ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.
მათივე განცხადებით, გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა პორტში წლების განმავლობაში შენახული დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატის დასაწყობების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის ფაქტი დაასახელეს.