
ოპოზიცია მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალური დახმარების ახალ პაკეტებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემა მმართველმა გუნდმა წაგების შიშის გამო დაიწყო. ანალიტიკოსთა აზრით კი, იმის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის 60%-ზე მეტი სოციალურად შეჭირვებულია, ამომრჩეველი ამჯერადაც დაპირებებს დასჯერდება და არა ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებულ პროგრამებს.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორინავირუსთან დაკავშირებული სოციალური დახმარების პროგრამის მეორე ეტაპზე ერთჯერად ფულან კომპენსაციას 200 ლარის ოდენობით 17 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ.
ფულად კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც დოკუმენტაცია არასრულად ჰქონდათ წარდგენილი, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს კი ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სოციალური პრობლემების წინაშეა, შესაძლოა, ამ ფაქტმა არჩევნებზე გადამწყვეტი როლი ითამაშოს და ამომრჩეველი მმართველი გუნდის დაპირებებისკენ გადაიხაროს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, ან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევების თანახმად, მოსახელობის უდიდესი ნაწილის 60%-ზე მეტის პრობლემას სოციალური ხასიათის პრობლემები (უმუშევრობა, ეკონომიკური გაჭირვება) წარმოადგენს, მგონია, რომ მოსახლეობა ამჯერად ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ ვინ უფრო მეტ სოციალურ დახმარებას გაუწევს.
„ალბათ ამიტომაც „ქართულმა ოცნებამ" ეს ტაქტიკა აირჩია და შავი პიარის ნაცვლად, (რომ „ნაციონალური მოძრაობა" და სისხლიანი რეჟიმი არ უნდა დაბრუნდეს) მაინც ორიენტაცია სოციალურ დახმარებებზე და სოციალურ პროგრამებების განხორციელებაზე გააკეთა.
„როდესაც საუბარია 17 წლამდე ბავშვების დახმარებაზე, „ქართული ოცნება" იტყვის, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არაა, რადგან ეს ადამიანები არჩევნებზე თავიანთ ხმას ვერანაირად ვერ დააფიქსირებენ, თუმცა ამ ბავშვებს ოჯახები ჰყავთ და ამ კომპენსაციის გაცემით, „ქართული ოცნება" ბავშვების მშობლების გულის მონადირებას ცდილობს. მგონია, რომ, სოციალურ პროგრამებს მაინც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა.
„სოციალური პროგრამების შეთავაზება აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, ამიტომაც აქ კანონით ვერ მოედავები, რომ წინასაარჩევნოა, ამას ახორციელებს ხელისუფლება და არა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება", ამ თანხას, რომ ეს პოლიტიკური პარტია არიგებდეს, მაშინ ვიტყვით, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა.
„თუმცა ეს შესაძლებელია, რომ ამნომრჩევლის ირიბ მოსყიდვადაც ჩაითვალოს, იმიტომ, რომ იგივე 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა ჩათვალა, რომ ხელისუფლების მხრიდან დაპირება, რომ 600 ათასამდე ადამიანს საბანკო კრედიტები გაუნულდებოდა, ირიბი მოსყიდვაა.
„ამ შემთხვევაშიც, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დასკვნები გაკეთდება, შესაძლებელია, რომ დოკუმენტებში „ქართული ოცნების" ეს ქმედება აისახოს."- განაცხადა მან.
მისივე თქმით, ოპოზიციამ „ქართული ოცნების" დაპირებების საპირწონედ დამაჯერებელი ეკონომიკური პროგრამები უნდა წარადგინოს.
„ჩემის აზრით ოპოზიციამ ამის საპირწონედ წინასაარჩევნო კამპანია ეკონომიკურ პროგრამებზე უნდა ააგოს, კერძოდ მან უნდა თქვას, რომ „ქართული ოცნების" მიერ გაცემული კომპენსაცია ერთჯერადი იქნება, მაგრამ კონკრეტული ოპოზიციური პარტია მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს, რომელიც მოსახლეობის შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს.
„ასევე შესაძლებელია ოპოზიციამ წარმოადგინოს პროექტები, რომელშიც საუბარი იქნება გადასახადების დაწევაზე, რომელითაც შესაძლებელია, რომ მეწარმეების გული მოიგონ, ასევე ანაკლიის განვითარების პროექტი, მცირე ჰესების პროგრამა, რომ მაგალითად რა სახის ინვესტიციები შემოვა და რამდენი ადამიანი დასაქმდება.
„გარდა ამისა, ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ კონპენსაციის ეს ერთჯერადი გაცემა, არაფრისმომცემია და სიტყვაზე, უფრო კარგი იქნებოდა, რომ ამაში დახარჯული ფული გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაეხარჯათ, რაც ხელს მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობდა ხელს."- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, „რეზონანსთან" საუბრისას კი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს არჩევანი უფრო დაპირებების სასარგებლოდ გაკეთდება, ვიდრე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროგრამების.
„არჩევანის გაკეთება უფრო დაპირებებზე იქნება, ვიდრე პროგრამებზე, როგორც წესი ჩვენს საზოგადოებაში პროგრამები მაინცდამაინც დიდად არ ფუნქციონირებს, იმიტომ, რომ ამის შესწავლით და ანალიზით თავს არავინ იკლავს, თუმცა, არც სხვაგან, მაგრამ მაინც.
„იმედი მაქვს, რომ არჩევნებში მესამე ძალაც იქნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ არჩევანი ორ ძალას შორის „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის იქნება.
„ამის საპირწონედ ოპოზიციას ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს, პირველი ესაა მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინირება მოახდინოს და ჩამოყალიბდეს, მაგალითად, ვიტყვი, რომ დიდუბეში და საბურთალოზე მაჟორიტარ კანდიდატი არც ნაცმოძრაობას ჰყავს და არც ევროპულ საქართველოს, მაგრამ არსებობს კანდიდატი - ესაა ანა დოლიძე.
„თუ დოლიძე როგორც ნეიტრალური ფიგურა მათთვის მისაღებია, კანდიდატები კი არ დააყენონ, მხარი მას დაუჭირონ, ამ ტიპის კოორდინირებაზეა საუბარი, იგივე საბურთალოზე ელისაშვილი, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს, ოპოზიციის ტაქტიკა ის უნდა იყოს, რომ „ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარები წააგოს, მაგრამ არა იმ ფასად, რომ „ნაციონალებმა" ან „ევროპულ საქართველომ" მოიგოს.
„მეორე მნიშვნელოვანი მომეტი კი ჩრდილოვანი კაბინეტის გამოქვეყნებაა, მაგრამ ეს ძალიან თეორიული და უტოპიური ვარიანტია იმიტომ, რომ წარსული შეცდომებიდან, ამ დონემდე ვერ მივლენ.
"თუ ამ შემთხვევაში ისევ და ისევ, „ნაციონალურ მოძრაობაზე" და სააკაშვილზე იქნება საუბარი, (რეალურად ასეც იქნება და სჯობია გახსნილი კარტით ითამაშონ), ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის შანსი მინიმალურზე მინიმალურია."-განაცხადა ძაბირაძემ.