ატმის რთველი უკვე რამდენიმე კვირაა, წარმატებით მიმდინარეობს. წელს პირველად, ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე გავიდა. მთავარი მაინც ისაა, რომ ადგილობრივ ფერმერებს არც დაბინავების პრობლემა არ ჰქონიათ და მათთვის ფასიც მისაღებია. მოსახლეობას რეალიზაციაში დახმარებას გურჯაანში მოქმედი საკონსულტაციო შტაბი უწევს.
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება ახლაც აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთის ფედერაცია (62% - 10 108 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (33% - 5 323 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (3% - 543 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, მოლდოვის, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის რესპუბლიკებში.
მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა. სამინისტროში განმარტავენ, რომ ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.
წესებს, რომელთა გავლაც ქართულ ატამს უხდება, რათა ევროპის ბაზარზე შევიდეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ლევან გიორგანაშვილი დეტალურად აღწერს.
,,შეუფერხებლად მიმდინარეობს ატმის ექსპორტი, ნებართვების გაცემის პროცესი. ყოველდღიურად ხორციელდება მონიტორინგი მაცვირებზე, რათა თავისუფალი იყოს პროდუქტი საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან. შემდეგ იტვირთება საექსპორტოდ ავტომობილებში, ილუქება და გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი“, - განაცხადა ლევან გიორგანაშვილმა.
ატამსა და ვაშლატამაზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, გურჯაანის მასშტაბით სამაცივრე მეურნეობების ოდენობაც ცხრიდან ოცამდე გაიზარდა. აქ ხარისხი, როგორც რეალიზატორების, ასევე ფერმერებისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. ფერმერების თქმით, წელს ატმის კარგი მოსავალია, რისი საუკეთესო ინდიკატორიც ფასია. მიმდინარე სეზონზე ვაშლისა და ვაშლატამას ღირებულება 1 ლარიდან 1.50 ლარამდე მერყეობს.
ექსპორტიორი თამაზ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ, მიუხდავად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელსეკრულებისა, წელს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ატამი და ვაშლატამა ევროპის ბაზარზე მოხვდა. ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რასაც გაღრმავება სჭირდება.
,,საქართველოს 2014 წლიდან ევროპის ბაზარზე ღია აქვს კარი, მაგრამ აქამდე ატამი და ვაშლატამა ჯერ არ მოხვედრილა ევროპის ქვეყნებში. წელს პირველი პრეცედეტი გვაქვს, რაც უდავოდ დადებითი ფაქტია. იმედი გვაქვს, ქართული პროდუქტი კარგად მოიკიდებს ფეხს ევროპაში. სიმბოლურია ისიც, რომ ეს პირველად აგვისტოში მოხდება“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
სანამ ქართული ატამი კახეთიდან ევროპამდე სატვირთოთი გრძელ გზას გაივლის, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები პროდუქტის ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას ამოწმებენ. ამ პროცედურის წარმატების გავლის შემდეგ საკონსულტაციო შტაბი სერტიფიკატს გასცემს. ამ სივრცეში მსურველებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ემსახურებიან.
ფერმერი გიორგი ქეტესაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ, გასული წლებისაგან განსხვავებით, მთავრი მომენტია ის, რომ წელს ატმის დაბინავებისა და ფასის პრობლემა არ შეექმნიათ.
,,წლევანდელი წელი მოსავლის დაბინავების მხრივ მიდის საკამოდ დიდი წარმატებით. ბუსუსიანი ატმის ღირებულება დაახლოებით 1 ლარის ფარგლებშია, შეიძლება, 20 თეთრით ძვირიც კი ღირდეს, ვაშლატამაც დაახლოებით ამ ფასშია და ლარ-ნახევრამდეც კი ადის. ამ მომენტისთვის საკმაოდ მისაღები ფასებია. მთავარი მაინც ის არის, რომ, მთავრობის ხელშეწყობით, წელს პროდუქციის დაბინავებისა და ფასის პრობლემა არ შეგვქმნია“, - აღნიშნა ფერმერმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა.