მარიამ ნებულიშვილი
05.08.2020

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქყვყნის შიდა კრიზისის ფონზე, შესაძლოა გარკვეული მოქმედებები განახორციელოს და ამისთვის დასავლეთის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ. ასეთი რამ მას სხვა დროსაც გაუკეთებია საკუთარი რეიტინგის გადასარჩენად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ამერიკული ტელეკომპანია „სიენბისის" შეფასებით, რუსეთის ლიდერს კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე გარკვეული სირთულეები შეექმნა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს რუსეთის მშპ 6 %-ით შემცირდება. ამავე დროს, დღეისათვის, დაახლოებით 18 მილიონი რუსი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ასეთი მოქალაქეების რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

ამის ფონზე რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია მოაწყოს სიურპრიზი დასავლეთისთვის და განახორციელოს მოულოდნელი მოქმედებები იმ იმედით, რომ დაიბრუნებს გავლენას ქვეყნის შიგნით, და ამავე დროს გააძლიერებს რუსეთის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. მოსკოვმა ასეთი სიურპრიზები უკვე გააკეთა 2008 წელს, როდესაც თავისი არმიით საქართველოში შემოიჭრა, 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა და 2015 წელს, როდესაც ღიად და აქტიურად ჩაერია სირიის სამოქალაქო ომში.

„სიენბისის" შეფასებით, პუტინისგან მსგავსი „სიურპრიზის" ალბათობა კიდევ უფრო იზრდება იმის გამო, რომ რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგე - აშშ ახლა სერიოზულ სირთულეებს განიცდის ფართოდ გავრცელებული კოროვირუსის ეპიდემიის, ეკონომიკური ვარდნისა და პროტესტის ტალღის გამო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია უთანხმოება, რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, ისევე როგორც ევროპულ სახელმწიფოებს შორის, შეიძლება პუტინმა ამ ყველაფრით ისარგებლოს და კიდევ ერთხელ სცადოს მოსკოვის გავლენის გაზრდა მსოფლიოში.

ამ მიზნით ოფიციალური მოსკოვი ამჯერადაც კიდევ ერთი თავისი მეზობლის წინააღმდეგ განახორციელებს აგრესიას და დიდი ალბათობით, პუტინის ახალ მსხვერპლი ბელარუსი იქნება.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებას რუსეთი ეკონომიკური აღმავლობის პოერიოდში ახორციელებს. ახლანდელი კრიზისის ფონზე კი მას გაუჭირდება მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებების გახორციელება, მიუხედავდ იმისა, რომ აქტიურად ატარებს სამხედრო წვრთნებს.

„2020 წლის აგვისტო განსხვავდება 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის მარტისგან. წინა ორივე შემთხვევაში, როდესაც რუსეთმა განახორციელა გარკვეული ტიპის სამხედრო ინტერვენცია საქართევლოსა და უკრაინის მიმართ, მას ჰქონდა ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა, გარდა ამისა, საკმაოდ მაღალი იყო ნავთობის ფასიც. ამიტომაც, რუსეთმა თავისი აგრესიული სამხედრო ქმედებები განახორციელა სწორედ მაშინ, როდესაც ეკონომიკა ჰქონდა ძლიერი, რასაც ახლანდელ პერიოდზე ვერ ვიტყვით.

„გარდა ამისა, წინა ორივე შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერდა რუსეთს და ამან გაუადვილა მას ტერიტორიების ანექსირება. დღევანდელ ეტაპზე რუსეთი ფლობს ნაკლებ რესურსს თავისი აგრესიული პოლიტიკის გასატარებლად. მაგრამ ის ასევე აქტიურად ახორციელებს სამხედრო წვრთნებს, მაგალითად მიმდინარებობს „კავკაზ 2020", გარდა ამისა პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ექნება ახალი ფრთოსანი ზებგერითი რაკეტები, რომლეის ანალოგი მსოფლიოში არაა. მაგრამ მიმდინარე წელს, ჩემი აზრით, რუსეთის რესურსები არის შეზღუდული", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

„სიენბისი" აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ ბელარუსის წინააღმდეგ იმოქმედებს. პუტინს შეუძლია გამოიყენოს, „მზარდი არეულობა ბელარუსში და საკამათო საპრეზიდენტო არჩევნები", როგორც საბაბი, რომ „ეროვნული გამათავისუფლებლის" სტატუსით მოახდინოს ბელარუსის ანექსია.

ნიკა ჩიტაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსები და რუსები მოძმე ერები არიან და ახლო ურთიერთობა აქვთ, ბელარუსი ხალხი დამოუკიდებლობის დაკარგვას არ შეეგეუება. ამის გამო, ჩიტაძის ვარაუდით, რუსეთი ბელარუსისთვის მხოლოდ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით დაკმაყოფილდება.

„ბელარუსი ისედაც ეთნიკურად, რელიგიურად, ლიგვისტურად რუსეთთანაა დაახლოებული. ამიტომაც ის მუდმივად იქნება რუსეთის სტარტეგიული პარტნიორი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, აღნიშნულის შესახებ ისაუბრა კიდეც გუშინ ლუაკაშენკომ.

„თუმცა, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ ჯარებით შეიჭრას ბელარუსში, ქვეყნის შიგნით გაიზრდება ანტირუსული განწყობები. ახლა იქ საკმაოდ დიდია პრორუსული განწყობები. ამიტომაც სამხედრო ინეტრვენცია გამორიცხულია. იმ შემთხვევაში, თუ ლუკაშენკო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით გაუძალიანდება რუსეთს, პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ეკონომიკური ბერკეტები, მაგალითად, აწიოს ბუნებრივი აირის საფასური, შემოიღოს გარკვეული ემბარგო და ა.შ. ამიტომაც, მე პირადად მგონია, რომ რუსეთი უფრო ეკონომიკურ ბერკეტს აამოქმედებს ვიდრე სამხედროს. გარდა ამისა, პუტინი იმასაც აცნობიერებს, რომ ნატო ზრდის საკუთარ კონტიგენტს აღმოსავლეთ ევროპაში.

„რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მეეჭვება მან ბელარუსის მიერთება შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონათესავე და მოძმე ერები არიან, მაინც ცალკე სახელმწიფო და ცალკე ერია, რის გაუქმებასაც ასე მარტივად არ დათანხმდებიან თავად ბელარუსები. ერთადერთი შეიძლება რუსეთმა წამოაყენოს იდეა, რომ შეიქმნას „სამოკავშირეო სახელმწიფო", - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×