თამთა ჩაჩანიძე
07.08.2020

იაპონიაში კორონავირუსი შინაურ ცხოველებს იმ სადაზღვევო კომპანიაში დაუდასტურდათ, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პატრონების ძაღლებს და კატებს დროებით უვლის. როგორც კომპანიის მეპატრონეები აცხადებენ, შემოწმების შედეგად ორი ძაღლის კოვიდ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, რაც იაპონიაში კოვიდინფექციის ცხოველებზე გავრცელების პირველი შემთხვევაა.

როგორც იაპონურ სადაზღვეო კომპანიაში (Anicom Holdings Inc) აცხადებენ, ძაღლებში ინფექცია რაიმე სიმპტომებით არ გამოვლენილა, ამჯერად კი ერთი ძაღლის ტესტის პასუხი უკვე უარყოფითია.

კომპანიის განცხადებით, მსოფლიოში შინაურ ცხოველების ინფიცირების შემთხვევები ძირითადად კატებზე მოდის, რომელიც შეერთებულ შტატებში, ბელგიასა და საფრანგეთში გამოვლინდა, ხოლო ძაღლების დაინფიცირება კი ნაკლებად ხდება.

პანდემიის ფარგლებში, აღნიშნულმა სადაზღვევო კომპანიამ ახალი სერვისი შექმნა, რომელიც კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისა და იზოლირებული მოსახლეობის შინაურ ცხოველების მოვლას ითვალისწინებს, დღეის მონაცემებით, კომპანიას კოვიდპაციენტებისგან საერთო ჯამში 42 შინაური ცხოველი ჰყავს ჩაბარებული.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, თუ აღნიშნული ცხოველები ქუჩაში გადიოდნენ, შესაძლოა ღამურებიდან დაინფიცირებულიყვნენ, მისი თქმით, კორონავირუსი ზონოზური ინფექციაა, რომელიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის, ხოლო ვირუსის ადამიანიდან ცხოველზე გადასვლა მხოლოდ გამოკვლევის შედეგად უნდა დადგინდეს.

„არ ვიცი, ეს ცხოველები რამდენად სახლში იყვნენ და გარეთ არ გადიოდნენ, რადგან კორონავირუსი ღამურებს აქვთ, შესაძლოა ვირუსი სხვა ცხოველებსაც ჰქონდეთ, ღამურები სისიხლისმწოველები არიან და ამიტომ შესაძლოა ძაღლისთვის ეკბინა, ან ინფექცია სხვა გზით გადასულიყო, ამიტომ ამაზე ძნელია საუბარი.

„მაგრამ კორონავირუსი რომ ზონოზური ინფექციაა, ეს ფაქტია, ამას ყველა ვიძახით რომ ღამურებიდან გადავიდა და მათგან დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ვირუსი ადამიანიდან ძაღლზე რამდენად გადადის ეს მხოლოდ ექსპერიმენტის დონეზე უნდა გადაწყდეს.

„თუ ცხოველებში ვირუსის მტარებლობაზე ჭვი შეგვეპარა, ეს სწორი არაა, თუ დაემართა დაემართა, შეიძლება უსიმპტომოდ მიდიოდეს, მაგრამ დაავადება მაინც ვითარდება, როგორც ადამიანებში, რამდენი ადამიანი იყო, რომ სიმპტომები არ ჰქონდა, მაგრამ კოვიდ ინფექცია აღმოაჩნდა, ამიტომ ის საუბარი, რომ ცხოველებს დროებით აქვთ, ატარებს და სხვას გადასდებს, ეს არ მგონი სწორი იყოს"- განაცხადა ხმალაძემ.

ძაღლებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, კომპანიას ივლისის ბოლომდე უნდა ეპატრონა თუმცა, მას შემდეგ რაც ცხოველების კორონავირუსის ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა, იზოლირების ვადა გაუხანგრძლივეს.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის არცერთ თანამშრომელს, რომლებიც აღნიშნულ ცხოველებს უვლიდნენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეჰქმიათ.

რაც შეეხება ჩინეთს, აქ მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ცხოველები ადამიანზე კორონავირუსის გადამტანები არიან, ზუსტად ამიტომ უმეტესობამ შინაური ცხოველი მიატოვა, ან სახლიდან გააგდო.

ამასთან იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, არ არსებობს არცერთი მტკიცენულება იმისა, რომ შინაური ცხოველები კოვიდინფექციის გადამტანები არიან.

აქვე იაპონიის შინაური ცხოველების დამზღვევი კომპანია დასძენს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა თუ ეს ორი ძაღლი ნამდვილად კოვიდინფიცირებულები არიან თუ არა, მათი აზრით, შესაძლოა ვირუსი ინფიცირებული პატრონებისგან ცხოველების პირის ღრუში დროებით მოხვდა, რამაც PCR ტესტებში დადებითი შედეგი აჩვენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×