
განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, სასწავლო დაწესებულებებში გაგრძელდება. „განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წესების დაცვაზე და კონტროლზე, რომლებზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ", - ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე.
როგორც ხმალაძე ამბობს, ქვეყანაში კარგი ეპიდსიტუაცია გვაქვს, რაც გარკვეული ტიპის შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას გვაძლევს.
„აქ უკვე პრიორიტეტეგბის დასმაზეა ლაპარაკი, რამდენად საშიშია ვირუსული ინფექცია ქვეყნისთვის და რამდენად დააქცევს ქვეყანას ასე ჩაკეტილი ყოფნა. იმიტომ, რომ უკვე ბოლო წერტილამდე მივედით. ვინაიდან და რადგანაც ჯერ-ჯერობით ინფექცია არის კონტროლირებადი, პრაქტიკულად აღარაა მძიმე ფორმები და მალე უკვე ალბათ ვაქცინაც მოგვეშველება, შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება. მათ შორის სასწავლო პროცესის დაწესებულებებში გაგრძელება", - თქვა ხმალაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ექმები გასცემენ, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის უკონტროლო გავრცელება.
„რა თქმა უნდა, სასწავლო დაწესებულებებში მეცადინეობები უნდა ჩატარდეს სპეციალური სანიტარული წესების გათვალისწინებით, რომლებიც შემუშავებულია და ჩვენთანაც მშვენივრად მუშაობს, იქნება ეს პირბადეები, დისტანცირება და ა.შ.
„პრაქტიკულად რასაც ვხედავთ, ბავშვებს თითქმის არ ემართებათ კორონავირუსი. ამიტომ, ელემენტარული ნორმების დაცვა აუცილებლად უნდა უზრუნველყონ სკოლებში. აუცილებელია მომზადდნენ მასწავლებლები და მაქსიმალურად გაუწიონ კონტროლი ბავშვს სწორად უკეთია თუ არა პირბადე, ხელს იბანს თუ არა და ა.შ. თუ ეს გაკეთდება, მაშინ კიბატონო და თუ ეს არ გაკეთდება და ჩვეულებრივ სკოლას დამესგავსება სწავლების პროცესს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წესების დაცვაზე და კონტროლზე, რომლებზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ.
„აუცილებელია მოხდეს დისტანციის დაცვა. არ შეიძლება კლასში იყოს 48 ბავშვი. ამიტომ უნდა გადანაწილდნენ. მეორე მომენტია, რომ თუ ბავშვი არ მოტრიალდა ის მაინც ზურგით ზის სხვა ბავშვებთან, დისტანცირება კი საჭიროა მოხდეს გვერდით მყოფ ბავშვთან", - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან".
როგორც განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკლეი ამბობს, განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესს, იმ დროისთვის არსებულ ეპიდსიტუაციას მოარგებს.
„დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც. დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური", - ამბობს ჩხენკელი.