებით", - ამბობს ფხალაძე.

გარდა ამისა, ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსი ცდილობს უერთიერთობა გაიუმჯობესოს დასავლეთთან. როგორც თენგიზ ფხალაძე ამბობს, ამ კუთხით ბელარუსმა უკვე გარკვეული ნაბიჯები გადადგა, გარდა ამისა მისი აზრით საქართველოს შეუძლია დადებითად იმოქმედოს ბელარუსის ინტეგრაციის საკითხში.

„ბელორუსს აქვს სურვილი, რომ უფრო მჭირდოდ ითანამშრომლოს დასავლეთის ქვეყნებთან, ვიდრე ეს ხდებოდა მანამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომ ამერიკის ელჩს მიეცა ბელორუსში დაბრუნების უფლება, მას ძალიან დიდი ხანი არ იღებდა ქვეყანა.

„გარდა ამისა დასავლეთთან ურთიერთობა არის ის თემა სადაც შესაძლებელია საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, რა თქმა უნდა, თუკი ცოტა გავაქტიურდებით ამ მიმართულებით და გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობებს რომელიც რეალურად არის. საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრ საკითხში იკისროს მნიშვნელოვანი მედიატორის ფუნქცია", - გვითხრა მან.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, ქვეყანაში გაძლიერებულია ოპოზიციური ტალღა, გარდა ამისა ლუკაშენკოს როგორც დასავლეთი ისე ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ოპონენტების პოლიტიკური დევნის გამო აკრიტიკებს.

ფხალაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქვეყანაში არსებული მდგომარეობით ისარგებლოს და სერიოზული პრობლემები შეუქმნას ბელარუსს დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილის გამო.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მოგეხსენებათ, ოფიციალური საზღვარი რუსეთსა და ბელარუსს შორის არ არსებობს, არ კონტროლდება. პირველი ნაბიჯები გადაიდგა იმ მხრივ, რომ მოქალაქეებს შეუქნეს პრობლემები გადასვლა-გადმოსვლასთან დაკავშრიებით. არ არის გაამორიცხული ვიხილოთ ისევ ის რაც ადრე გვიანხავს, რომ ბელარუსული პროდუქციის შეტანა აიკრძალოს რუსეთის ტერიტორიაზე, ან ის, რომ გადაიხედოს ენერგომატარებლების ფასები და ა.შ.

„თუმცა, რუსეთი ყოველთვის შეხედავს იმასაც, თუ როგორი იქნება საერთაშორისო რეაქცია ამათან დაკავშირებით. ლუკაშენკოს საკმაოდ რთული ვითარება აქვს, ერთი მხრივ, მას აქვს პრობლემები პუტინთან, მაგრამ მეორე მხრივ ბევრი სხვა რაღაცის გამო დასავლეთთანაც რთული ურთიერთობა აქვს. მის მიმართ გამოითქმის კრიტიკა, იქნება ეს ადამიანთა უფლებები თუ სხვა საკითხები.

„აქედან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ იქნება სწორი ბელორუსის მარტო დატოვება რუსეთთან. მესმის, რომ საფუძვლიანია კრიტიკა ლუკაშენკოს მიმართ. რა თქმა უნდა, ლუკაშენკო ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„ერთია რა არის რუსეთთან და მეორეა შიგნით რა არის, ქვეყანაში არის ურთულესი შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. ძალიან მასშტაბურია საპროტესტო გამოსვლები და კიდევ უფრო ვითარდება ეს ტალღა.

"ამ სიტუაციაში თავისთავად ცხადია ლუკაშენკო ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ საპროტესტო ტალღით შეეცდება რუსეთი სარგებლობას და ამას გამოიყენებს ქვეყანაში არეულობისთვის.

"ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებულ ძალებთან სერიოზული მუშაობა და ყურადღება, რათა ის წინააღმდეგობები, რაც ქვეყნის შიგნით არსებობს არ გამოიყენოს მხოლოდ რუსეთმა და მიიღოს ის რისი მიღებაც სურდა", - თქვა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

29 ივლისს, ბელარუსის სპეცსამსახურებმა მინსკის მახლობლად დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რუსეთის მოქალაქეები და ე.წ. „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის" მეომრები. ბელარუსის ხელისუფლების თანახმად, მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა 200-ზე მეტი მებრძოლი „საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვითარების დესტაბილიზაციისთვის".

თავის მხრივ რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ განაცხადა, რომ დაკავებულები შესაძლოა ბელარუსის გავლით სუდანში ან ლიბიაში მიემგზავრებოდნენ იქ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×