
2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობა 880 375 ადამიანს შეადგენდა. სწორედ ეს მოქალქეები მიიღებენ, პრემიერის გადაწყვეტილებით, 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ სოციალური პაკეტებისა, რომლებიც მთავრობამ წარადგინა. მთავარი კითხვა ის არის, რატომ ეხმარება არამიზნობრივ ჯგუფებსაც ხელისუფლება ნასეხები ფულით, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას უნდა ხმარდებოდეს.
ახალი სახის სოციალურ დახმარებებზე მთავრობა, ჯამში, 410 მლნ ლარს დახარჯავს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკვე დაადასტურა. პირველ რიგში, ყველა თვითდასაქმებულს, ვისაც ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით არასრული დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი, კომპენსაცია ჩაერიცხება.
„თვითდასაქმებულების კომპენსაციის მისაღებად საქართველოს მთვრობას მიმართა 250-მა ათასმა საქართველოს მოქალაქემ. ეს დახმარება მიიღო 170-მა ათასმა მოქალაქემ, ანუ ყველამ, ვისაც დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა მოძიებული, თუმცა, ვიდრე პროგრამას დავხურავთ, ყველა დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს დოკუმენტების შევსების თვალსაზრისით მოთხოვნები, უნდა დაუკმაყოფილდეთ თხოვნა და ჩაერიცხოთ 300 ლარი, ერთჯერადად“, - განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის ყველა მოზარდი მთავრობისგან 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებს. რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება და 15 სექტემბერამდე ყველა ბავშვის მშობელს თანხა ანგარიშზე დაუჯდება.
მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოსახლეობას კომუნალური გადასახადები დაუფინანსდება ზუსტად იმ პრინციპით, როგორც ეს პანდემიის პირობებში ერთხელ უკვე განხორციელდა.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გააჟღერა, იყო სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვა:
თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, ქართველ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდებათ და წარჩინებული სამხედროები და მათ ოჯახები 750-ლარიანი მინისტრის სტიპენდიას მიიღებენ.
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განმარტება გააკეთა, თუ საიდან მოხდება სოციალური დახმარებების გაცემისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მობილიზება. სოცპაკეტისთვის განკუთვნილი თანხები სრულად “კოვიდ” ფონდიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
„კოვიდის ფონდიც, რასაკვირველია, ავსახეთ ბიუჯეტში. მასშტაბურად თუ შევხედავთ, ყველაფერი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა კოვიდის ფონდი ამ ეტაპისთვის არის 135 მლნ ლარამდე. ძირითადად, თანხები მიიმართება ბავშვების საკომპენსაციო პაკეტებზე, თუმცა ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის ეს ინიციატივა, რითაც საქართველოს მთავრობა დღეს გამოვიდა, უფრო დიდია, ვიდრე - ფონდის თანხა, შესაბამისად, დანარჩენი შეივსება ბიუჯეტიდან", - განაცხადა მინისტრმა.
მთავარი მაინც ის არის, რამდენად სწორია ბიუჯეტის სოციალურ ხარჯებზე მიმართვა და ამის პროგრამების პრიორიტეტად გამოცხადება. მით უფრო, როცა ეს ხდება ნასესხები ფულით, რომლის დაბრუნებაც სახელმწიფოს მოუწევს და რომელიც, ეკონომიკის სტიმულირებისა და რეალური სექტორის განვითარების ნაცვლად, ერთჯერად დახმარებებს ხმარდება.
ანალიტიკოსი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია, როცა ის დახმარებებზე ხარჯავს ხალხის ფულს (ბიუჯეტს), იგივე თანხა რომ ეკონომიკისა და ბიზნესის სტიმულირებას მოხმარებოდა, ბევრად მეტად იგრძნობდა მოსახლეობა.
“თავისთავად, სოციალური დახმარების წინააღდეგი ვერ ვიქნები. ჩემი სურვილიცაა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა და ყველას ეხმარებოდეს, მაგრამ ხელისუფლებამ ახლა არასწორი პოლიტიკა აირჩია. პირველ რიგში, საჭირო იყო ბიუჯეტიდან სახსრების მობილიზება და ბიზნესის სტიმულირება. ეს უნდა ყოფილიყო მთავრობის მთავარი მიზანი. კერძო სექტორისათვის უნდა გადავადებულიყო, შემცირებულიყო ან მიზნობრიობის მიხედვით განულებულიყო გადასახადი, რათა მათ არ შექმნოდათ პრობლემა, რომელიც შემდეგში დასაქმებულებზე პირდაპირ აისახება.
ერთჯერადი სოციალური დახმარება, გარდა იმისა, რომ არაეფექტური და არასწორი განაწილებისაა, არის საკმაოდ მცირე. ამას იწვევს ისიც, რომ მაღალი შემოსავლის მქონე და მოწყვლად ჯგუფებზე ერთნაირად განაწილდა, ამიტომ გამოვიდა უფრო ცოტა.
რაც შეეხება, კომუნალურ გადასახდელებს, ის ბევრად უფრო საჭირო და, შესაბამისად, გამართლებულია. ყველაზე პროდუქტიული კი სახელმწიფოს მხირდან აუცილებლად იმ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება იქნებოდა, რაც ნამდვილად არსებობს. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ყოფილიყო თანხები მობილიზებული და ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული. სხვა დანარჩენი ერთჯერადი აქტია და გრძელვადიანი ეფექტი ვერ ექნება. საბოლოოდ ვიღებთ შემცირებულ ბიუჯეტსა და მეტად გაჭირებულ ეკონომიკას“, - განუცხადა მაკალათიამ “რეზონანსს“.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლება გადასახადის გადამხდელების ფულს სოციალურ პაკეტებში ხარჯავს, რომლის ეფექტიანობაც საეჭვოა, მიუკუთვნება თუ არა ყველა არასრულწლოვანი მოწყვლად ფენას? კავკასიის ბიზნესსკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სვამს კითხვას - რატომ არ ეხმარება მთავრობა მათ, ვისაც რეალურად სჭირდებათ და ყველა ერთნაირად რატომ იღებს მთავრობის კომპენსაციას?
“მოწყვლადი ფენაა ყველა ბავშვი საქართველოში? ვინც მართლა გაჭირვებულია, ხელისუფლება მათ უნდა დაეხმაროს, თუ მაიმცდამაიმც ჩვენი ფული უნდა ხარჯონ სოციალურ პაკეტებზე. როგორც ჩანს, ასე ურჩევნიათ. რაც უფრო მეტ ადამიანზე გაანაწილებენ, ელექტორალურად უკეთესია... არ ვიცი სხვა, ვერავითარ გათვლას აქ ვერ ვხედავ, მით უფრო - ეკონომიკურს“, - ამბობს ბერიკაშვილი.
ჯამში, სოციალურ დახმარებებზე 410 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 200 მლნ ლარი კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე, 170 მლნ ლარი კი ახალგაზრდების დახმარების პაკეტზე მიემართება. სწორედ აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - მკვეთრად გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები მოახდენს თუ არა ინფლაციაზე გავლენას? ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნება.
„ფისკალური სტიმული საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან, ეს ხარჯები გათვალისწინებულია პროგნოზში და, შესაბამისად, ეს არ არის სიახალე. უნდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის დეფიციტი, ძირითადად, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციიდან მიღებული შემოსავლებით შეივსება. ეს შემოსავლები არის უცხოურ ვალუტაში, რაც საშუალებას გვაძლევს, უცხოური ვალუტა მივმართოთ ადგილობრივ ბაზარზე და ფისკალური სტიმულის შესაძლო უარყოფითი ეფექტი გავანეიტრალოთ.
შესაბამისად, ჩვენ არ მოველით, რომ ფისკალური ხარჯები მოახდენს მიმდინარე ინფლაციაზე ზეგავლენას“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.